7-კაცას და 7-ქალას ჯგუფები და განრიგი ცნობილია

AutoSharing Option
რაგბი ევროპამ 2021 წლის 7-კაცა და 7-ქალა ტურნირების ჩატარების ვადები და ჯგუფები დაასახელა.

ევროპული რაგბი 7 კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ივნისში, სახეცვლილი სტრუქტურით განახლდება. რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებული 15-კაცა ჩემპიონატების მსგავსად, 7-კაცა რაგბიში უმაღლეს დივიზიონს გრან-პრის ნაცვლად ჩემპიონატი ერქმევა, მეორე დივიზიონს - ალაფა, ხოლო მესამეს - კონფერენსი.

რადგან წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იმართება, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ნაკრებები ევროპის 7-კაცა ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ იღებენ და სავარაუდოდ, დივიზიონებს შორის ასვლა-ჩასვლაც არ იქნება.

საქართველოს 7-კაცა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატში
ითამაშებს და პირველ ტურნირს 5-6 ივნისს, ლისაბონში (პორტუგალია) ჩაატარებს. თამაშები მკაცრი კოვიდ-რეგულაციებით გაიმართება და უმაღლეს დივიზიონში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ჯგუფებში ასე განაწილდნენ:

A ჯგუფი: გერმანია, პორტუგალია, საქართველო, ლიეტუვა;

B ჯგუფი: ესპანეთი, იტალია, რუსეთი, პოლონეთი;

7-კაცა რაგბიში ჩემპიონატის მეორე ეტაპი 26-27 ივლისს რუსეთში გაიმართება და იქ ჯგუფები პირველ, ლისაბონის ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით შედგება.

„ალაფას“ ორ ეტაპს ითამაშებს ჩვენი 7-ქალა ნაკრებიც. ტურნირში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და პირველ ეტაპს 19-20 ივნისს ხორვატია, ზაგრები უმასპინძლებს. ჯგუფებში გუნდები ასე განაწილდნენ:

A ჯგუფი: უკრაინა, შვედეთი, ნორვეგია, თურქეთი, მოლდოვა;

B ჯგუფი: ჩეხეთი, ფინეთი, საქართველო, უნგრეთი, დანია;

7-ქალას „ალაფის“ მეორე ეტაპი უნგრეთში, ბუდაპეშტში 9-10 ივლისს გაიმართება.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული