არმია: (15-9) კობახიძე, ტუჩაშვილი, მჭედლიძე, გაგოშვილი (გაბროშვილი 68), შკინინი (ნუცუბიძე 72), ელიზბარაშვილი, სამხარაძე. (1-8) კაკოვინი, მეკოკიშვილი (ბრეგვაძე 64), დონაძე, ბუჯიაშვილი, ცხადაძე (ჟღენტი 62), კალმახელიძე, თავართქილაძე (თხილაიშვილი 56), უდესიანი.
2ლ: ტუჩაშვილი (2), 3ს,2გ: კობახიძე
აია: (15-9) ძნელაძე, აბრამიძე, ცნობილაძე (კუხიანიძე 59), ზვიადაძე, ი.ჩხიკვაძე (გოშაძე 8), სინაურიძე, ხამაშურიძე. (1-8) ჟვანია (ლომიძე 56), სულუხია (მატკავა 43), ტ.ჩხიკვაძე (გურეშიძე 68), არაბიძე (ძაგნიძე 60), ჩიტიშვილი, რევიშვილი, მარდალეიშვილი (ცირეკიძე 67), დგებუაძე.
2ლ: დგებუაძე, მატკავა. ს,გ: ხამაშურიძე.
მსაჯი: თ.ჩერგოლეიშვილი
საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული გათამაშება დასრულდა. ისე
უნდა ითქვას, რომ მატჩს არანაირი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია. ქუთათურთა გუნდის მოთამაშე მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ რამდენიმე მოთამაშე დაასვენა და თვითონაც, უჩვეულო, ცხრა ნომრის პოზიცია დაიკავა. "არმიას" კი ამ შეხვედრაში პირველ წრეში, მალთაყვაში მარცხის გამო 17:15 რევანში ჰქონდა ასაღები.
მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა, როცა "ანტილოპამ" საკმაოდ რთული პოზიციიდან საჯარიმო გაიტანა, არმიელთა ფულბეკმა ბახვა კობახიძემ სამ წუთში ანგარიში საჯარიმოთივე გაათანაბრა - 3:3.
ეს თანაფარდობა ტაიმის მიწურულამდე შენარჩუნდა. პირველი ნახევრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე საჯარიმო ისევ კობახიძემ გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა - 6:3.
სტუმართა გუნდს, პირველ ნახევარში ორი წამყვანი მოთამაშე დაუშავდა. საქართველოს ნაკრების გარემარბმა ირაკლი ჩხიკვაძეს მატჩის დასაწყისშივე დაეჭიმა მარცხენა ფეხის ზედა კუნთი და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. შერკინების კვაჭ ბექა სულუხიას კი ნაოპერაციები ხელი ამოუვარდა და სავადმყოფოში წასაყვანი შეიქნა.
მეორე ტაიმში მატჩის მსვლელობის ხასითი არ შეცვლილა. გუნდები მორიგეობთ ფლობდნენ სათამაშო ინიციატივას. თუმცა "არმიას" რიგებში აღმოჩნდა მოთამაშე, რომლის ბრწყინვალე ორმა რეიდმა მისი გუნდის გამარჯვება განაპირობა.
შეხვედრის 47-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ხამაშურიძემ საკუთარი ჩათვლის მოედნიდან ბურთი ფეხით მოედნის ცენტრისკენ დაარტყა. იქ მას არმიელები დაუხვდნენ და შეტევის მიმართულება შეცვალეს. მარცხენა ფრთიდან ბურთი მარჯვენა ფრთაზე გარებარბ ალექსანდრე ტუჩაშვილს გაატანეს, რომელმაც ლელომდე ორმოცი მეტრი ირბინა. გზად კი ქუთაისელთა არეულ დაცვის ხაზში სამ მორაგბეს გვერდით ჩაუქროლა. კობახიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 13:3.
"აიამ" ოთხ წუთში ლელოზე ლელოთივე გასცა პასუხი. მარჯვენა ფრთაზე გიორგი აბრამიძემ გაჭრა მეტოქის დაცვის ხაზი და 22-მეტრიან ზონაში შეაღწია. ამას მორკინალთა ორი მოკლე დარტყმა მოჰყვა, მერე შეტევა მარხნივ ხელდახელ ბურთაობით გაგრძელდა. ბოლოს, ზედ ალამთან, ლელოში ბურთი მესამეხაზელმა ირაკლი დგებუაძემ შეიტანა. ხამაშურიძემ კიდედან ვერ გარდასახა - 8:13.
კულმინაცია 67-ე წუთზე დადგა, როცა ტუჩაშვილმა მორიგი სოლორეიდი განახორციელა. "არმიამ" აუტი მეტოქის მოენდის ნახევარზე, მარჯვენა ფრთაზე, ათმეტრიან ხაზთან ახლოს მოაწოდა. დერეფანში სუფთად მოგებული ბურთი სწრაფად მარცხნივ გაათამაშეს. ტუჩაშვილი ორ მოწინააღმდეგს შორის გასხლტა, მესამე მას ხელითაც ვერ წაეპოტინა და ლელო კარის ძელებს შორის გაიტანა. კობახიძეს გარდასახვა არ გასჭირვებია. მანვე სამ წუთში საჯარიმოც მიითვალა - 23:8.
"აიამ" დასკვნით 10 წუთში ყველაფერი იღონა მდგომარეობის გამოსასწორებლად, მაგრამ მატჩის მიწურულს მხოლოდ მერაბ მატკავას მიერ გატანილ ლელოს დასჯერდა. ხამაშურიძემ გარდასახა - 23:15.
ეს გუნდები შესარჩევ ფინალში 22 ოქტომბერს ერთმანეთს ქუთაისში, დინამოს სტადიონზე შეხვდებიან. გამარჯვებული დიდ ფინალში გადავა. დამარცხებულს კი გასავარდნ ფინალში გამარჯვებულთან წინასწარ ფინალში მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"