არმია: (15-9) კობახიძე, გოგოლაშვილი, მჭედლიძე, ნინიძე, გაბროშვილი, ელიზბარაშვილი, ზაბახიძე. (1-8) ქორიძე (ჯიბლაძე 41), კაკოვინი, ხოსიტაშვილი (დონაძე 41), არჩუაშვილი, ბუჯიაშვილი, დარასელია (ცხადაძე 69), თავართქილაძე, უდესიანი (ჟღენტი 41).
14ლ: კაკოვინი, ბუჯიაშვილი (2), დარასელია (3), უდესიანი, ჟღენტი, ელიზბარაშვილი, მჭედლიძე (3), გოგოლაშვილი, კობახიძე. 6გ: კობახიძე.
ბაგრატი: (15-9) ტორაძე (შავგულიძე 60), ზიბზიბაძე, თუთბერიძე, სალდაძე, ბალანჩივაძე, ვასაძე, ლეკვეიშვილი (ლომიძე 41). (1-8) რატიშვილი, გიგაშვილი (ბიბიჩაძე 56), ულუმბეგაშვილი (ხუციშვილი 48), ბოჭოროშვილი, ჩიტეიშვილი (მატარაძე 41), ნუცუბიძე, გუდაძე (ქარჩხაძე 49), ჯანელიძე (დარახველიძე 25).
ლ: ხუცუშვილი. 2ს,გ: ვასაძე
მსაჯი:
გაზაფხულის ტურნირის პირველი შეხვედრა, რომელსაც არაოფიციალურად გარდამავალს უწოდებენ, "ავჭალის" სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა.
ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი "არმია" პირველი ლიგის ბინადარს, ქუთაისის "ბაგრატს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 82:13 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოს ჩემპიონატის გამართვის ვადები შეიცვალა და შეჯიბრება შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით გაიმართება. ამდენად, ეროვნული ჩემპიონატი სტარტს სექტემბერში აიღებს. მანამდე კი, გუნდები უქმად რომ არ იყვნენ, გარდამავალ ეტაპზე გაზაფხულის ტურნირის ჩატარება გადაწყდა. მასში უმაღლესი ლიგის ათ გუნდთან ერთად, პირველ ლიგაში გამართული საკვალიფიკაციო ტურნირის ორი გამარჯვებული, ქუთაისის "ბაგრატი" და თბილისის "თიბისი" იასპარეზებენ.
"ბაგრატს" აშკარად არ გაუმართლა, რადგან პირველივე მატჩში იმ გუნდს დაუპირისპირდა, რომელმაც შარშანდელ სეზონში ყველაფერი მოიგო. არმიელებმა სეზონის წინ საწვრთნელი შეკრება თურქეთის საკურორტო ქალაქ ბელეკში გამართეს და იქ რუსეთის ჩემპიონის, კრასნოიარსკის "ენისეის" დამარცხებაც მოახერხეს.
"არმიას" ქუთათურებთან მატჩში საქართველოს A ნაკრებში მივლენილი ათი მოთამაშე აკლდა. თუმცა ამ გუნდს საკმაოდ გრძელი სათადარიგო სკამი აქვს, რაც საშუალებას აძლევს, საშინაო მატჩებში ნებისმიერი სიძლიერის გუნდს გაუმკლავდეს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ "ბაგრატმა" მეტოქეს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. არადა, ქუთაისელთა ეს გუნდი პირველ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
"არმია", ცხადია, თავიდანვე დაწინაურდა და მე-15 წუთისთვის უკვე 21:3 იგებდა. ანგარიში მასპინძლებმა მე-6 წუთზე გახსნეს. მოედნის ცენტრში ბურთს ქუთაისელი მორაგბეები ფლობდნენ. ცდილობდნენ, მეტოქის ხაზი ხელდახელ ბურთაობით გაერღვიათ, მაგრამ მარჯვენა ფრთის კიდესთან ერთ-ერთი გადაცემა "არმიას" გარემარბმა ლევან გოგოლაშვილმა ჩაჭრა, ბურთი ფეხით სტუმართა ჩათვლის მოედნისკენ შეაცურა, მიჰყვა, ყველას დაასწრო და სეზონის პირველი ლელოც მიითვალა. ფულბეკმა ბახვა კობახიძემ გარდასახა - 7:0.
"ბაგრატი" მრისხანე მეტოქეს არ ეპუებოდა, შეტევის ორგანიზება სცადა და სამ წუთში საჯარიმოს გამორჩა. მგეზავმა ჯემალ ვასაძემ უნაკლოდ დაარტყა და ანგარიში ოთხ ქულამდე შეამცირა - 3:7.
ცხადია, იმის ილუზია არავის ჰქონდა, რომ "ბაგრატი" მეტოქეს პრობლემებს შეუქმნიდა, რაც მომდევნო ექვს წუთში დადასტურდა კიდეც. არმიელებმა სამ-სამწუთიანი ინტერვალით ორი ერთმანეთზე უკეთესი ლელო გაიტანეს. პირველი შუამარბის, თამაზ მჭედლიძის ანგარიშზეა, რომელმაც საბოლოოდ მატჩში სამი ლელო მიითვალა. მას შარშანდელთან შედარებით აშკარად მომატებული აქვს და, გამორიცხული არ არის, მიმდინარე ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდეს. მის მიერ გატანილი პირველი ლელო კი მთელი გუნდის შემოქმედების ნაყოფია. არმიელებმა რამდენიმეფაზიანი შეტევა იერიშის მიმართულების ხშირი ცვლით განახორციელეს. გადამწყვეტ მომენტში, როცა "ბაგრატის" დაცვის ხაზის გაწელვა მოხერხდა, ლელოში მჭედლიძე შეიჭრა. კობახიძემ გარდასახა -14:3.
კობახიძის ლელო კი, ერთი შეხედვით, მარტივი კომბინაციის გათამაშების შედეგი იყო. ქუთაისელთა ლელოდან ხუთ მეტრში დანიშნული შერკინებიდან ბურთი რვა ნომერმა ბესო უდესიანმა აიტაცა. წარმოქმნილი რაკის შემდეგ შეტევა უკანახაზელებმა მარცხნივ, გრძელ ფრთაზე განაგრძეს და კობახიძემ სწორედ ამ დროს იყოჩაღა, ლელო თვითონვე გარდასახა - 21:3.
ტაიმის ბოლომდე "არმიამ" კიდევ სამი ლელო გაიტანა, რაზეც "ბაგრატმა" ისევ ვასაძის ერთი საჯარიმოთი უპასუხა - 6:38. მდგომარეობა მოედანზე არც შესვენების მერე შეცვლილა. არმიელთაგან მჭედლიძის მსგავსად, სამი ლელო დადო მესამეხაზელმა ლევან დარასელიამაც. ულელოოდ არც ქუთაისელები დარჩენილან. ერთადერთი ლელო შეცვლაზე შესულმა პირველხაზელმა ოთარ ხუციშვილმა გაიტანა - 13:82
A ჯგუფი
არმაზი-ბათუმი XV 20:18, ლელო-აკადემია (გადაიდო)
სატურნირო მდგომარეობა
1. არმია - 5 ქულა, 2. არმაზი - 4, 3. ბათუმი - 1, 4. ლელო - 0, 5. აკადემია - 0, 6. ბაგრატი - 0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"