გაზაფხულის ტურნირი: როცა გამარჯვება დამრტყმელის ფეხზე ჰკიდია

AutoSharing Option
ჯიქები-ლოკომოტივი 13:15
ჯიქები (15-9) შერმაზანაშვილი, კალანდაძე, ბერძული, ბუბუნაური, ხარაზიშვილი, გიორგაძე (ნადარეიშვილი 48), კლიმიაშვილი. (1-8) ყავლაშვილი, ოქრომელიძე, ოქრიაშვილი, შენგელია, გოგოლაძე, მირცხულავა (კამიკაძე 41), მორჩაძე (მჭედლიშვილი 60), ცირეკიძე.
ლ: ბუბუნაური. ა,გ: გიორგაძე. ს: ხარაზიშვილი.
სინბინი: კამკამიძე, კლიმიაშვილი.
ლოკომოტივი (15-9) კობერიძე, ბიწაძე, ჭურღულია, ქავთარაძე, ჟამუტაშვილი, კავთიძე, ღვინჯილია. (1-8) გასვიანი, ზარიძე, ვეფხვაძე (ნიშნიანიძე 41), გუნიავა, გუჯარაიძე, ახვლედიანი, ბერიშვილი, ზ.მაისურაძე.
2ლ: კობერიძე, გასვიანი. ს,გ: კავთიძე.
სინბინი: ბერიშვილი.
მსაჯი: მალხაზ წულაია

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი თბილისის "ლოკომოტივი" უმაღლესი ლიგის დებიუტანტთან, თბილისის "ჯიქებთან" მარცხს სასწაულებრივ გადაურჩა. რკინიგზელებმა,
მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ, საბოლოოდ მხოლოდ ორი ქულის სხვაობით მოიგეს - 15:13.

"ლოკომოტივს" ამ მატჩში აშკარად გაუმართლა, "ჯიქებს" კი, რომლის შემადგენლობაშიც ყველაზე უფროსი მორაგბე 21 წლისაა, ფორტუნამ ზურგი შეაქცია. თამაშის დასრულებას ორი წუთი აკლდა, როცა "ჯიქები" ორ ქულას აგებდა.

ისინი მეტოქის მოედნის ნახევარზე მორკინალების მიძალებით ცდილობდნენ მოწინააღმდეგის ხაზის გაჭრას. მათი შეჩერება რკინიგზელებმა მხოლოდ წესის დარღვევით შეძლეს. ორმოცი მეტრიდან საჯარიმო გარემარბმა რამაზ ხარაზაშვილმა დაარტყა და ვერ გაიტანა.

თამაშის დრო უკვე ამოწურული იყო, როცა "ჯიქებს" კიდევ ერთხელ მიეცა შანსი საჯარიმოს გატანით "ლოკომოტივი" სენსაციურად დაემარცხებინა, თუმცა დამრტყმელს მიზანმა ამჯერადაც უმტყუნა.

არადა, მატჩის დასაწყისი "ლოკომოტივს" ცუდს არაფერს უქადდა. "ჯიქების" ახალგაზრდა მორაგბეები თავდადებით იბრძოდნენ და მეტოქეს იოლად ერთ გოჯსაც არ უთმობდნენ. სწორედ ამიტომ იყო, რკინიგზელებმა ანგარიში მხოლოდ მე-15 წუთზე რომ გახსნეს. საჯარიმო მგეზავმა ვახტანგ კავიძემ ზუსტად შეასრულა - 3:0.

ამის შემდეგ "ჯიქებს" ლელოს გატანის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა. მორკინალები ჩათვლის მისადგომს უტევდნენ. ლელომდე აღარაფერი იყო დარჩენილი, თუმცა ცხრა ნომერმა შალვა კლიმიაშვილმა ბურთი მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე უკანახაზელებს გაუტანა და შეტევა ჩაიშალა.

სამაგიეროდ, "ლოკომოტივმა" არ გაუშვა შანსი ხელიდან. 26-ე წუთზე რკინიგზელებმა დერეფანი მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 30 მეტრში მოიგეს. მერე მორკინალებმა შეტევის მიმართულების ცვლილებებით რამდენიმე მოკლე დარტყმა განახორციელეს. ბოლო ფაზაში კი მგეზავმა ვახტანგ კავთიძემ და ცხრა ნომერმა ირაკლი ღვინჯილიამ მოკლე მონაკვეთში კომბინაცია გაითამაშეს და შეტევაში ფულბეკი გიორგი კობერიძე ჩართეს. მისი შეჩერება "ჯიქებმა" ვერ მოახერხა. კავთიძემ
გარდასახა - 10:0.

"ლოკომოტივმა" 10 წუთში მორიგი ლელო მიითვალა. რკინიგზელებმა ხუთმეტრიანი დერეფნიდან მოლი ააგორეს და ჩათვლის მოედანში ბურთი პირველხაზელმა დავით გასვიანმა შეიტანა. კავთიძემ ვერ გარდასახა - 15:0. ამაზე "ჯიქებმა" ტაიმის მიწურულს მხოლოდ ერთი არეკნით უპასუხა, რომელიც მგეზავმა ნუგზარ გიორგაძემ საკმაოდ ეფექტურად გაიტანა 3:15.

მეორე ტაიმში "ლოკომოტივმა" მონაგარს ვეღარაფერი შემატა. "ჯიქები" კი, რომელსაც დასაკარგი არაფერი ჰქონდა, შეტევაში საგრძნობლად გააქტიურდა და, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებასაც იმსახურებდა. მათ ლელო მეორე ნახევრის დასაწყისშივე, 45-ე წუთზე გაიტანეს. თავი შუამარბმა გიორგი ბუბუნაურმა გამოიჩინა. 15 წუთში ხარაზაშვილმა ერთი საჯარიმოც მიითვალა -13:15.

"ჯიქები" მოედანს გულდაწყვეტილი ტოვებდა. რა ახლოს იყო გამარჯვება, მაგრამ... სიხარული არც ლოკომოტიველებს ეტყობოდათ. ცხადია, თავისი თამაშით არც უნდა ყოფილიყვნენ კმაყოფილნი.

მიუხედავად ყველაფრისა, B ჯგუფს სათავეში, ქუთაისის "აიასთან" ერთად, თბილისის "ლოკომოტივი" უდგას. თუმცა პლეი ოფში გასასვლელად რკინიგზელებს მომდევნო ტურში რუსთავის "ხარების" აუცილებლად დამარცხება მართებთ.

B ჯგუფი
III ტური
თიბისი-ხარები 7:41, აია-ყოჩები 34:0
სატურნირო მდგომარეობა
1. აია - 15 ქულა, 2. ლოკომოტივი - 14, 3. ხარები - 9, 4. ჯიქები - 6, 5, ყოჩები - 0, 6. თიბისი - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული