გაზაფხულის ტურნირი: "აია" და "ლოკომოტივი"

AutoSharing Option
აია და ლოკომოტივი
ჯიქები-აია 21:37
ჯიქები (15-9) შარმაზანაშვილი, კალანდაძე (ბიწაძე 58), ბერძული, ბუბუნაური, ხარაზიშვილი (ნოზაძე 51), გიორგაძე, კლიმიაშვილი. (1-8) ყეულაშვილი (კვიცინაძე 71), ოქრომელიძე (გაგნიძე 58), ოქრიაშვილი, მჭედლიშვილი (ტალახაძე 64), გოგოლიძე, შენგელია, მორჩაძე (მამრიკიშვილი 53), ცირეკიძე.
2ლ: ოქრიაშვილი, ცირეკიძე. 2ს,ა: გიორგაძე. გ: შარმაზანაშვილი.
აია (15-9) ძნელაძე (გოგია 50), გოშაძე, ფრუიძე, კუხიანიძე, აბრამიძე (ცნობილაძე 59), სინაურიძე, ხამაშურიძე. (1-8) ლომიძე (არაბიძე 65), თხელიძე (მატკავა 65), ჩხიკვაძე, შალამბერიძე, ჩიტეიშვილი (ჯიმშიტაშვილი 54), რამიშვილი, შაშიაშვილი (ცირეკიძე 68), ყურაშვილი.
5ლ: ხამაშურიძე, გოშაძე, კუხიანიძე, ყურაშვილი, შაშიაშვილი. 2ს: სინაურიძე.
3გ: სინაურიძე (2), ხამაშურიძე.
სინბინი: არაბიძე
მსაჯი: უჩა ნარიმანიძე

ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გახდა ცნობილი პლეი ოფში გასული გუნდების ვინაობა B ჯგუფშიც.

ქუთაისის "აიამ" სტუმრად დაამარცხა უმაღლესი ლიგის დებიუტანტი თბილისის "ჯიქები" 37:21, ხოლო ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონმა თბილისის "ლოკომოტივმა" შინ მოუგო რუსთავის "ხარებს" - 36:10. ისევე, როგორც A ჯგუფში, პირველი ადგილის მფლობელის ვინაობა აქაც ბოლო ტურში გაირკვევა. ქუთათურები რკინიგზელებს შინ მიიღებენ.

"ვისოლის" სარაგბო სტადიონზე "აია", როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმაღლესი ლიგის დებიუტანტს, თუმცა საკმაოდ ამბიციურ "ჯიქებს" დაუპირისპირდა. პირველი ათი წუთი, შეიძლება ითქვას, რომ თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. გუნდებმა თითო საჯარიმო გაცვალეს - 3:3. თუმცა მერე "აიას" უპირატესობა ნელ-ნელა გამოიკვეთა.

მე-10 წუთზე ქუთათურებმა პირველი ლელო მიითვალეს. მარცხენა ფრთაზე მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან დერეფნის მოგების შემდეგ ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე ჩაათამაშეს და კიდესთან ახლოს მოთამაშე მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ, რომელიც ცხრა ნომრის პოზიციაზე ასპარეზობდა, პირველი ლელო გაიტანა. მგეზავმა გაგა სინაურიძემ გარდასახა - 10:3.

სამ წუთში მანვე საჯარიმოდან კიდევ უფრო გაზარდა ანგარიში - 13:10. "აია" ზეწოლას ნელ-ნელა აძლიერებდა და მორიგი ლელოს გატანა 25-ე წუთზე მოლის გამოყენებით მოახერხა. დერეფანი ქუთაისელებმა მეტოქის ლელოდან ათ მეტრში მოიგეს, მოლი ააგორეს, რომელსაც მესამეხაზელი შალვა შაშიაშვილი მეტოქისთვის მოულოდნელად მოსწყდა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. სინაურიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 20:3.

ტაიმის მიწურულს, 38-ე წუთზე, "აიამ" ძალიან ლამაზი კომბინაცია გაითამაშა და ხელდახელ ბურთაობით ეფექტური ლელო გაიტანა. შეტევა ისევ დერეფნიდან დაიწყო და იერიშში ხაზის მოთამაშეებთან ერთად მორკინალებიც გაისარჯნენ. ჩათვლის მოედანში კი ბურთი მესამეხაზელმა ბექა ყურაშვილმა შეიტანა. გარდასახვა სინაურიძეს გაუცუდდა. სამაგიეროდ, პირველი ნახევრის ბოლო წუთზე მასპინძელთა მგეზავმა გიორგაძემ საჯარიმოდან დაარტყა ზუსტად - 6:25. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ იმავე გიორგაძემ დიდოსტატური არეკნით კიდევ უფრო შეამცირა ანგარიში - 9:25. "აიამ" ძალისმიერ თამაშს თავი დაანება და ცდილობდა, მეტოქის წინააღმდეგობა ღია თამაშში, ხელდახელ ბურთაობით დაეძლია. 52-ე წუთზე ერთი ასეთი კომბინაცია ისევ ლელოთი დასრულდა. შეტევა ხამაშურიძემ მოედნის საკუთარი ნახევრიდან წამოიწყო. მას გარემარბი ბაკურ გოშაძე წამოეშველა, რომელმაც გარღვევაზე შუამარბი გიგლა კუხიანიძე გაიყვანა. ამას ლელოს გატანა არ გასჭირვებია. გარდასახვა ხამაშურიძემ დაარტყა ზუსტად - 32:9.

23-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, "ჯიქებს" წინააღმდეგობა არ შეუწყვეტიათ. მეტიც, დებიუტანტთა გუნდმა, რომელშიც ყველაზე უფროსი 21 წლისაა, 55-ე და 63-ე წუთებზე ორი ლელო გაიტანეს. თავი მორკინალებმა გიორგი ცირეკიძემ და დავით ოქრიაშვილმა გამოიჩინეს. "ჯიქების" ფულბეკმა გიორგი შერმაზანაშვილმა ორიდან ერთი გარდასახვა გაიტანა - 21:32.

თამაშის დამთავრებამდე 17 წუთი იყო დარჩენილი. მატჩის გადარჩენა სავსებით შესაძლებელი იყო. "ჯიქები" ბევრს ეცადა, მაგრამ "აიას" დაცვას ვერაფერი დააკლო. პირიქით, ქუთათურებმა ბოლო წუთზე პრემიალური ქულის მომტანი ლელო გაიტანეს. იერიშის ორგანიზატორი ამჯერადაც ხამაშურიძე იყო, რომელმაც მეტოქის ხაზი გაჭრა და 22-მეტრიან ზონაში ბურთი ფეხით შეაცურა. იქ ყველას გარემარბმა ბაკურ გოშაძემ დაასწრო და "ჯიქები" დაალელოვა. ხამაშურიძემ გარდასახვა მიზანს ვერ უწია - 37:21.

B ჯგუფი
ლოკომოტივი-ხარები 36:10, ყოჩები-თიბისი 17:12
სატურნირო მდგომარეობა
1. აია - 20 ქულა, 2. ლოკომოტივი - 18, 3. ხარები - 9, 4. ჯიქები - 6, 5. ყოჩები - 4, 6. თიბისი - 1.

თამუნა ყულუმბეგაშვილის
ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული