პირველ სეზონში კლუბმა დიდი გაჭირვებით შეინარჩუნა უძლიერესთა შორის ადგილი, შარშან მე-5 ადგილზე გავიდა და პლეიოფამდე ცოტა დააკლდა, წლეულს კი საქართველოს ჩემპიონატი სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე დაასრულა.
წლეულსვე გუნდის ცხოვრებაში, ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა. საფრანგეთიდან დაბრუნდა და "ხარების" მოთამაშე მწვრთნელი გახდა საქართველოს ნაკრების ყოფილი მგეზავი, "ბორჯღალოსანთა" გუნდის საუკეთესო მექულე პალიკო ჯიმშელაძე. რუსთავური რაგბის აწმყოსა და
- რუსთავის "ხარების" ხელმძღვანელთან, დავით კაკაბაძესთან (შორო) კავშირი მუდმივად მქონდა. სწორედ ამ ურთიერთობისა და ჩემი სურვილის თანხვედრის შედეგი იყო, რომ რუსთავში დავბრუნდი. გუნდთან მანამდეც შესანიშნავად მუშაობდა ზაზა ხუციშვილი, რომელთან შეთანხმებითაც მოთამაშე მწვრთნელად დავინიშნე. ის შერკინებას ავარჯიშებს, მე უკანა ხაზს და თამაშის ტაქტიკურ მონახაზს ერთად ვადგენთ.
- საფრანგეთში შესანიშნავ პირობებში თამაშისა და მუშაობის შემდეგ, საქართველოს როგორ შეეგუეთ?
- აქაური ყოფა ჩემთვის უცხო არ იყო. ნორმალური სავარჯიშო მოედანი არც ჩემს დროს გვქონდა. საფრანგეთიდან თებერვალში დავბრუნდი და პირველი, რაც თვალში მომხვდა სწორედ ეს ცუდი პირობები იყო. თავად განსაჯეთ, სეზონისწინა სამზადის პერიოდში, ორი თვის განმავლობაში, თებერვალსა და მარტში, მოედანზე სულ ორჯერ შევედით სავარჯიშოდ.
რუსთავში ერთი დიდი პარკია და იქ მოხრეშილ ნიადაგზე საშინელ პირობებში ვვარჯიშობდით. რაც გვინდოდა, იმას ვერ ვაკეთებდით და ისეთი შთაბეჭდილება გვექმნებოდა, რომ სრულიად სხვა სპორტის სახეობით ვიყავით დაკავებული. რასაც ჩვენ იქ ვვარჯიშობდით, ის რაგბი არ არის.
- ლოგიკურად, ალბათ, სწორედ ამას უნდა დაბრალდეს, რომ '"ხარებმა" სეზონი წარუმატებლად დაიწყო, პირველ წრეში სულ ორი გამარჯვება მოიპოვა, მაშინ, როცა მეორეში ოთხი მატჩი მოიგო.
- "ხარებს" სეზონის დასაწყისში ყოველთვის უჭირს. ამის მიზეზი უკვე ვთქვი. წლეულსაც სტარტზე ზედიზედ ორი თამაში წავაგეთ, ჯერ თასზე, მერე ჩემპიონატში და ამას მიჰყვა საშინელი მარცხიანი სერია. გუნდი რამდენიმე მატჩს ზედიზედ რომ წააგებს, ფსიქოლოგიურად ტყდება, მოტივაცია ეკარგება, ხასიათი უფუჭდება, რაც თამაშის ხარისხზეც აისახება.
ზაფხული რომ მოახლოვდა, მოდენზე შესვლა და ნორმალური ვარჯიშიც შესაძლებელი გახდა. პირველი წრის დასრულების შემდეგ, საწვრთნელი შეკრებაც გავმართეთ მანგლისში და შესაბამისად, მოვახერხეთ სათამაშო რგოლებში კომბინაციების აწყობა. შედეგად მეორე წრეში ოთხი თამაში მოვიგეთ.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო საშინაო გამარჯვება თბილისის "ლელოსთან". ძალიან ძლიერ მეტოქესთან გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, ზუსტად იმ სტილით ასპარეზობა გამოგვივიდა, რომლისკენაც ჩამოსვლის შემდეგ სულ მივისწრაფვი, რომ გუნდში დავნერგო.
- რას გულისხმობს თამაშის ის სტილი?
- ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. გულისხმობს იმას, რასაც თანამედროვე რაგბი ჰქვია - უკანა ხაზისა და შერკინების ერთად თამაშს. მატჩის მსვლელობისას უნდა თამაშობდეს ყველა, თხუთმეტივე მორაგბე და არა მარტო შერკინება.
ამასთან ვცდილობ, შეიცვალოს რუსთაველი მორაგბეების ფსიქოლოგია, საქმისადმი მიდგომა, უნარ-ჩვევები, დისციპლინა - როგორც სათამაშო, ისე ყოფითი. ანუ, მინდა გავაკეთო ისეთი კლუბი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს იქნება მიახლოებული. ეს მცდელობა, გარჯა ფუჭად არ ჩაივლის. დარწმუნებული ვარ, გუნდს ეს მალე დაეტყობა.
- რა აკლია "ხარებს" საიმისოდ, რომ ლიდერებს შორის იყოს?
- გვაკლია ადამიანური რესურსი. წლეულს შერკინებაში ძალიან გაგვიჭირდა. ჩვენი პირველხაზელი კახა კობერიძე საფრანგეთის საკმაოდ ძლიერ კლუბ "ალბიში" გადავიდა, რამაც ძალიან გვაზარალა. პრობლემები შერკინებაში აშკარა იყო. წარმოიდგინეთ, თბილისის "ლოკომოტივმა" 12 წუთში ორჯერ მოლით 20-30 მეტრი იარა და ისე გაგვიტანა ლელო.
- როგორ ფიქრობთ, ამ პრობლემის მოგვარებას? ალბათ, სხვა გუნდებიდან დაიმატებთ ვინმეს.
- არა, ვეცდებით ისევ ჩვენი კლუბის აღზრდილებით გავიდეთ ფონს. დაახლოებით სამწლიანი პროგრამა გვაქვს შემუშავებული, რომლის განსახორციელებლადაც ყველაფერს ვიღონებთ. ჩვენ არ გვაქვს მილიონი, რომ სხვადასხვა გუნდებიდან მორაგბეები მოვიწვიოთ. ამით ისინი დავასუსტო და ჩვენ კი გავძლიერდეთ.
დიდი ყურადღება ექცევა A და B ლიგის გუნდებს. აქაც იმ სისტემას ვნერგვათ, რასაც "ხარებში" და როცა ამ გუნდებში გაზრდილი მორაგბე ჩვენამდე მოვა, უკვე ყველანაირად მზად იქნება თამაშის ხელწერას მოერგოს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წლეულს ბევრ ახალგაზრდა მოთამაშეს მივეცით თავის გამოჩენის საშუალება. განსაკუთრებით კი იმათ, ვინც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრები არიან.
- კლუბის ინფრასტრუქტურის გაუმჯიბესება არც სამომავლოდ იგეგმება?
- როგორ არა, რუსთავში საკმაოდ დიდი სარაგბო ბაზა შენდება, რომელიც გეგმით ექსპლოატაციაში მიასიდან უნდა შევიდეს. მანამდე კი ისევ პარკში, ხრეშიან ნიადაგზე მოგვიწევს ვარჯიში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სეზონის დასაწყისში კვლავ გაგვიჭირდება.
სტადიონის მშენებლობა ძალიან კარგია. მოედნების მომრავლება ავტომატურად იწვევს სათამაშო დონის ამაღლებას, თუმცა ხელი შენც უნდა მიაშველო. საქართველოში, როცა ყველა მშენებარე სტადიონი ამოქმედდება, ორ-სამ წელიწადში რაგბის გუნდების დონე საგრძნობლად გაიზრდება.
- წლეულს კლუბს საკმაოდ სოლიდური სპონსორიც ჰყავდა.
- დიახ, "ჰაიდელბერგ ცემენტი" გვეხმარებოდა, მაგრამ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და ახლა მთლიანად ქალაქის მერია გვპატრონობს.
- რუსთავის "ხარების" მოთამაშე მწვრთნელის გარდა, ქალთა ნაკრების თავკაცის ფუნქციაც გაკისრიათ.
- ასეა, თავიდან ქალთა გუნდის მწვრთნელი დროებით უნდა ვყოფილიყავი. მაგრამ ახლა ამ საქმით საფუძვლინად ვარ დაკავებული. წლეულს ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში შესანიშნავად იასპარეზეს ჩვენმა ქალება. შეგვეძლო პირველ ადგილზე გასვლა და A ჯგუფში აღზევება, მაგრამ ჩვენი ერთ-ერთი მოთამაშის, ქრისტინა შალამბერიძის მძიმე ტრავმამ შეგვიშალა ხელი. საბოლოოდ მესამე ადგილს დავჯერდით.
ახლა ევროპის მომავალი ჩემპიონატისთვის ვემზადებით. ეს შეჯიბრება ივნისში უნდა ჩატარდეს და გამორიცხული არ არის საქართველომ უმასპინძლოს.
ამასთან ერთად, რაგბის კავშირმა გადაწყვიტა, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად რომისა და ამსტერდამის ტურნირებზე მიგვავლინოს. 2013 წელს კი მსოფლიოს ჩემპინატის შესარჩევი ტურნირი დაიწყება და იმ დროისთვის გუნდი სრულ მზადყოფნაში, გაზრდილი და დაოსტატებული უნდა იყოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"