ჭაბუკთა A ლიგა: ლიდერობენ "ჯიქები", "ხარები", "ლელო" და "აკადემია"

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა A ლიგის გათამაშებაში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. მიუხედავად ამისა, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივე, A და B ჯგუფებში ლიდერები გამოიკვეთნენ.

A ჯგუფში დაუმარცხებელი ორია - თბილისური გუნდები "ჯიქები" და "ლელო". მათ, სავარაუდოდ, კონკურენციას "ქუთაისი 1" და თბილისის "ივერია" გაუწევენ. "ჯიქებმა" პირველი მარცხი სწორედ ქუთაისურ გუნდს აწვნია. თბილისელმა მორაგბეებმა შინ დაძაბულ ბრძოლაში მეტოქეს მხოლოდ სამი ქულით აჯობეს - 22:19.

"ლელოს" კი ბევრად სუსტი მეტოქე ჰყავდა, რაზეც მატჩის შედეგიც ნათლად მეტყველებს. ლელოელებმა თბილისის "წიქარას" დიდი ანგარიშით, 58:0 მოუგეს.

პირველი მარცხი იგემა "ივერიამაც", რომელიც სტუმრად ვერას გახდა ქუთაისის მეორე გუნდთან - 5:9. თბილისის "ლოკომოტივმა" კი ლიგის დებიუტანტ "ჯვაროსნებს" სძლია 30:7. რკინიგზელებისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო მიმდინარე სეზონში.

მომდევნო, მესამე ტურში ცენტრალური მატჩი ქუთაისში გაიმართება, სადაც "ქუთაისი 1" თბილისის "ლელოს" უმასპინძლებს. ლიდერთა ამ დაპირისპირებაში შესაძლოა, რეალური ფავორიტი გამოვლინდეს.

თბილისის "ლოკომოტივი" შინ მიიღებს ქუთაისის მეორე გუნდს. ეს თამაში გვიჩვენებს, შესწევთ თუ არა ძალა რკინიგზელებს, პლეი ოფში გასვლისთვის იბრძოლონ.

A ჯგუფი
ჯიქები-ქუთაისი 1 22:19, ჯვაროსნები-ლოკომოტივი 7:30, წიქარა-ლელო 0:58, ქუთაისი 2-ივერია 9:5.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლელო - 9 ქულა, 2. ჯიქები - 9, 3. ქუთაისი 1 - 6, 4. ივერია - 5, 5. ლოკომოტივი - 5, 6. ქუთაისი 2 - 4, 7. ჯვაროსნები - 0, 8. წიქარა - 0.

III ტური
ჯვაროსნები-ჯიქები, ივერია-წიქარა, ქუთაისი 1-ლელო, ლოკომოტივი-ქუთაისი 2

* * *

ჯერჯერობით ორი გუნდია დაუმარცხებელი B ჯგუფშიც. ესენია: თბილისის "აკადემია" და რუსთავის "ხარები". მესამე ტურში, შეიძლება ითქვას, რომ პირველი წრის უმთავრესი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ფავორიტები: "აკადემია" და "არმია" დაუპირისპირდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში დაძაბული, უშეღავათო გამოდგა. მიუხედავად დიდი ფსიქოლოგიური წნეხისა, გუნდებმა კარგი ხარისხის რაგბი ითამაშეს. გამარჯვება კი იმ დღისთვის უფრო ძლიერ "აკადემიას" დარჩა - 20:15.

არმიელებმა ერთი პრემიალური ქულა მიითვალეს და რევანშის აღებას მეორე წრეში ეცდებიან. "აკადემია" კი ცხრა ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

ამდენივე ქულა აქვს და მეორე ადგილზეა რუსთავის "ხარები", რომელმაც მეორე ტურში სტუმრად დაამარცხა თბილისის "ხულიგანა" - 33:17.

პირველი გამარჯვება მოიპოვა ოზურგეთის "არწივებმა", რომელმაც შინ შანსი არ დაუტოვა ჭიათურის "იმერეთს" - 30:7. კიდევ ერთი მატჩი "ტორნადოსა" და "ყოჩებს" შორის ფრედ, 12:12 დასრულდა.

მომდევნო, მესამე ტურში გასამართი შეხვედრების შედეგები, შეიძლება ითქვას, რომ ადვილად პროგნოზირებადია. ლიდერთა ოთხეული სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში მყოფ გუნდებს ეთამაშება.

"არმია" სტუმრად შეხვდება ოზურგეთის "არწივებს". მიუხედავად იმისა, რომ ოზურგეთელები შინ განსაკუთრებული შემართებით იბრძვიან, ვფიქრობთ, არმიელებს ბევრ პრობლემებს ვერ შეუქმნიან.

"აკადემიის" მეტოქე კი თბილისური გუნდი, "ყოჩები" იქნება, რომელიც ბოლო ორი წელიწადია, კრიზისს განიცდის. ამ კლუბის, როგორც ვაჟთა, ისე ჭაბუკთა გუნდები ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძოდნენ. სამწუხაროდ, ვითარება რადიკალურად შეიცვალა, რისი დასტურიც სტარტზე განცდილი ზედიზედ ორი მარცხია.

მეორეადგილოსანი რუსთავის "ხარები" შინ მიიღებს თბილისის "ტორნადოს", რომელმაც ორი მატჩიდან ერთი წააგო და ერთიც ფრედ ითამაშა. ტორნადოელებს სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის უნარი შესწევთ, თუმცა ყოველივე თამაშისას გამოჩნდება.

B ჯგუფი
არმია-აკადემია 15:20, ხულიგანა-ხარები 17:33, ტორნადო-ყოჩები 12:12, არწივები-იმერთი 30:7.
სატურნირო მდგომარეობა
1. აკადემია - 9 ქულა, 2. ხარები - 9, 3. არმია - 6, 4. ხულიგანა - 5, 5. არწივები - 5, 6. ყოჩები - 2, 7. ტორნადო - 2, 8. იმერეთი - 0.

III ტური
ხარები-ტორნადო, არწივები-არმია, იმერეთი-ხულიგანა, აკადემია-ყოჩები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული