საქართველოს 7-ქალა - ორი ცვლილებით ფრანგულ ტურში

AutoSharing Option
7-კაცა ნაკრებთან ერთად, 26 მაისს, გამთენიისას, საფრანგეთის ქალაქ ტურში 7-ქალა ნაკრებიც მიემართება, რომელიც 28-29-ში ტრადიციულ ტურნირს ითამაშებს.

რაგბი ევროპის „ალაფისთვის“ მზადების პროცესში გოგონებმა გასულ კვირაში „პარიზის ცენტრალი“ ითამაშეს და სამხრეთაფრიკულ "ტუკსს" მხოლოდ გარდასახვებით ჩამორჩნენ (17:21), ბასკურ "ეუსკადისთან" სამი რკენა გამართეს (12:15, 12:19, 12:20), შვეიცარიულ "ლემანს" კი ორჯერ სძლიეს (24:0, 14:12) და ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავეს.

მზადების პროცესში შედეგზე მეტად თამაშის ხარისხია მნიშვნელოვანი და ამ მხრივ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე კმაყოფილი დარჩა:

„გოგონებმა მოლოდინს გადააჭარბეს. ველოდი, რომ თამაშის ხარისხში მეტი
წუნი გვექნებოდა, თუმცა საპირისპირო მოხდა. მათ არც შემართება აკლდათ და ჩვენი სათამაშო სქემაც კარგად ახსოვდათ. დასახვეწი გვაქვს გარკვეული დეტალები, რაშიც მომავალი ტურნირი დაგვეხმარება. რაც მთავარია, გოგონებს გააზრებული აქვთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის მნიშვნელობა და მონდომებულები არიან“.

ტურში 7-ქალას უფრო მაღალი დონის ტურნირი ელის, რომელშიც 13 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის არიან შვედეთის, ოკეანეთის და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ნაკრებები, ასევე - ფრანგული კლუბები.

პარიზის ტურნირის შემდეგ 12-კაციან განაცხადში ორი ცვლილებაა – ანა ხაბულიანისა და მარიამ გოგუაძის ნაცვლად, ტურში თეონა ჩიტაიშვილი და მარიამ ბერანძე მიემგზავრებიან:

„ტურში ვეთამაშებით როგორც ჩვენზე ძლიერ, ასევე ჩვენი დონის გუნდებს და კარგად დავინახავთ, სად ვართ. შემადგენლობაში ორი ცვლილება გვაქვს. ხაბულიანმა და გოგუაძემ პარიზის ტურნირზე კარგად ითამაშეს, მაგრამ რაგბი ევროპის „ალაფაზე“ ორი ეტაპი გვაქვს და გვსურს, გამოცდილება რაც შეიძლება მეტმა მოთამაშემ მიიღოს. გამოცდილმა თეონა ჩიტაიშვილმა ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია დაასრულა და გვსურს მისი საქმეში ხილვა. მარიამ ბერანძე შედარებით ახალბედაა და ტურში გამოცდილებას დააგროვებს, რაც ოფიციალური ტურნირების წინ მნიშვნელოვანია“ – განაცხადა მალაღურაძემ.

ტურის ტურნირზე მიემგზავრებიან

სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (ხობი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), ლიკა პერტაია (დარჩელი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი), სალომე საღარაძე (ხობი), თამარი მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), ანი კაპანაძე (ოზურგეთი), მარიამ ბერანძე (ზუგდიდი), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი).

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები გოგონებო!
Nick
00:17 25-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული