ქართული რაგბი

ჩემპიონატი

ჭეშმარიტების დასადგენად - რაგბის კავშირის გამგეობაზე საეჭვო მატჩებზე იმსჯელებენ

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული გათამაშება ახლახან დასრულდა, თუმცა ბოლო ტურის რამდენიმე მატჩმა საეჭვო ვითარებაში ჩაიარა. ჭორები და მითქმა-მოთქმა მრავლად იყო. სწორედ ამიტომ, იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა გავრცელებული ხმები სიმართლეს, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გამგეობის სხდომის მოწვევა გადაწყვიტა. გაგაცნობთ მის განცხადებას:

2017 წლის 18 აპრილს საქართველოს რაგბის კავშირის სათავო ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის 6, 17:00 საათზე, გაიმართება კავშირის გამგეობის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

2017 წლის აპრილის თვეში გამართული კალენდარული მატჩების განხილვა, რომლებიც გაიმართა სარაგბო კლუბებს (გუნდებს) შორის:

1. არმია-ყოჩები -
2017 წლის 8 აპრილი;
2. ყოჩები-არმაზი - 2017 წლის 2 აპრილი;
3. აია-ბაგრატი - 2017 წლის 8 აპრილი.

აღნიშნული მატჩები შესწავლილი იქნება იმ მიზნით, რომ დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი რაიმე ტიპის გარიგებას კლუბებს (გუნდებს) შორის ან ხომ არ დარღვეულა რაგბის ქარტიის პრინციპები მატჩებთან დაკავშირებული ურთიერთობებისას.

გამგეობის სხდომის მომწვევი პირი: კავშირის პრეზიდენტი.

კავშირის პრეზიდენტი შუამდგომლობს გამგეობის წინაშე, რათა აღნიშნული სხდომა გამოცხადდეს ღიად რაგბის სფეროს სპეციალისტებისათვის. დასაშვებია მხოლოდ რაოდენობრივი შეზღუდვა ფართის ტევადობის გათვალისწინებით.

ამასთანავე, პრეზიდენტი სთხოვს რაგბის გულშემატკივრებს, სხდომის გამართვამდე მიაწოდონ რაგბის კავშირს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია დასახელებული სამი მატჩის ყველაზე საეჭვო მომენტების ქრონოლოგიის თაობაზე, მათ შორის, მატჩების დაწყებამდე, მსვლელობისას და დასრულების შემდეგ არსებული საეჭვო ვითარების შესახებ, თუკი ასეთს ჰქონდა ადგილი, რათა დაეხმარონ გამგეობას საკითხის სრულყოფილად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევაში.

საქართველოს რაგბის კავშირი