რუსთავის "ხარები" სიახლეებითა და ახალი მიზნებით

AutoSharing Option
სანაკრებო ციებ-ცხელება დასრულდა და 31 მარტიდან გაზაფხულის ტურნირში, რომელიც ახლებური სისტემით გასამართი საქართველოს ჩემპიონატის გარდამავალი შეჯიბრებაა, უმაღლესლიგელები ჩაერთვებიან. გუნდები სამი თვეა, ინტენსიურად ემზადებიან. ამჯერად რუსთავის "ხარებს" წარმოგიდგენთ.

ამ კლუბში ბევრი სიახლეა. სამწუხაროდ, "ხარებს" აღარ სპონსორობს "ჰაიდელბერგცემენტი", რომელიც გუნდს ერთგულად ედგა გვერდში სამი წლის განმავლობაში. სამაგიეროდ, "ხარების" პატრონობა რუსთავის მუნიციპალიტეტმა ითავა. შეიცვალა გუნდის ლოგო, სათამაშო ფორმის დიზაინი.

"ხარების" რიგები კონტრაქტის დასრულების შემდეგ კახაბერ უჩავამ და სერგო მოქიამ დატოვეს. სარაგბო კარიერა დაასრულა გამოცდილმა შოთა მაჭარაშვილმა. მათ ნაცვლად დავიმატეთ გიორგი ხაბაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი,
ზურაბ ჭიჭინაძე და ჭაბუკთა A ლიგაში მოთამაშე გუნდის რამდენიმე მორაგბე. ტრავმით გამოწვეული ერთწლიანი შესვენების შემდეგ გუნდ "ხარებს" დაუბრუნდა ლაშა კაკაბაძე" - გვითხრა რუსთავის "ხარების" პრეს-ატაშემ ნათია ჯიოშვილმა.

ზაზა ხუციშვილი, რუსთავის "ხარების" მწვრთნელი:

"სეზონისთვის აქტიურად ვემზადებით. უამინდობის გამო მოედანზე ვერ შევდიოდით, მაგრამ ბიჭები ყოველდღიურად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ვარჯიშობდნენ. გუნდში რამდენიმე იმედისმომცემი ახალი მორაგბე მოვიწვიეთ.

გარდამავალ საგაზაფხულო ტურნირს საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ. ივნისში ახალ სტადიონზე გადავალთ. პირობები ბევრად უკეთესი გვექნება, რაც, შესაბამისად, თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას გამოიწვევს.

მიზანი საქართველოს ჩემპიონატში ფლეი ოფში გასვლაა, იქ კი საპრიზო ადგილისთვისაც ვიბრძოლებთ".

დავით კაკაბაძე, რუსთავის "ხარების" დირექტორი:

"მომავალი სეზონიდან "ხარების" უმაღლესი ლიგისა და ყველა ასაკობრივი გუნდი წითელ-თეთრ ფერებში ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ წლეულს, უწინდელისგან განსხვავებით, მორაგბეებს ზამთრისა და ზაფხულის სპეციალური სპორტული ფორმა შევუკერეთ. მხარდაჭერისათვის მინდა მადლობა გადავუხადო მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელებს."

რუსთავის "ხარები"
პირველი ხაზი: დავით სიხარულიძე, დავით ხვიჩია, უჩა აღაშვილი, ლაშა კაკაბაძე, მიხეილ წიკლაური, გიორგი ხაბაშვილი, გიგა ქვლივიძე.
მეორე ხაზი: თომა ბალუაშვილი, სოლომონ ქარუხნიშვილი, რატი ხარძიანი, კახა კობერიძე.
მესამე ხაზი: ლაშა გოგიაშვილი, ლევან შაშიაშვილი, ირაკლი ზავარდაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, ზურაბ გაბრიჭიძე, დავით ყოჩიაშვილი, გიორგი მარტიაშვილი.
#9: ვაჟა ხუციშვილი, ლექსო მელიქიშვილი, გიორგი გულბათაშვილი.
#10: მანუჩარ ჭაავა, გიორგი ბასილაია.
#12-13: რატი ღამბაშიძე, პალიკო ჯიმშელაძე, ზვიად ღამბარაშვილი, თორნიკე კიკნაძე.
#11-14: ბექა ბებიაშვილი, მიხეილ წიკლაური, გიორგი ბებიაშვილი, ირაკლი მურადაშვილი,
#15: ლაშა შუბითიძე, თორნიკე თეგეთაშვილი.

31 მარტი
ხარები-ჯიქები, ლოკომოტივი-ყოჩები, აია-თიბისი

7 აპრილი
ხარები-აია, თიბისი-ლოკომოტივი, ყოჩები-ჯიქები

21 აპრილი
თიბისი-ხარები, აია-ყოჩები, ჯიქები-ლოკომოტივი

28 აპრილი
ლოკომოტივი-ხარები, ჯიქები-აია, ყოჩები-თიბისი

5 მაისი
ყოჩები-ხარები, თიბისი-ჯიქები, აია-ლოკომოტივი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდი მადლობა gregory57...
natia
23:10 27-03-2012
0
წარმატებები ხარებს და გუნდის პრეს-სამსახურს ნათია ჯიოშვილს
GREGORY57
22:24 22-03-2012
0

სიახლეები პოპულარული