ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი

AutoSharing Option
რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი მწვრთნელის რანგში, "ბორჯღალოსნების" ორი ისტორიული გამარჯვების შემოქმედი ლევან მაისაშვილი, რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების დირექტორი გახდა.

48 წლის მაისაშვილი, ფაქტობრივად, დამოუკიდებელ ქართულ რაგბისთან ერთად გაიზარდა. ოვალური ბურთისადმი მისი სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში, სწავლისა და მუშაობის პარალელურად, მშობლიურ კლუბ "ლელოში" ბავშვთა და მოზარდთა წვრთნას უანგაროდ მიჰყო ხელი (1994-2001).

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატმა პარალელურად ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის მწვრთნელთა ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც "ლელოს" კაცთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა და
18 წლის განმავლობაში (2001-2019) გუნდს 6-ჯერ მოაგებინა საქართველოს ჩემპიონის ტიტული, სამჯერ კი ქვეყნის თასს დაეუფლა. 2004-2016 წლებში ის 7-ჯერ აღიარეს საუკეთესო ქართველ მწვრთნელად.

კაცთა გუნდში დაწინაურების შემდეგ მაისაშვილს არ შეუწყვეტია პროფესიული განათლება. სხვადასხვა დროს მან სტაჟირებები გაიარა ახალ ზელანდიაში (ოკლენდი, ველინგტონი), საფრანგეთში (ტოპ 14-ის კლუბები – მონპელიე, ტულონი, აჟენი), სამხრეთ აფრიკასა (კვაზულუ ნატალის რაგბის კავშირი) და ინგლისში (სარასენსი).

საერთაშორისო ასპარეზზე ის პირველად 1999 წელს, 19-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში გამოჩნდა; 2003-2006 და 2007-2009 წლებში 19-წლამდელთა, ხოლო 2006-2007 წლებში 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 2008-2014 წლებში მაისაშვილი საქართველოს "ა", ხოლო 2014-2015 წლებში მზარდი ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. ამავდროულად, 2008 წელს მან ნიკო ჭავჭავაძესთან ერთად ორ თამაშში უთავკაცა ეროვნულ ნაკრებს.

2016-2019 წლებში ლევანი "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის ასისტენტი იყო, რის შემდეგაც მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და ამ პოზიციაზე 2023 წლის ბოლომდე დარჩა.

ასისტენტის რანგში მან 3-ჯერ (2016, 2018, 2019), ხოლო მთავარი მწვრთნელის რანგში ოთხივეჯერ (2020, 2021, 2022, 2023) მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული.

მაისაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველომ ჯამში 42 თამაში (11 ტიერ1-თან) ჩაატარა და 26-ში გაიმარჯვა, 3 ფრედ დაასრულა, 13 კი დათმო. 2022 წელს "ბორჯღალოსნებმა" სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვეს ორი ისტორიული გამარჯვება – იტალიასთან ბათუმში (28:19) და უელსთან კარდიფში (13:12).

2021 წელს მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩისას მას კორონავირუსი შეეყარა და უცხო ქვეყანაში დაახლოებით 2 თვე გაატარა საავადმყოფოში, აქედან ერთი თვე - კომაში, თუმცა ერთი შეხედვით გარდაუვალი სიკვდილი დაამარცხა და სამშობლოში დაბრუნებიდან სამ კვირაში სამუშაო პროცესს დაუბრუნდა.

"ბორჯღალოსნების" პარალელურად, 2021 წლის შემოდგომიდან ლევან მაისაშვილმა პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი" ჩაიბარა და მას ზედიზედ სამჯერ მოაგებინა რაგბი ევროპის სუპერთასი.

2022 წელს გუნდმა ითამაშა სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატ ქარის თასში (კონკურსგარეშე) და ნახევარფინალში გავიდა, 2023 წლის გაზაფხულზე კი - სამხრეთ ამერიკის სუპერლიგაში (კონკურსგარეშე).

შემოდგომიდან "შავი ლომი" ევროპის პროფესიულ საკლუბო ტურნირში, ჩელენჯ თასში ჩაერთო და პირველ შეხვედრაში 150-წლიანი ინგლისური კლუბის – "გლოსტერის" დამარცხებამდე სულ ცოტა დააკლდა (10:15); მეორე თამაშში უელსში "სქარლეთსი" დაამარცხა (23:7), რაც ტურნირის დებიუტანტისთვის ფანტასტიკური შედეგი იყო; ფრანგულ "კასტრსა" (6:28) და "კლერმონს" (3:36) კი დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

2024 წლიდან ლევან მაისაშვილი რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების დირექტორად დაინიშნა, რაც მსოფლიო რაგბის რეკომენდაციაც იყო და ის წლების განმავლობაში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას კვლავ ქართულ რაგბის მოახმარს.

„ლევან მაისაშვილი ქართული რაგბისა და საქართველოს მომავლის დიდი იმედია. მან შექმნა და დაწერა ის ისტორია, რომელიც გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე და თუ ყველანი ერთად დავდგებით, დიდი გამარჯვებებიც აუცილებლად მოვა. ლევანს ამ პოზიციით უფრო დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა, რისთვისაც პირადად მე მას მადლობას ვუხდი. ის არასდროს გაჩერებულა და უკვე დღეიდან შეუდგა ახალ სამუშაოს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ – ჩვენი ერთობა და გუნდურობა დიდ შედეგებს მოიტანს. მადლობა ლევანს განვლილი წლებისთვის და დიდი იმედით შევყურებთ მომავალს“ – განაცხადა იოსებ ტყემალაძემ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
ქომაგთა პატივისცემა და სიყვარული გულიან ქართველს
ადამიანი
21:45 12-02-2024
4
წარმატებები ბ-ნ ლევანს, გულიან კაცს და ჭეშმარიტად პატრიოტ ქართველს!
fani
00:59 13-02-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული