რაგბი

სხვადასხვა

ახალი მოედნები 45 ლოკაციაზე

AutoSharing Option
რაგბის კავშირის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის 100-მდე მოედანი მოეწყობა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ‘აია არენაზე’ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასა და მორაგბეებთან შეხვედრისას განაცხადა.

45 ლოკაციაზე სარაგბო მოედნების მოწყობის ინიციატივით საქართველოს მთავრობას რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მიმართა. რაგბის განვითარების გეგმის მოწონების შემდეგ მან აღნიშნა, რომ საუბარია სამი სხვადასხვა ტიპის მოედნის მოწყობაზე:

„რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევის დღიდან, გუნდთან ერთად რაგბის განვითარების გეგმის შემუშავებაზე დავიწყეთ ზრუნვა, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში იყოს სარაგბო
ინფრასტრუქტურა. მოკლე პერიოდში ყველა რეგიონი აღვწერეთ და შევადგინეთ სამი ტიპის მოედნის პროექტი, სხვადასხვა საფარითა და ტრიბუნებით. გეგმა წარვუდგინეთ მთავრობას და მივიღეთ პირობა, რომ მოედნები 45 ლოკაციაზე მოეწყობა“.

„უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 2022 წლიდან, ეტაპობრივად, საქართველოს ყველა რეგიონში ბავშვებს ექნებათ წვდომა სარაგბო ინფრასტრუქტურაზე, რაც კიდევ უფრო მეტი მასშტაბით მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ისეთი თაობების, სპორტსმენების და კაცების აღზრდა, როგორებიც არიან მამუკა გორგოძე, დავით კაჭარავა, გიორგი ნემსაძე, მერაბ კვირიკაშვილი, მერაბ შარიქაძე, დავით ზირაქიშვილი და ბევრი სხვა, რომელთაც ასახელეს საქართველო მსოფლიოს მასშტაბით“.

„ეს არის იმ დიდი საქმის გაგრძელება, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წლების წინ დაიწყო და რამაც მოგვიტანა ის წარმატებები, რითაც მთელი ქვეყანა ამაყობს. სწორედ რაგბის ამ წარმატებებმა და პოპულარობამ გააჩინა მოთხოვნა, რომ ყველა რეგიონში იყოს სარაგბო ინფრასტრუქტურა“.

“აღნიშნული განვითარების გეგმა დაგვეხმარება რაგბის გააზრებაში, როგორც არა მარტო სპორტის, არამედ როგორც ეროვნული იარაღის და ქართული გენისა და ისტორიის ბუნებრივი გამოხატულების. ასევე ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას რეგიონებში, სხვადასხვა ქვეყნებიდან სპორტსმენები შეძლებენ ჩვენს ლამაზ ბუნებაში ჩამოსვლას და გადამზადებას, რაც გამოიწვევს დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას და სხვადასხვა ტურისტული სეგმენტების განვითარებას”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტსმენებს მინიჭებული სიხარულისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა:

„ჩვენს საამაყო მორაგბეებს, ჩვენს საამაყო და ლეგენდარულ სპორტსმენებს, მინდა, დიდი პატივისცემით მოგესალმოთ და მადლობა გითხრათ, როგორც მთავრობის მეთაურმა და როგორც რიგითმა მოქალაქემ იმ დიდი სიამაყისა და სიხარულისთვის, რომელიც თქვენ მოგინიჭებიათ ჩვენთვის, მთელი ერისთვის. რაგბი რომ ჩვენი თამაშია, ეს თქვენ თქვენი მიღწევებით, თქვენი გმირობით დაამტკიცეთ. ის შედეგი, რომელიც თქვენ ამ ძალიან მოკლე პერიოდში დადეთ, ნამდვილად მისასალმებელია“. „ფონდმა „ქართუმ“ და კერძოდ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა,რაგბის განვითარების საქმეში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. სოლიდური ინვესტიციების ჩადება 12 წლის წინ დაიწყო და თითოეული ჩადებული ლარი კონვერტირდა რეალურ, ხელშესახებ შედეგში. ეს არის სწორად განსაზღვრული, დაგეგმილი და განხორციელებული ინვესტიციების შედეგი“.

„ის, რომ დღეს ჩვენი პატარა ქვეყნის, მაგრამ ძალიან ძლიერი და დაუმარცხებელი ქართველი ხალხის რაგბის ნაკრები მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, ეს ნამდვილად საამაყოა. ჩვენი ამბიციაა, მსოფლიო ხუთეულში შევიდეთ და ამას ყველა ერთად გავაკეთებთ – მთავრობა, კერძო სექტორი დარა თქმა უნდა თქვენ. მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ მთავრობისგან, ბიზნესისგან, რათა გავაორმაგოთ მიღწეული შედეგი“.

„განვითარების გეგმა ითვალისწინებს 100-მდე ახალი სპორტული ლოკაციის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა მუნიციპალიტეტში ათეულობით ბაზა აშენდება, რათა ასეულობით, ათასობით გულანთებული ახალგაზრდა ჩავრთოთ ამ სპორტში და ჯანსაღ ცხოვრებას შევუწყოთ ხელი. რაც მთავარია, ჩვენ ვნახეთ, რომ რაგბში განსაკუთრებულად წარმატებულია ქართველი ხალხი. სწორედ აქედან გამომდინარე, თქვენ იმსახურებთ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას და ხელშეწყობას. ჩემი მხრიდან, მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ თქვენ გექნებათ სრული მხარდაჭერა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"აია არენაზე" გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანი "ბორჯღალოსნები" და "ბორჯღალოსანთა" კაპიტანი მერაბ შარიქაძე:

„დასაფასებელი და სასიხარულოა სახელმწიფოს მხრიდან ასეთი თანადგომა და ინტერესი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი საბოლოო ჯამში ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს, არა მხოლოდ სარაგბო კუთხით, არამედ ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის საქმეში“.

rugby.ge

ასევე დაგაინტერესებთ