სისხლიანი მატჩი "ვისოლის" სტადიონზე

AutoSharing Option
ჩვენი გაზეთის რაგბის მიმომხილველი ბესო ჯანგავაძე ახალი ზელანდიიდან გადმოსცემს რაგბიში მსოფლიოს თასის გათამაშების რეპორტაჟებს და ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის "ყოჩები"-"ლელოს" მატჩზე დასწრება თავად გადავწყვიტე.

სიმართლე გითხრათ, ცნობისმოყვარეობამ უფრო წამძლია - ძალიან მაინტერესებდა პარალელი გამევლო ათწლეულების გადასახედიდან. მაგრამ ვინანე კიდეც. ვინანე იმიტომ, რომ, რაც იქ ვნახე იმას, რაინდები, მორაგბეებს კი მთელ მსოფლიოში თავი სწორედ რომ რაინდებად მოაქვთ, არ უნდა კადრულობდნენ.

თამაშის მიმოხილვის ნაცვლად ამ ფორმით გამოხმაურებაზე შემთხვევით არ შევჩერებულვარ. ძალიან მოკლედ მეც იმას ვიტყვი, რაც ამ შეხვედრის კომისარმა ჩემს თვალწინ ჩაწერა
ოქმში: "მატჩმა ჩაიარა დაძაბულ ვითარებაში". ვისაც თამაში არ უნახავს, გაიფიქრებს, რომ "სპორტულად დაძაბული" მატჩი იყო, მაგრამ ორაზროვნებაშია საიდუმლოება.

"დაძაბულში", ამჯერად, მეტოქეთა შორის გუნდური ჩხუბი და ერთმანეთის თავ-პირის დამტვრევა-დასისხლიანება უნდა ვიგულისხმოთ. გუნდი-გუნდზე უსასტიკეს ბრძოლაში, რომლის დროსაც გამოიყენეს "წესების გარეშე" ბრძოლის ყველა ილეთი და მეტიც, მაყურებელიც კი ჩაერთო. ეს უკვე აღარ იყო წაკინკლავება-წათაქება, რომელიც მანამდე მატჩის მსვლელობისას ორჯერ დაფიქსირდა. "ყოჩები" თავიდანვე აგებდნენ და  რა სურდათ ყოჩობით, გაუგებარია.

თამაშის მიწურულს კი, რაც მოხდა, უკვე გითხარით. არადა, "ყოჩები" იმ სახელოვანი თბილისური პირველი გუნდის მემკვიდრეა, რომელიც პოლიტექნიკური ინსტიტუტში 1959 წელს ჩამოყალიბდა. მაგრამ ვიღა დაგიდევს მემკვიდრობის ღირსებას...

მასპინძლები მსაჯობით უკმაყოფილონი ჩანდნენ. "აგერ ოქმი და ჩაწერე, - უთხრა "ყოჩების" პრეზიდენტს კომისარმა. "რა უნდა ჩავწერო, მსაჯებმა ისედაც იციან ჩემი სათქმელი" - იყო პასუხი. აი, ასე, არ ჩავწერ, არ "ჩავუშვებ", არ ვიტყვი, არ ვიხმაურებ და ბინძურდება ქართული რაგბი.

მატჩის შემდეგ ლელოს ექიმმა ჩამოიარა და სტადიონზე მიმოფანტული სისხლიანი ბინტ-ბამბით ცელოფანის პარკი აავსო.

SOS

"ვისოლის" სარაგბო სტადიონზე ზემოთხსენებულ მატჩზე მიწვეული არ ყოფილან წესრიგის დამცველები. არ იყო ტაბლო, არანაირი ინფორმაცია არ მიეწოდებოდა მაყურებელს. ხალხი ერთმანეთს და კომისარს ეკითხებოდა მატჩის შედეგს.

წვიმა რომ წამოსულიყო, სათადარიგო მოთამაშეებს, მწვრთნელებს და სამედიცინო პერსონალს თავშესაფარიც არ ექნებოდათ.

ნუთუ, მეტ პატივისცემას არ იმსახურებს ეროვნული ჩემპიონატი?

ფოტოზე: გაწევ-გამოწევა არც "ხარები"-"არმაზის" მატჩისთვის იყო უცხო
მთავარი რედაქტორის სვეტი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ცოტა არ იყოს ამ სტატიამ მკითხველის ცნობისმოყვარეობა ვერ დააკმაყოფილა, იმ ადამიანის რომელიც არ დასწრებია თამაშს. აქ სისხლიანი ბინტების მხატვრულად წარმოჩენა უფრო იყო ვიდრე რეალობის ასახვა.
0
ლელო-ყოჩების თამაშთან რა შუაშია ხარები- არმაზის მატჩის ამსახველი ფოტოები?!
nata
16:05 27-09-2011
0

სიახლეები პოპულარული