"შავი ლომის", პროფესიული ფრენჩაიზის აუცილებლობა

AutoSharing Option
სუპერთასის დასრულების შემდეგ და ქარის თასზე შავი ლომის თამაშების განახლებამდე, გთავაზობთ სპეციალისტის, რაგბის კავშირის სასწავლო ცენტრის დირექტორის, მსოფლიო რაგბისა და რაგბი ევროპის ტრეინერის, გიორგი ჭუმბურიძის ანალიტიკურ სტატიას, პროფესიული ფრენჩაიზის აუცილებლობის შესახებ:

დასრულდა „რაგბი ევროპის“ სუპერთასის პირველი გათამაშება. ჩვენდა სასიხარულოდ ამ ტურნირის პირველი გამარჯვებული ქართული ფრენჩაიზი, „შავი ლომი“ გახდა. ამ გამარჯვებით ნაწილობრივ მაინც გაეცა პასუხი იმ მრავალრიცხოვან შეკითხვებს, რომლებიც რაგბის გულშემატკივართა და სპეციალისტთა მხრიდან ისმოდა, კერძოდ: რამდენად გამართლებული იყო შიდა ჩემპიონატიდან საუკეთესო მოთამაშეების გამოკლება?; ჯობდა თუ არა იმ თანხების კლუბებისათვის განაწილება,
რომელიც „შავი ლომის“ შექმნისა და ფუნქციონირებისათვის დაიხარჯა?; რამდენად შეეფერება იმ შეჯიბრებების სპორტული დონე, რომლებშიაც „შავი ლომი“ იღებს მონაწილეობას, ქართული რაგბის მიზნებსა და საჭიროებებს? და ა.შ.

აქ ვეცდები დავასაბუთო რატომ ვთვლი, რომ ფრენჩაიზის შექმნა ქართული რაგბის განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მე თავიდანვე ამ იდეის მომხრე ვიყავი და ამიტომ ჩემი მოსაზრებები რა თქმა უნდა სუბიექტური იქნება.

ადამიანური და მატერიალური რესურსის ოპტიმიზაცია

ჩვენი ამბიციებიდან გამომდინარე, მსოფლიო სარაგბო ელიტაში ადგილის დასამკვიდრებლად, ისეთ ქვეყნებთან მოგვიწევს პაექრობა, რომლებსაც გაცილებით მეტი ადამიანური და მატერიალური რესურსი გააჩნიათ ვიდრე ჩვენ. მიუხედავად ამისა მხოლოდ 2 ქვეყანა, ინგლისი და საფრანგეთი ახერხებენ სრულფასოვანი პროფესიული ლიგების ყოლას. დანარჩენები, მათ შორის ისეთი გრანდები, როგორიც ახალი ზელანდია, არგენტინა, ირლანდია, შოტლანდია, უელსი და ა.შ., 2-3 მაქსიმუმ 5 პროფესიულ კლუბზე აკეთებენ აქცენტს, რომლებიც უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირებში იღებენ მონაწილეობას და ამის ხარჯზე ახერხებენ შესაბამისი საშემსრულებლო დონის სტაბილურად შენარჩუნებას.

დღევანდელი მაღალი დონის პროფესიული სარაგბო კლუბი რთული და ძვირად ღირებული ორგანიზაციაა, რომელშიც უმაღლესი დონის პროფესიონალები მუშაობენ, როგორც უშუალოდ სპორტული, ისე სამედიცინო, მარკეტინგული, საზოგადოებასთან ურთიერთობის და ა.შ. მიმართულებებით. ასეთ კლუბებთან თანაბარი მეტოქეობა, თუნდაც ძალზე გულანთებული მოყვარულებითა და დილეტანტებით, სრულიად წარმოუდგენელი და წინასწარ მარცხისათვის განწირული წამოწყებაა. აქედან გამომდინარე, ერთად ერთ სწორ გადაწყვეტილებად არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსების კონცენტრირება და მათი საქმიანობის წინასწარ მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნების მიღწევისათვის წარმართვაა.

ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს შექმნა

უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი შიდა ჩემპიონატი მაღალი დონის მოთამაშეების მწვავე დეფიციტს განიცდის. ამის მიზეზების დეტალური ანალიზი შორს წაგვიყვანს და ეს მომავალში აუცილებლად უნდა გახდეს ცალკე კვლევის საგანი, მაგრამ ერთი რაც თვალში საცემი და უეჭველია, არის კონკურენციის დაბალი დონე, ხშირ შემთხვევაში კი მისი საერთოდ არ არსებობა. დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 1800 ზრდასრული მამაკაცი მორაგბეა (შედარებისთვის: იტალიაში დაახლ. 16000, შოტლანდიაში 12000, უელსში 23000, ირლანდიაში 26000, ახალ ზელანდიაში 28000), რომლებიც 44 გუნდში არიან გადანაწილებულნი – დაახლ. 40 მორაგბე ერთ გუნდში. იგივე შეფარდება მოწინავე სარაგბო ქვეყნებისთვის თითქმის 2-ჯერ მეტია (70-80 მორაგბე 1 კლუბზე).

რა თქმა უნდა ასეთ პირობებში არავითარ კონკურენციაზე არ შეიძლება ლაპარაკი. საშუალო ან თუნდაც დაბალი კლასის მოთამაშეები სერიოზული პრობლემების გარეშე პოულობენ ადგილს დიდი 10-ის კლუბებშიც კი (აღარაფერს ვამბობ პირველ და რეგიონულ ლიგებზე). მათ თითქმის არავითარი მოტივაცია არ გააჩნიათ სერიოზული ძალისხმევა გასწიონ საკუთარი ოსტატობის დასახვეწად, რადგან საშუალო დონის მომზადებითაც კი იოლად ხვდებიან შემადგენლობაში და იღებენ თუნდაც მცირე, მაგრამ სტაბილურ ანაზღაურებას.

„შავი ლომის“ შექმნამ გააფართოვა ის ასპარეზი, სადაც ახალგაზრდა, ან თუნდაც გამოცდილ მოთამაშეებს თავიანთი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა და ჯანსაღ პროფესიულ კონკურენციაში ჩაბმა შეეძლებათ. ფრენჩაიზი არის ერთგვარი მიზანი, რომელიც ეჭვგარეშეა ბევრი მორაგბისათვის გახდება როგორც შინაგანი, ისე გარე მოტივაციის ძალზედ სერიოზული წყარო.

რაც შეეხება შიდა ჩემპიონატიდან საუკეთესო მოთამაშეების გადინებას, ამ კითხვაზე რამდენიმე პასუხი არსებობს: ჯერ ერთი ძლიერი მოთამაშეების გადინება მოწინავე უცხოურ გუნდებში დღეს არ დაწყებულა და იმედია მომავალშიც გაგრძელდება, ხოლო „შავი ლომი“ ჩემის აზრით გარკვეული ბარიერის ფუნქციას ასრულებს ნიჭიერი მოთამაშეების მეორეხარისხოვან კლუბებში წასვლაზე, რაც ფაქტიურად მათი ოსტატობის ზრდის შეჩერებას და საბოლოო ჯამში ჩვენი რაგბისათვის მათ დაკარგვას ნიშნავს. მეორე, როგორც ჩემთვის ცნობილია, კლუბები მნიშვნელოვან კომპენსაციას იღებენ „შავი ლომში“ წასული მოთამაშეებისათვის და ეს თანხები მათ მომავალი თაობის აღზრდაზე შეუძლიათ მიმართონ. თანაც, ფრენჩაიზის მორაგბეები მთლიანად არ სწყდებიან მშობლიურ კლუბს და უფლება აქვთ სეზონის გარკვეულ მონაკვეთებში დაეხმარონ მას. და ბოლოს, გუნდიდან გამოცდილი მოთამაშის წასვლა ახალგაზრდა, ამბიციური სპორტსმენისთვის საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის შანსია. ეს ჯანსაღი პროცესია, რომლის ნათელ მაგალითსაც ბორჯღალოსნებში წარმატებით მიმდინარე თაობათა ცვლის პროცესი წარმოადგენს.

პროფესიული საკლუბო სისტემის ჩამოყალიბება

„შავი ლომი“ პირველი და ამიტომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია სერიოზული, პროფესიული საკლუბო სისტემის ჩამოყალიბების გზაზე. იგი თვალსაჩინო, მისაბაძ მაგალითად უნდა იქცეს ყველა კლუბისათვის, ვისაც რეალურდ სურს პროფესიულ რელსებზე გადასვლა და არა პროფესიონალიზმის სუროგატებით სარგებლობა. ფრენჩაიზის მაგალითზე ყველამ უნდა დაინახოს თუ რამდენად სერიოზული პროცესია პროფესიული კლუბის ფუნქციონირება. რა და რა გზებით ახერხებს იგი აუცილებელი მატერიალური რესურსების მოძიებას, როგორია იურიდიულად გამართული, ორმხრივ ვალდებულებებზე დაფუძნებული შრომითი ხელშეკრულებები მოთამაშეებთან, მწვრთნელთა სტაფთან, ტექნიკურ და სამედიცინო პერსონალთან, რაც საბოლოო ჯამში მოთამაშეთა შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზაციას, მათი ჯანმრთელობის უზრუნველყოფას, სოციალურ დაცვასა და სხვა უმნიშვნელოვანეს, სასიცოცხლო საკითხების მოგვარებას ემსახურება. როგორია კლუბის განვითარების სტრატეგიული გეგმა, როგორ ხდება მატერიალური და ადამიანური რესურსების სწორი მართვა და ა.შ. ყოველივე ამან ხელი უნდა შეუწყოს ქართული კლუბების ხელმძღვანელობაში მოტივირებული პროფესიონალების მოსვლას.

თამაშის განვითარება

სატურნირო სპეციფიკიდან გამომდინარე „შავ ლომს“, საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბებთან შედარებით, გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს უშუალო შეხება ჰქონდეს თანამედროვე ტექნიკურ და ტაქტიკურ სიახლეებთან. იგი ერთგვარი ხიდი უნდა გახდეს მოწინავე საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში გადმოტანასა და დანერგვაში. მომავალში „შავ ლომს“ მე ვხედავ, როგორც სარაგბო პროცესში ჩართული სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტთა სტაჟირებისა და მოწინავე გამოცდილების გაზიარების ადგილს, რაც ჩვენს ქვეყანაში რაგბის განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

განვლილმა ტურნირმა ნათლად დაგვანახა, როგორც ქართული სამწვრთნელო სტაფისა და ქართველი მორაგბეების დიდი პოტენციალი, ასევე ის სუსტი ადგილები, რომლებიც ჯერ კიდევ საკმაოდაა ჩვენი გუნდის თამაშში. „შავმა ლომმა“ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ისეთი დონის სათამაშო ეპიზოდების ჩვენება, რომლებსაც მსოფლიოს ნებისმიერი გუნდი მოაწერდა ხელს. ახლა მთავარია ეს ეპიზოდები სტაბილურ სათამაშო ხელწერად გადაიქცეს. ამის მიღწევის ერთად ერთი გზა კი ისევ და ისევ ძლიერ საერთაშორისო ტურნირებში რეგულარული მონაწილეობაა.

ხშირად ისმის აზრი, რომ რაგბი ევროპის „სუპერ თასი“ და „ქარის თასის“ ის დივიზიონი, სადაც „შავი ლომი“ გამოდის, არ არის მაღალი დონის ტურნირები და ამდენად, მათში მონაწილეობა ვერ უზრუნველყოფს გუნდისა და საბოლოო ჯამში ქართული რაგბის პროგრესს. აქედან გამომდინარე სკეპტიკოსები თვლიან, რომ უმჯობესი იქნებოდა ფრენჩაიზის ბიუჯეტის შიდა ჩემპიონატში მონაწილე კლუბებისთვის განაწილება. ამის საპასუხოდ უნდა ითქვას, რომ ჯერ ერთი ზემოთ აღნიშნული ტურნირების დონე გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე „დიდი 10“-ისა და მეორეც, ვეჭვობ, რომ ეს დანამატიც იმ თანხების ბედს გაიზიარებდა, რომლებიც ამჟამად ეძლევათ კლუბებს და რომელთა უკუგებაც თამაშის განვითარების თვალსაზრისით, უკიდურესად დაბალია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აღნიშნული თანხების მინიმუმ 90-95 % მოთამაშეთა და სტაფის ხელფასებს ხმარდება და კლუბის ნორმალური განვითარებისთვის პრაქტიკულად აღარაფერი რჩება.

ბოლოს მინდა კიდევ ერთ საკითხს შევეხო. ჩემის აზრით „სუპერ თასის“ დონე დღეისათვის სრულიად მისაღებია ჩვენი ფრენჩაიზისთვის, მაგრამ ჩვენი გაცხადებული მიზანი გაცილებით უფრო ამბიციურია. ამიტომ სრკ-ს, საკუთრივ „შავი ლომის“ სათამაშო კლასის ამაღლებასთან ერთად, კიდევ ორი მიმართულებით მართებს მაქსიმალური ძალისხმევა: არსებული ტურნირის შემდგომი გაძლიერება (მონაწილე გუნდების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდა) და მისი შესაძლო გადაქცევა ევროპის უძლიერესი პროფესიული ტურნირების შესარჩევ ეტაპად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაგბის კავშირმა ახლავე უნდა დაიწყოს ზრუნვა იმაზე, რომ „შავი ლომი“ არ „გაიჭედოს“ ამ ტურნირში, რომელიც ობიექტური მიზეზების გამო ვერასოდეს ვერ ჩაანაცვლებს ვერც „ჩემპიონთა თასს“ და ვერც „ჩელენჯ თასს“. რა თქმა უნდა ეს საკითხები სცილდება მხოლოდ სრკ-ს კომპეტენციას, მაგრამ ევროპულ და მსოფლიო რაგბიში ჩვენი ახლანდელი მდგომარეობისა და გავლენის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენებით შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ აღნიშნული საკითხების ჩვენი ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტაში. წინააღმდეგ შემთხვევაში „სუპერ თასმა“ შესაძლოა სწრაფად დაკარგოს მიმზიდველობა და განვითარების ნაცვლად ჯერ სტაგნაციის, ხოლო შემდეგ უკუსვლისა და თანხების არაეფექტური ფლანგვის მიზეზი გახდეს.

გიორგი ჭუმბურიძე

rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბატონ გიორგის,მხოლოდ ერთი რამის აღნიშვნა დაავიწყდა.რომ ფრანჩაიზი საქართველოში ახალი ხილია და შეცდომა ნაკლოვანებები, აუცილებლად გვექნება.საქმე თვითონ გვიჩვენებს და გამოავლენს ნაკლოვანებებს.მერე კი,მათ სწრაფი გამოსწორებაზე გაგრძელდება მუშაობა.იტალიას სამი ასეთი ფრანჩაიზი ჰყავს,რომლებიც გაცილებით ძლიერ ტურნირებში გამოდიან და მათი ნაკრებიც, ექვის ერის ტურნირში მონაწილეობს.ჩვენთან კი,ზოგიერთს ამ ერთი გუნდის შენახვაზეც არ ემეტება სახსრები და თან,იტალიასთან უცილობელ გამარჯვებას მოითხოვს.რაგბის ნებისმიერი ქართველი სპეციალისტის აზრის საწინააღმდეგოდ.არ დავიწყებ მტკიცებას,რაგბი მაგრად ვიცი მეთქი...მართლაც არ ვიცი,მაგრამ მაგრად ნამდვილად მიყვარს.დანარჩენს კი,ლოგიკა გკვკარნახობს.
სოსო
13:54 21-05-2022
0
სუპერთასი კიდე ხო, არაა ნამდვილად ცუდი ტურნირი. იბერიანსი, თელ ავივი და განსაკუთრებით ლუზიტანუში ძალიან შორს არ არიან ჩვენგან და სასპარინგოდ კარგი პარტნიორები არიან, მაგრამ ქარი ქაფზე თამაში სასაცილოც კი აღარაა იმდენად დაბალი დონეა.
დემე
20:42 22-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული