ქართული რაგბი

ჩემპიონატი

აკადემია-ლელო 26:31 - დიდი ფინალის დარი რაგბობა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის გასავარდნი ფინალი, რომელიც რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიმართა, დიდი ფინალის ღირსი გამოდგა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის "ლელომ" უმძაფრეს და ძალიან ლამაზ ბრძოლაში თანაქალაქელი "აკადემია" დაამარცხა - 31:26 და ახლა, წინასწარ ფინალში სტუმრად "ბათუმს" დაუპირისპირდება.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მატჩი მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ორივე გუნდი ალალად იმსახურებდა მომდევნო ეტაპზე გასვლას. რადგან დამარცხებულია, "აკადემიაზე" ვთქვათ. მათ მეტოქეს ტოლი არც შერკინებაში დაუდეს და ხელდახელ ბურთაობაც კარგი გამოსდიოდათ. თუმცა, გუნდში აშკარად გამორჩეული ფულბეკი სოსო მათიაშვილია, რომელმაც პირველ ტაიმში დაშვებული სავალალო შეცდომის
მიუხედავად, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

მეტიც, გუნდის მიერ მოპოვებული 26 ქულიდან 21 მის ანგარიშზეა და ის ერთი ლელოც (ხუთი ქულა), რომელიც შუამარბმა გიორგი ჭუაძემ გაიტანა, მისი დიდოსტატური გარჯის შედეგია. ცხადია, არ გვინდა, შრომა წყალში სხვა აკადემიელებსაც ჩავუყაროთ. თითოეული მათგანი მაქსიმალური ძალისხმევით იბრძოდა, მაგრამ ამჯერადაც უფრო ძლიერი "ლელო" აღმოჩნდა.

პირველი ტაიმის 25 წუთი ისე მიილია, სათამაშო უპირატესობის მოპოვება ვერავინ შეძლო. გუნდებმა ორ-ორი საჯარიმო გაცვალეს. მათიაშვილის ორ ზუსტ დარტყმას, ორჯერ "ლელოს" დამრტყმელმა ირაკლი ყიასაშვილმა უპასუხა, რომელიც ამჯერად გარემარბის პოზიციაზე თამაშობდა. ფულბეკად კი ჩემპიონების რიგებში ნაკრების ძირითადი დამრტყმელი მერაბ კვირიკაშვილი თამაშობდა.

25-ე წუთიდან უკვე ლელოების ჯერიც დადგა. ანგარიშში დაწინაურება "ლელომ" მოახერხა. მათიაშვილს საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან ბურთის ფეხით გამოტანა უნდოდა, მაგრამ მეტოქის მესამეხაზელმა თორნიკე ბუბუტეიშვილმა დაუფარა. ბურთი აკადემიელთა ლელოსკენ გადაგორდა. ბუბუტეიშვილი მიჰყვა და ძელთან ახლოს დაამიწა. ყიასაშვილს გარდასახვა არ გასჭირვებია - 13:6.

ტაიმის დასასრულს ოთხი წუთი აკლდა. მათიაშვილმა ბურთი მოედნის საკუთარ ნახევარზე მიიღო, მაღალი აბრაგანი დაჰკრა, თავადვე მიჰყვა, კვირიკაშვილს საჰაერო ბრძოლა მოუგო და ბურთი ცხრა ნომერს, ჯიმი ღამბაშიძეს გაატანა. ამან იქვე მიმყოლ გიორგი ჭუაძეს გადააწოდა, რომლის შეჩერებაც უკვე შეუძლებელი იყო. მათიაშვილმა გარდასახა - 13:13.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წუთით ადრე მათიაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა ყიასაშვილმა - 16:13. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

თამაში ის იყო, განახლდა, რომ ყიასაშვილს კიდევ ერთხელ მიეცა საჯარიმოს გატანის საშუალება და აუღელვებლად შეძლო კიდეც - 19:13. თუმცა, ამის შემდეგ უპირატესობას "აკადემია" დაეუფლა. გუნდს ყველაფერი გამოსდიოდა. შერკინებაც მედგრად იდგა, დერეფანშიც სუფთად თამაშობდნენ.

50-ე წუთზე "აკადემიამ" მეტოქის ლელოსთან ახლოს დერეფნიდან მოლი ააგორა, რომელიც რაკში გადავიდა. ერთი მოკლე დარტყმის შემდეგ ბურთი მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე მათიაშვილს გაუტანეს, რომელიც კარის ძელებს შორის შეიჭრა. გარდასახვაც თვითონვე დაარტყა - 20:19. ამას სამწუთიანი ინტერვალით კიდევ ორი საჯარიმოც მიაყოლა და თავისიანები შვიდი ქულით დააწინაურა - 26:19.

"ლელოს" მწვრთნელებმა, როგორც ჩანს, დროულად იგრძნეს, რომ მატჩის სადავეები ხელიდან ეცლებოდათ და შეცვლები განახორციელებს. პირველ და მეორე ხაზში შეცვლებმა ნამდვილად გაამართლა.

დასკვნითი 15 წუთი გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ შეხვედრაში. "ლელო" უპირატესობას დაეუფლა, თამაში გაშალა და "აკადემიამ" ამას ვერაფერი დაუპირისპირა. შედეგად, "ლელოს" უკანახაზელებმა ალექსანდრე თოდუამ და ალექსანდრე ხეცოიძემ თითო ლელო მიითვალეს, რომელთაგან ყიასაშვილმა მხოლოდ ერთი გარდასახა. თუმცა, გამარჯვებისთვის ეს საკმარისი გამოდგა - 31:26.

დიდი 10. პლეი ოფი. გასავარდნი ფინალი
აკადემია-ლელო 26:31
აკადემია (15-9) მათიაშვილი, ლაზარიშვილი, ხელაია, ჭუაძე, ილურიძე (გოგოლაძე 67), ახობაძე, ღამბაშიძე (დავითაშვილი 58). (1-8) გვარამია (ქადარია 51), ლომოური, მაზმიშვილი (ტიტვინძე 54), ზოიძე (მაღლაკელიძე 36), ბერიკაშვილი, ლუარსაბიშვილი, შუბითიძე, გოგლიძე.
2ლ: ჭუაძე, მათიაშვილი. 4ს,2გ: მათიაშვილი
ლელო (15-9) კვირიკაშვილი, ხეცოძე, თოდუა, ხეცურიანი (ბარკალაია 58), ყიასაშვილი, ხმალაძე, მინდიაშვილი. (1-8) ჯულაყიძე (მარგალიტაძე 58), ჭყოიძე (ლომთაძე 74), ქართველიშვილი (მჭედლიძე 58), ჭეიშვილი (ხორბალაძე 60), ქოიავა, ბუბუტეიშვილი, ბერიაშვილი, მაისურაძე
3ლ: ბუბუტეიშვილი, თოდუა, ხეცოიძე. 4ს,2გ: ყიასაშვილი
მსაჯი: კრის ჰარინგთონი (ირლანდია).

წინასწარი ფინალი
7 მაისი
ბათუმი-ლელო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"