რაგბი

სხვადასხვა

მაისაშვილი: ბონუსით უნდა მოგვეგო, მაგრამ ბოლო წუთებში სანერვიულო გაგვიხდა

AutoSharing Option
რაგბი ევროპის სუპერთასის მეექვსე ტურში "ენისეის" დამარცხების (27:20) შემდეგ კომენტარები "შავი ლომის" მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთეს.

ლევან მაისაშვილი: "განვლილი მატჩის შემდეგ ანალიზი გავაკეთეთ, მთელი კვირა ნაყოფიერად ვიმუშავეთ და ვფიქრობ, ეს პირველ ტაიმში და მეორე ტაიმის პირველ ნახევარში კარგად გამოჩნდა. მეტოქეს ყველა ასპექტში ვჯობდით, თუმცა დასკვნით წუთებში ცუდად ვითამაშეთ სტატიკურ ფაზებში და წავაგეთ ძალიან ბევრი დერეფანი.

ეს გუნდი შექმნილია იმისთვის, რომ ბევრ გამოუცდელ მორაგბეს მივცეთ შანსი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოსაგებად არ გავდივართ მოედანზე. ეს
იქნება გაკვეთილი იმ მორაგბეებისთვის, ვისაც მსგავს წნეხში აქამდე არ უთამაშია. მათ ნახეს, რომ მეტია გასაკეთებელი და მეტი შრომაა საჭირო. ბონუსით უნდა მოგვეგო, მაგრამ ბოლო წუთებში სანერვიულო გაგვიხდა.

გვაკლია სტაბილურობა, თანმიმდევრულობა, გადაწყვეტილებების სწორად მიღება, თუმცა, გუნდის შენებას დრო ჭირდება. ჩვენი მიზანია გვყავდეს მეტი საერთაშორისო გამოცდილების მქონე მორაგბე და შენების პროცესში ჩავარდნებიც იქნება. ნოემბერში მოთამაშეები 4 კვირის განმავლობაში გაშვებული გვყავდა და ამანაც იმოქმედა თამაშის ხარისხზე. ჩვენ ვხედავთ პრობლემას და მასზე გამუდმებით ვმუშაობთ. მიუხედავად ყველაფრისა დღეს გავიმარჯვეთ და 4 ქულა ავიღეთ. მომდევნო თამაში ისრაელში, "თელავივ ჰითთან" გვაქვს და თუ დაგეგმილი ოთხი ქულა იქაც ავიღეთ, ჩავთვლი, რომ პირველი ეტაპი დამაკმაყოფილებლად გავიარეთ".

მერაბ შარიქაძე: "ვთვლი, რომ მოედანზე ყველა გადწყვეტილება პრაგმატულად მივიღეთ. თამაში კარგად მიგვყავდა და რომ არა სტატიკურ ფაზებში დაშვებული შეცდომები, დარწმუნებული ვარ, ამ თამაშს უფრო დიდი სხვაობით და ბონუსით მოვიგებდით".

rugby.ge