"გლოსტერი" – კლუბი 1.5-საუკუნოვანი ისტორიით

AutoSharing Option
ინგლისური "გლოსტერი", რომელიც ჩელენჯ თასის სადებიუტო, ისტორიულ მატჩში "შავ ლომს" "მიხეილ მესხზე" 9 დეკემბერს დაუპირისპირდება, უკვე თბილისშია!

"გლოსტერი’"150 წლის ისტორიის მქონე კლუბია. ის 1873 წელს ქალაქ გლოსტერში დაარსდა, 1891 წელს კი 4 ათას ფუნტ სტერლინგად მიწის ნაკვეთი შეიძინა კინგსჰოლმში, სადაც საშინაო შეხვედრებს დღემდე მართავს. სტადიონი 16 ათას მაყურებელს იტევს და 2015 წელს მან მსოფლიო თასის ოთხ შეხვედრას უმასპინძლა, მათ შორის, ორს "ბორჯღალოსნების" მონაწილეობით – ტონგასთან და არგენტინასთან. საქართველომ იმავე წელს "კინგსჰოლმ სთედიუმზე" გამართა გასახურებელი თამაში იაპონიასთან.

"გლოსტერი" პროფესიულ რელსებზე 1997
წლიდან გადავიდა. არსებობის ისტორიაში მან 5-ჯერ მოიგო ანგლო-უელსის თასი (1972, 1978, 1982, 2003, 2011) და ინგლისის პრემიერშიფში 4-ჯერ დაიკავა მეორე ადგილი (1989, 1990, 2003, 2007). ის პირველივე წლიდან თამაშობს ევროპის საკლუბო ტურნირებში (ჩემპიონთა და ჩელენჯ თასი) და ორჯერ გახდა ჩელენჯ თასის მფლობელი (2006 და 2015), ორჯერ კი ფინალში დამარცხდა (2017 და 2018).

ამ კლუბში მოთამაშე მორაგბეებიდან 2023 წლის მსოფლიო თასზე ინგლისის ნაკრების ღირსებას იცავდნენ: ჯონი მეი, უელსის ლუის რის-ზამიტი, ფიჯის ალბერტ ტუისუე, შოტლანდიის კრის ჰარისი, იტალიის სტეფან ვერნი და არგენტინის მატიას ალემანო, სანტიაგო კარერასი და მეიკო ვივასი.

2,5 წლის განმავლობაში თამაშობდა "გლოსტერში" "ბორჯღალოსანთა" ცენტრი გიორგი კვესელაძე, რომელმაც ინგლისური კლუბი ზაფხულში დატოვა, "შავ ლომს" შეუერთდა და თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯორჯ სკივინგტონმა თბილისში 27 მორაგბე ჩამოიყვანა. მან გუნდის ვარსკვლავების უმრავლესობას დასვენების შესაძლებლობა მისცა. თბილისშია და სავარაუდოდ, "მიხეილ მესხზე" ვიხილავთ 33 წლის ჯონი მეის, რომელსაც ინგლისის კვართით 78 კეპი და 185 ქულა აქვს მოხვეჭილი.

„ჩვენი მოთამაშეების დიდმა ნაწილმა ამ სეზონზე უკვე ბევრი ითამაშა, წინ კი კიდევ 21 შეხვედრაა. ამიტომ, გარკვეულ ეტაპზე დასვენება ყველას დაჭირდება. მათ პოზიციაზე გვყავს მოთამაშეები, რომლებთაც საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება სწყურიათ“ – ამბობს სკივინგტონი.

ინგლისის პრემიერშიფის მიმდინარე სეზონში "გლოსტერმა" 8-იდან მხოლოდ ორი თამაში მოიგო და 12 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.

გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო და ჯერ პრემიერშიფის თასზე მიჯრით ხუთი თამაში მოიგო, მერე კი ჩემპიონატის სტარტზე "ჰარლიქუინსს" და "ნიუკასლს" სძლია, რის შემდეგაც ზედიზედ ექვსი შეხვედრა დათმო. თბილისში წამოსვლამდე "გლოსტერს" ბოლო მატჩი 2 დეკემბერს "ბრისტოლთან’"ჰქონდა და 26:51 დამარცხდა.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული