რაგბი

სხვადასხვა

სუპერ თასი 2022 | ახალი სეზონი ბათუმში ქართული დერბით იწყება

AutoSharing Option
რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე გათამაშება 11 სექტემბერს ბათუმში, ქართული დერბით იწყება. თასის მოქმედი გამარჯვებული ‘შავი ლომი’ პირველ ტურში დებიუტანტს, საქართველოს ჩემპიონ ‘ბათუმს’ ეწვევა.

პირველი გათამაშების მსგავსად, ტურნირში ამჯერადაც 8 გუნდი იღებს მონაწილეობას, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში არიან გადანაწილებული. დასავლეთ კონფერენციაში კვლავინდებურად პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’, ესპანური ‘იბერიანსი’, ბელგიური ‘დევილსი’ და ნიდერლანდური ‘დელტა’ ითამაშებენ.

რუსული კლუბების მოკვეთის შემდეგ, აღმოსავლეთ კონფერენციაში მათი ადგილი რუმინულმა ფრენჩაიზმა ‘ვულვზმა’ და საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ დაიკავეს. ამავე ჯგუფში ითამაშებს ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’ და ისრაელის
‘თელავივ ჰითი’.

რაგბი ევროპამ ახალი სეზონის კალენდარი უკვე დაამტკიცა. ტურნირი 10 სექტემბერს დაიწყება და ოქტომბრის ბოლომდე ჯგუფური ეტაპის (6 ტური) შეხვედრები გაიმართება, ნახევარფინალი და ფინალი კი დეკემბერშია ჩანიშნული.

პირველ ტურში, 11 სექტემბერს, 17:30 საათზე ‘შავი ლომი’ ბათუმში ‘ბათუმს’ ეთამაშება; 17 სექტემბერს ‘ბათუმი’ ‘ვულვზს’ ბუქარესტში, „არკულზე“ ეწვევა, ხოლო ‘შავი ლომი’ 18-ში ‘თელავივ ჰითს’ თბილისში დაუხვდება; მესამე ტურში, 25 სექტემბერს, ‘შავი ლომი’ ვულვზსს უმასპინძლებს, ხოლო ‘ბათუმი’ ‘ჰითსს’ მიიღებს.

მეოთხე ტურში, 13 ოქტომბერს ‘შავი ლომი’ თელავივში ‘ჰითს’ ეწვევა, ხოლო ‘ბათუმი’ შინ ‘ვულვზსს’ 15-ში მიიღებს; 22 ოქტომბერს ‘ბათუმი’ ‘ჰითს’, ხოლო 23-ში ‘შავი ლომი’ ‘ვულვზსს’ სტუმრად ეთამაშება; ჯგუფურ ეტაპს ქართული გუნდები 29 ოქტომბერს თბილისში, დერბით ასრულებენ.

შეგახსენებთ, ჯგუფური ეტაპის ორ-ორი საუკეთესო ნახევარფინალში გადის. აღმოსავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანი დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანს მასპინძლობს, ხოლო აღმოსავლეთის მეორეადგილოსანი დასავლეთის პირველადგილოსანს სტუმრად ეთამაშება. თამაშები 3-4 დეკემბერს გაიმართება, ხოლო ფინალი ორ კვირაში (17-18) შედგება.

რაგბი ევროპის სუპერ თასი 2022
ჯგუფური ეტაპი

I ტური


ბათუმი – შავი ლომი (11 სექტემბერი)

II ტური

ვულვზი – ბათუმი (17 სექტემბერი)

შავი ლომი – ჰითი (18 სექტემბერი)

III ტური

შავი ლომი – ვულვზი (25 სექტემბერი)

ბათუმი – ჰითი (25 სექტემბერი)

IV ტური

ჰითი – შავი ლომი (13 ოქტომბერი)

ბათუმი – ვულვზი (15 ოქტომბერი)

V ტური

ჰითი – ბათუმი (22 ოქტომბერი)

ვულვზი – შავი ლომი (23 ოქტომბერი)

VI ტური

შავი ლომი – ბათუმი (29 ოქტომბერი)

Rugby.ge