რაგბი

სხვადასხვა

სუპერთასი | ფრე "ჰითთან"

AutoSharing Option
რაგბი ევროპის სუპერთასის მეორე ტურში "შავი ლომი" ისრაელის "თელავივ ჰითს" 25:25 დაუზავდა. ეს პირველი თამაშია, რომელიც ქართულმა ფრენჩაიზმა აღნიშნულ ტურნირში ფრედ დაასრულა.

ბათუმში ბონუსით, 29:3 მოგების შემდეგ, მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში 6 მოთამაშე შეცვალეს – სამი ხაზში და სამი შერკინებაში, მარქაფაში კი ასევე სამი დებიუტანტი იყო. ეს იყო თამაში, რომლის მოგება როგორც "შავ ლომს", ასევე "ჰითს" შეეძლო, მაგრამ ორივე გუნდმა იმდენი შეცდომა დაუშვა, საბოლოოდ საყაიმო ანგარიში ლოგიკურად გამოიყურება.

შეცდომებთან ერთად, ხშირი იყო ჯარიმებიც, რის გამოც თამაში ხშირად ჩერდებოდა და ამან თავისი
კვალი ხარისხსაც დაატყო. სამხრეთაფრიკელი და კუნძულელი ლეგიონერებით დაკომპლექტებულ გუნდს კარგად წაუვიდა ფეხით თამაში და ორჯერ 50/22-ის წესით ისარგებლა. ორთაბრძოლებსა და მიწაზე თამაშში "შავმა ლომმა" მეტოქე დაჯაბნა, მაგრამ "ჰითმა" კარგად ისარგებლა მასპინძელთა შეცდომებით და დიდი ხნის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა.

„აია არენაზე“ შეხვედრა თავიდანვე დაბალ ტემპში დაიწყო. მეტოქემ საწყის 10 წუთში ორი ჯარიმა გამოიმუშავა და პირველი გამოიყენა, მეორე კი ძელმა აისხლიტა. საპასუხოდ "შავმა ლომმა" ხელდახელ შეუტია, კარის წინ ჯარიმა გამოიმუშავა და ლუკა მატკავამ წონასწორობა აღადგინა. თავი გამოიჩინა ფულბეკმა მირიან მოდებაძემ, რომელმაც ხელით არაერთხელ წამოიწყო შეტევა და დიდი მანძილი მოიგო.

მე-17 წუთზე პირველი ლელო გავიდა, როდესაც ფორვარდების დარტყმების შემდეგ ბურთი მარჯვენა ფრთაზე ბოლომდე ჩათამაშდა, სადაც აკა ტაბუცაძემ მცველს აჯობა და ოვალი ალამთან დაამიწა. მატკავამ რთული პოზიციიდან გარდასახა. "შავი ლომი" ინიციატივას დაეუფლა და "ჰითი" ზედიზედ რამდენჯერმე დაჯარიმების გამო სინბინით დაისაჯა. კიდევ რამდენიმე ჯარიმის შემდეგ მატკავამ კარის წინიდან გაიტანა და 29-ე წუთზე ანგარიში 13:3 გახდა.

ისე ჩანდა, მასპინძლები უპირატესობას განავრცობდნენ, თუმცა მეტოქემ 30-ე წუთზე 50/22-ის წესით ჩვენს 5-მეტრიანთან დერეფანის მოწოდების უფლება მოიპოვა, მოლით ლელო გაიტანა და გარდასახვით 3 ქულამდე დაიყვანა. საპასუხო, ხელდახელ შეტევის მცდელობისას ბურთი დაიკარგა და სტუმრებმა კონტრშეტევაზე მეორე ლელო გაიტანეს, გარდასახეს და 17:13 დაწინაურდნენ. რადგან შეტევაში თამაში ვერ დალაგდა, ტაიმის მიწურულს მატკავამ 40 მეტრიდან სცადა ჯარიმის გატანა, თუმცა მიზანი ვერ გაისწორა.

50-ე წუთზე "ჰითმა" ხაზზე გაიტანა ბურთი, ოფლოუდებით დაცვა გაიარა და მესამე ლელო გაიტანა. ამჯერად გარდასახვა არაზუსტი იყო. საპასუხო, ხელდახელ შეტევის შემდეგ, სტუმართა მორაგბე უხეში ბოჭვისთვის სინბინით დაისაჯა. ამას ფორვარდების მიძალების შემდეგ ბურთის ხაზზე გასვლა მოყვა, ლაშა ლომიძე ორ მცველს შორის შევიდა და ლელო სწრაფად გაქვითა. რადგან დრო ცოტა რჩებოდა, მასპინძლებს ნერვიულობა დაეტყოთ და შეცდომები დაუშვეს. დაკარგული ბურთების გარდა, ერთხელ სალელოვე კონტრშეტევაც მივიღეთ, თუმცა მატკავა მეტოქეს ბოლომდე მიყვა მიზნამდე არ მიუშვა.

74-ე წუთზე კარის წინ 25 მეტრში შერკინებაში დავჯარიმდით და "ჰითი" 7 ქულით დაწინაურდა. თამაში რომ განახლდა, ფეხით ორ-ორი გადაკიდების შემდეგ მირიან მოდებაძემ ხელით შეუტია, თორნიკე კახოიძემ კარგად შეუტია და ოფლოუდით მიშა გაჩეჩილაძე მოძებნა, რომელსაც დავით აბდუშელიშვილი მიყვა და თანაგუდელის დახმარებით ორი მბოჭავი გადათელა. გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა და "შავ ლომს" მოსაგებად ბოლო შეტევა დარჩა, მაგრამ ბურთი დაკარგა და ჯარიმა "ჰითმა" მოიპოვა. პოზიცია გასატანი იყო, თუმცა დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა და თამაში 25:25 დასრულდა.

ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ "შავი ლომი" სატურნირო ცხრილში 7 ქულით პირველ ადგილზე რჩება და 25 სექტემბერს, 16 საათზე, რუმინულ "ვულვზს" „აია არენაზე“ მასპინძლობს, რომელიც 5 ქულით მესამე პოზიციაზეა. 6 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა "ჰითი", რომელიც საქართველოში რჩება და 25 სექტემბერს 15, საათზე, ბათუმში "ბათუმს" ეთამაშება.

რაგბი ევროპის სუპერთასი. ჯგუფური ეტაპი. II ტური
18 სექტემბერი. ქუთაისი. „აია არენა“.
შავი ლომი (საქართველო) – ჰითი (ისრაელი) 25:25
შავი ლომი

ხაზი:
15. მირიან მოდებაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა ხატიაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე (კაპ.), 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გიორგი კერვალიშვილი, 20. პაატა გალდავა; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. დემე თაფლაძე.

3 ლელო: ტაბუცაძე, ლომიძე, აბდუშელიშვილი

2 გარდასახვა: მატკავა, გ. ბაბუნაშვილი

2 ჯარიმა: მატკავა

Rugby.ge

ტეგები: