ლელო (15-9) გეგენავა, ზაალიშვილი (ხეცოიძე 41), კოპაძე, ანდღულაძე, გუგავა, ჭინჭარაული (ლოლუა 41), კაჭარავა (მორგოშია 60). (1-8) გოგიშვილი, ორაგველიძე (ხიდეშელი 56), სანიკიძე, აზალაძე, ქოიავა (ჯვარშეიშვილი 67), ჭყოიძე (სურგულაძე 54), კოლელიშვილი, ნიკოლეიშვილი (ჭეიშვილი 60).
ლ: სანიკიძე, ნიკოელიშვილი (2), ჭეიშვილი, კაჭარავა (2), კოპაძე, ზაალიშვილი (3), გეგენავა (3). 9გ: გუგავა (7), გეგენავა, ჭინჭარაული.
ბაგრატი (15-9) ვასაძე, კურტანიძე, ბალანჩივაძე, თუთბერიძე, ზიბზიბაძე, შარვაშიძე, ლომინაძე. (1-8) რატიშვილი (ავალიანი 41), გიგაშვილი, ხუციშვილი, ბოჭორიშვილი, ჩიტეიშვილი (ქარჩხაძე 56), სალდაძე, გუდაძე, ნუცუბიძე.
ს: ვასაძე.
მსაჯი: მალხაზ წულაია
გაზაფხულის ტურნირში
"შევარდენის" სანაკრებო ბაზის სათადარიგო, ხელოვნურსაფარიან მოედანზე ლელოელები პირველი ლიგის წარმომადგენელს, ქუთაისის "ბაგრატს" დაუპირისპირდნენ და მატჩი დიდი ანგარიშით, 83:3 მოიგეს.
"ლელოს" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, შეიძლება ითქვას, რომ ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა.
ტრავმების გამო გუნდს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა. როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდა მგეზავი გიორგი ჭინჭარაული, რომელმაც მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა და შესვენებისას მოედანი კოჭლობით დატოვა.
ცხადია, ქუთაისური გუნდისგან ამ მატჩში გმირობას არავინ ელოდა. მასპინძლებმა პირველივე შეტევა ლელოთი დაასრულეს.
ცენტრიდან ბურთი თამაშში სტუმრებმა შეიყვანეს. საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან ჯერ მორკინალებმა წამოიწყეს შეტევა, მერე მოედნის ცენტრში ბურთი მარცხენა, გრძელ ფრთაზე ჩაათამაშეს კიდემდე და გარემარბმა ზურაბ ზაალიშვილმა ანგარიში გახსნა. ჭინჭარაულმა გარდასახვა ვერ გაიტანა - 5:0.
აღსანიშნავია, რომ ზაალიშვილმა მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა და სამი ლელოს გატანა მოასწრო. მეორე ლელო, რომელიც მასპინძლებმა მე-13 წუთზე მიითვალეს, ისევ ზაალიშვილის ანგარიშზეა. შერკინება მოედნის ცენტრში დაინიშნა. იქიდან გამოტანილი ბურთით ცხრა ნომერმა გიორგი კაჭარავამ რამდენიმე მეტრი გაიარა, მერე უკნიდან შეტევაში ჩართულ ფულბეკ ირაკლი გეგენავას გაატანა, რომელმაც მარცხნივ ზაალიშვილს გადააწოდა. ჭინჭარაულმა ამჯერად გარდასახვა ზუსტად დაარტყა -12:0.
"ლელოს" მწვავე შეტევები არც ამის შემდეგ შეუწყვეტია. მასპინძლები ცდილობდნენ ხელდახელ, გაშლილი რაგბი ეთამაშათ. "ბაგრატი," რაც შეეძლო, წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ მეტოქის ფეხმარდ უკანახაზელებსა და მთელი გუნდის მწყობრ თამაშს ვერაფერი მოუხერხა.
საბოლოო ჯამში მასპინძლებმა ქუთაისურ გუნდს 13 ლელო გაუტანეს. ზაალიშვილის მსგავსად, სამი ლელო მიითვალა ირაკლი გეგენავამ, ორ-ორი კი კაჭარავასა და ნიკოლეიშვილის ანგარიშზეა.
A ჯგუფი
აკადემია-ბათუმი XV 27:20, არმია-არმაზი 32:17
სატურნირო მდგომარეობა
1. არმია - 9 ქულა, 2. ლელო - 5, 3. აკადემია - 4, 4. არმაზი - 4, 5. ბათუმი - 2, 6. ბაგრატი - 0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"