რაგბი

სხვადასხვა

სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში

AutoSharing Option
"შავმა ლომმა" რაგბი ევროპის სუპერთასის ქართულ დერბიში "ბათუმი" 37:0 დაამარცხა და აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილი დაიკავა.

ნახევარფინალში ქართული ფრენჩაიზი დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანს, ესპანურ "იბერიანსს" 3-4 დეკემბერს უმასპინძლებს. დასავლეთში პირველი ადგილი პორტუგალიურმა "ლუზიტანუშმა" დაიკავა და ის ისრაელის "ჰითს" მიიღებს. "ბათუმმა" ტურნირზე ორი თამაში მოიგო და თუ ხვალ რუმინული "ვულვზი" ისრაელში ვერ მოიგებს, ჯგუფში მესამე ადგილზე დარჩება.

"ავჭალაზე" გამართულ მატჩში "შავი ლომი" დომინირებდა და მეტოქეს ტაიმებში 3-3 ლელო გაუტანა. საქართველოს ჩემპიონს პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეს დასაწყისში ჰქონდა რამდენიმე მწვავე შეტევა, მაგრამ
დასკვნით ფაზებში მასპინძლებმა ყურადღებით ითამაშეს და ზღვისპირელებს ქულის აღების შესაძლებლობა არ მისცეს.

თამაში "შავი ლომის" იერიშებით დაიწყო, თუმცა "ბათუმმა" შეძლო ლელოს დაცვა. ამიტომ ლუკა მატკავამ ჯარიმის კარში დარტყმის გადაწყვეტილება მიიღო და მერვე წუთზე გასატანი პოზიციიდან ანგარიში გახსნა. ბათუმელებს მალევე შეეძლოთ პასუხის გაცემა, მაგრამ 40 მეტრიდან შესრულებული ჯარიმა ძელს ოდნავ ასცდა. "შავმა ლომმა" ჯარიმის დარტყმაზე უარი თქვა, დერეფნიდან მოლი დააყენა, საიდანაც მოულოდნელად თენგიზ პერანიძემ შეუტია და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა.

22-ე წუთზე თითქმის კარის წინ დანიშნული შერკინებიდან პერანიძემ გაიტანა ბურთი, მცველი აიყვანა და ინტერვალში ლაშა ხმალაძე შეიყვანა, რის შემდეგაც ანგარიში 13:0 გახდა. 29-ე წუთზე "შავი ლომის" მოლმა 5 მეტრი დაფარა და მიშო გაჩეჩილაძემ გუნდის მესამე და თავისი პირველი ლელო გაიტანა. მატკავას სამივე გარდასახვა გაუცუდდა. ტაიმის ბოლოს "ბათუმმა" შეძლო მეტოქის 22-ში ფეხის მოკიდება, მაგრამ ქულა ვერ აიღო და ტაიმი 18:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ბათუმელებმა ორჯერ გაჭრეს ხაზი, თუმცა უშედეგოდ. "შავმა ლომმა" სწრაფად დაიბრუნა ინიციატივა, 48-ე წუთზე ხმალაძემ გაჭრა ხაზი და გაჩეჩილაძემ დუბლი შეასრულა, მატკავამ კი გარდასახა. შეხვედრა ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა, თუმცა ანგარიში მხოლოდ დასკვნით წუთებში შეიცვალა და კვლავ "შავმა ლომმა" იხეირა. 73-ე წუთზე მათ მეტოქის 22-ში გაშალეს შეტევა და გიორგი ჭყოიძის პასით ლაშა ლომიძემ იხეირა, 78-ე წუთზე კი მოლი ჭყოიძის ლელოთი დასრულდა და "შავმა ლომმა" 37:0 გაიმარჯვა.

რაგბი ევროპის სუპერთასი. ჯგუფური ეტაპი. VI ტური
29 ოქტომბერი. თბილისი. „ავჭალა“
შავი ლომი (საქართველო) – ბათუმი (საქართველო) 37:0

შავი ლომი
ხაზი:
15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. თორნიკე აქუბარდია, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. სანდრო თოდუა.

Rugby.ge