სუპერთასი | ზედიზედ მეორედ ფინალში "ჰითთან"

AutoSharing Option
"შავი ლომი" 22 დეკემბერს რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში ისრაელის "თელ-ავივ ჰითს" ერკინება და ტიტულის ზედიზედ მესამედ მოპოვებას ეცდება.

რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, თამაში თბილისში, "ავჭალაზე" 15 საათზე დაიწყება.

"შავმა ლომმა" სუპერთასის პირველ ფინალში პორტუგალიური "ლუზიტანუში" სტუმრად 17:14 დაამარცხა, შარშან დეკემბერში კი "ჰითს" თბილისში 29:17 მოუგო და თასი ზედიზედ მეორედ შემართა.

მეშვიდედ "ჰითთან"


სუპერთასზე "შავი ლომი" ყველაზე მეტჯერ – 6-ჯერ "ჰითს" შეხვედრია. პირველ გათამაშებაში თელ-ავიველებს ორივე შეხვედრა ბონუსით მოვუგეთ – თბილისში 33:10 და ფეთაჰ თიქვაში 52:28.

2022 წელს ისრაელის გუნდს ჯგუფურ ეტაპზე
ვერც ერთხელ ვერ ვაჯობეთ. თბილისში თამაში ფრედ 25:25 დასრულდა, თელ-ავივში კი მასპინძლებმა 24:18 მოიგეს. ორიოდე თვეში "ჰითს" უკვე სუპერთასის მეორე გათამაშების ფინალში შევხვდით და "ავჭალაზე" 29:17 დავამარცხეთ.

წლევანდელ გათამაშებაში, რომელიც განსხვავებული ფორმატით ჩატარდა, "ჰითთან" ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულს ვარკვევდით. მეტოქემ კვიპროსში, ლიმასოლში გვიმასპინძლა. "შავმა ლომმა" პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა და 23:6 დაწინაურდა. შესვენების შემდეგ მეტოქე გააქტიურდა და ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც ქართულ გუნდს დარჩა – 29:27.

ნახევარფინალში "შავმა ლომმა" ესპანური "იბერიანსი" 41:0, ხოლო "ჰითმა" რუმინული "ვულვზი" 31:6 დაამარცხა.

ამის შემდეგ "შავი ლომი" ისტორიულ, ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩაერთო და სადებიუტო მატჩში ინგლისურ გრანდ "გლოსტერთან" ნუგეშ-ქულას დასჯერდა (10:15), გასულ კვირაში კი უელსური "სქარლეთსი" 23:7 დაამარცხა და პირველი გამარჯვება იზეიმა.

4 ცვლილებით "ჰითთან"

უელსიდან დაბრუნებულ "შავ ლომს" საზეიმოდ არ ეცალა, რადგან წინ წლის დასკვნითი მატჩია – სუპერთასის ფინალი, სადაც ჩვენი გუნდი ზედიზედ მესამედ ეცდება ტიტულის მოგებას.

გასულ პარასკევს "სქარლეთსთან" გამარჯვების შემდეგ, გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილებაა – ორი ხაზში და ორიც შერკინებაში.

ტრავმა მოიშუშა, მოედანს უბრუნდება და ცენტრში კაპიტან მერაბ შარიქაძეს შეუწყვილდება გიორგი კვესელაძე; ფრთაზე ბრუნდება სანდრო თოდუა; მეორე ფრთაზე გუნდის საუკეთესო მელელოვე აკა ტაბუცაძე დადგება; ფულბეკის პოზიციაზე კვლავ მირიან მოდებაძეს ვიხილავთ; ღერძზე კი თენგიზ პერანიძე და საუკეთესო მექულე ლუკა მატკავა დადგებიან.

კვაჭის პოზიციაზე თამაშს ირაკლი ქვათაძე იწყებს, ბექა მამრიკიშვილმა კი მარქაფაში გადაინაცვლა. ბურჯებმა დათო აბდუშელიშვილმა და გიორგი ჩხარტიშვილმა დამწყებ რაზმში ადგილი შეინარჩუნეს. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილს მიხეილ ბაბუნაშვილი შუწყვილდება, რომელმაც ტრავმა მოიშუშა. უცვლელია მესამე ხაზი – გიორგი კერვალიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი და ლუკა ივანიშვილი.

ბექა მამრიკიშვილის გარდა მარქაფაში გადაინაცვლა შუამარბმა თორნიკე კახოიძემ. ტრავმა მოიშუშა და თამაშს სათადარიგო სკამიდან იწყებს ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი. კვლავ შეცვლაზე არიან ბურჯი ალიკო შამილიშვილი, მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე, მესამეხაზელი საბა კურტანიძე, ჰავბეკი გიორგი მარგალიტაძე, და უკანახაზელი ლუკა ცირეკიძე.

რაგბი ევროპის სუპერთასი 2023

ფინალი. 22 დეკემბერი. თბილისი. ავჭალა. 15:00

შავი ლომი (საქართველო) – თელავივ ჰითი (ისრაელი)

შავი ლომი

ხაზი:
15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
რაგბი ორღობე საბოტაჟზე გადავიდა! ეს უკვე აღარაფერში აღარ ზის! რატომ გვაიძულეს პარასკევს 3 ზე თამაში?????? თუ ამ ორგანიზაციასაც ვერ უქაჩავს ფედერაცია, დავტუპულვართ და ეგაა. ასე თავზე ქნა არ შეიძლება!
Rezo
22:54 20-12-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული