საქართველოს ქვიშის რაგბის კაცთა ნაკრებმა ევროპირველობაზე ვერცხლის მედლები მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს ქვიშის რაგბის კაცთა ნაკრები ზედიზედ მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, მაგრამ გადამწყვეტი მატჩი ვერც ამჯერად მოიგო და შინ ვერცხლის მედლებით ბრუნდება.

ტურნირი წელსაც მოსკოვში გაიმართა. 27 ივლისს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართა და სადებიუტო მატჩში ლატვიამ 5:3 იმარჯვა, მერე მოლდოვა 9:2 დავამარცხეთ, დღის დასკვნითი თამაში კი იტალიასთან 2:5 დავთმეთ.

რეგლამენტის თანახმად, პირველი დღე საკვალიფიკაციო იყო და მეორე დღეს რვავე მონაწილე გუნდი პლეი-ოფში ჩაერთო. 1/4-ფინალში კაცთა ნაკრები ხორვატებს შეხვდა და 6:4 მოგებით თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ნაცნობი იტალია ელოდა. ამჯერად ჩვენმა
გუნდმა უფრო მობილიზებულად ითამაშა და პირველ ტაიმში 3 ლელო გაიტანა, თუმცა მსაჯმა ერთი იმის გამო გაგვიუქმა, რომ ბურთიანი მორაგბე ლელოში 2 წამზე მეტხანს გაჩერდა. მეორე ტაიმის დასაწყისში 3:1 მაინც დავწინაურდით, იტალიელებმა მოახერხეს გარდატეხის შეტანა და გაწითლებულ დროზე ანგარიში 4:4 იყო, თუმცა ქართველებმა ბოლო შეტევა ლელოთი დაასრულეს და დაძაბულ მატჩში 5:4 იმარჯვეს.

ფინალში მასპინძელ რუსეთს შევხვდით, რომელიც 3 ლელოთი მალევე დაწინაურდა, თუმცა შესვენებამდე სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა მოვახერხეთ. ორი ლელო მეორე ტაიმშიც გავიტანეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, მასპინძლებმა 7:4 მოიგეს და საქართველო, 2018 წლის მსგავსად, ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

ჩვენმა კაცთა ნაკრებმა მოსკოვში ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

გიორგი შკინინი, იოანე ხელაია, თორნიკე მანაგაძე, ირაკლი გეგენავა, გიორგი ნათელაშვილი, დავით ჩიტიძე, დაჩი კოპაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ნიკა სუხაშვილი, თორნიკე კიკნაძე, ვანო ბერიკაშვილი, ჯაბა კიკვაძე.

მწვრთნელი: გიორგი ქოპილაშვილი

Sportall.Ge

პირველ დღეს ორი თამაში დათმო და ერთი მოიგო ქალთა ქვიშის რაგბის ნაკრებმაც - ლატვიასთან 2:8, იტალიასთან 1:9 და ბელორუსთან 5:2.

მეორე დღეს, თასის 1/4-ფინალში ესპანეთს ორჯერ ვუგებდით, თუმცა საბოლოოდ მეტოქემ 4:2 იმარჯვა. მე-5 ადგილის ნახევარფინალში გოგონები 2:0 უგებდნენ ხორვატიას, მერე მდევრის როლში აღმოჩნდნენ, თუმცა გაწითლებულ დროზე ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ - 4:4. სამწუხაროდ, დამატებით დროში ოქროს ლელო ხორვატებმა გაიტანეს და საქართველოს მე-7 ადგილისთვის მოუწია თამაში, სადაც ბელორუსთან 5:0 დავწინაურდით, საბოლოოდ კი 5:4 გავიმარჯვეთ.

ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: სალომე მაკასარაშვილი, ნიკოლ გალუზინსკაია, მარიამ გოგუაძე, თიკა სიხარულიძე, თეონა ჩიტაიშვილი, რუსუდან რუსიშვილი, ანა რურუა, ანა კაპანაძე, ლიკა ხუფენია, ლიკა პერტაია, მარიამ გუგუჩია, ნათია პატაშური.

მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული