ქართული რაგბი

ასაკობრივი ნაკრებები

"უმცროსი ბორჯღალოსნები" არგენტინასთან განადგურდნენ

AutoSharing Option
თითქმის 16-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 18 ივნისს არგენტინელი თანატოლების წინააღმდეგ, საერთაშორისო სერიის პირველი შეხვედრა სამხრეთ აფრიკაში, სტელენბოშში გამართეს და 10:82 დამარცხდნენ.

ჩვენი მორაგბეები ასაკით მოწინააღმდეგეებზე პატარები არიან. ქართველმა ახალგაზრდებმა საწყის ნახევარ საათში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს. ამის შემდეგ არგენტინელებმა დროის მოკლე ინტერვალში ორი ლელო დადეს და ამან თამაშზე სერიოზული გავლენა მოახდინა. საწყისი ნახევარი 3:21 დავთმეთ.

მეორე ტაიმში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სხვაობა შეამცირეს, მაგრამ შემდეგ არგენტინელმა ახალგაზრდებმა ტემპს მოუმატეს, ყველაფერი გამოსდიოდათ და საბოლოოდ, ეს ანგარიშშიც აისახა.

რადგან ილია მაისურაძე სამხრეთ აფრიკაში მოგვიანებით,
"ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელის რანგში ჩადის, "უმცროს ბორჯღალოსნებს" ტურნირზე ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი და თორნიკე ბუბუტეიშვილი უძღვებიან.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 24 ივნისს ურუგვაის შეხვდება, 28 ივნისს - სამხრეთ აფრიკას, ტურნირს კი 3 ივლისს, ამ ნაკრებებიდან რომელიმესთან კიდევ ერთი შეხვედრით დაასრულებს.

alt16-თვიანი პაუზიის შემდეგ - ქართველები არგენტინელების წინააღმდეგ!