ლოკომოტივი (15-9) წიკლაური, ქავთარაძე, კობერიძე, კვინიხიძე, ჟამუტაშვილი, კავთიძე, ღვინჯილია. (1-8) გასვიანი (ელოშვილი 66), გენებაშვილი (ნადირაძე 60), ზარიძე, გუჯარაიძე, ნიშნიანიძე (გუნიავა 23), ახვლედიანი (გეგია 72), ბერიშვილი, ზ. მაისურაძე.
ლ: ზ. მაისურაძე. ს,გ: კავთიძე
ლელო (15-9) ყიასაშვილი, გეგენავა, თოდუა, ანდღულაძე (ხუციშვილი 41), ზაალიშვილი (ხეცოიძე 41), ჭინჭარაული, კაჭარავა. (1-8) სანიკიძე (გოგიშვილი 57), ხიდეშელი, სუჯაშვილი (პატარაია 62), ჭეიშვილი, აზალაძე, ქოიავა, სურგულაძე, ჭყოიძე (კოლელიშვილი 66).
2ლ: აზალაძე, ჭინჭარაული. 2გ,2ს: ყიასაშვილი.
მსაჯი: ნოდარ რობიტაშვილი
გაზაფხულის ტურნირის A ჯგუფის გამარჯვებული თბილისის "ლელო" ორმატჩიანი ნახევარფინალური სერიის
ამ გუნდების პაექრობა ბოლო წლებში მიდმივად უდიდეს ინტერესს იწვევს. "ლელო" და "ლოკომოტივი" ნებისმიერი გათამაშების, ეროვნული ჩამპიონატისა თუ საქართველოს თასის უმთავრესი ფავორიტები არიან. შესაბამისად, მათ შორის ბრძოლა, მით უფრო, რომ ერთმანეთის თამაშის მანერას ძალიან კარგად იცნობენ, ყოველთვის უშეღავათოდ მიმდინარეობს. ასე იყო ამჯერადაც.
თამაშის დასაწყისშივე, მე-2 წუთზე, "ლელომ" პირველივე შეტევაში საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვა და ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა ანგარიში გახსნა - 3:0, რაც დიდხანს, 37-ე წუთამდე არ შეცვლილა.
სათამაშო უპირატესობას ამ დროის განმავლობაში თითქოს რკინიგზელები ფლობდნენ, თუმცა სალელოვე შეტევის ორგანიზებას ვერაფრით ახერხებდნენ. ლელოელები თავს ყურადღებით იცავდნენ და ცდილობდნენ, მეტოქის ძალისხმევა ისე გაენეიტრალებინათ, რომ თამაშის წესი არ დაერღვიათ.
"ლოკომოტივს" ანგარიშის გაქვითვის საშუალება 22-ე წუთზე მაინც მიეცა, თუმცა მგეზავმა ვახტანგ კავთიძემ საჯარიმო ვერ გაიტანა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ "ლელოს" მორაგბეები ცდას არ აკლებდნენ, თამაში მეტოქის ნახევარზე გადაეტანათ, მაგრამ "ლოკომოტივის" უკანახაზელები იმდენად კარგად ირჯებოდნენ, რომ ბურთი მათ ნახევარზე დიდხანს არ ჩერდებოდა.
37-ე წუთზე რკინიგზელებმა მაინც მოახერხეს ანგარიშის გაქვითვა. საჯარიმო კავთიძემ ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:3.
თამაშის პირველი ნახევრის დასრულებას წამები აკლდა, როცა მოედნის ცენტრიდან მარცხენა ფრთაზე შეტევა "ლელოს" ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა წამოიწყო. ის მეურვეს გასცდა და ბურთი იქვე მიმყოლ შუამარბ ალექსანდრე თოდუას გადასცა. ამან კიდევ უფრო წინ წაიწია და მარჯვენა ფრთიდან მისაშველებლად მისულ გარემარბ ირაკლი გეგენავას გადააწოდა, რომელმაც ცხრა ნომერი გიორგი კაჭარავა ჩართო შეტევაში. ის ლელოდან ათ მეტრში შებოჭეს, თუმცა მისთვის ურთულეს მდგომარეობაში მაინც შეძლო ბურთის მეორეხაზელისთვის, ლაშა აზალაძისთვის გადაცემა, რომელმაც ლელო კარის ძელებს შორის გაიტანა.
ერთი სიტყვით, შესანიშნავი შეტევა და ძალიან ეფექტური ლელო გამოვიდა. ყიასაშვილმა გარდასახა - 10:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ "ლელოს" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა დაშავებული უკანახაზელები ნონო ანდღულაძე და ზურაბ ზაალიშვილი შეცვალა. გუნდიც უფრო მეტად გააქტიურდა და სათამაშო უპირატესობა მოიპოვა, რაც მალე ანგარიშშიც აისახა. 61-ე წუთისთვის ლელოელები 17 ქულის სხვაობით იგებდნენ - 20:3.
ანგარიში ყიასაშვილმა 50-ე წუთზე საჯარიმოთი გაზარდა - 13:3. თერთმეტ წუთში კი "ლელომ" კიდევ ერთხელ შეაღწია ჩათვლის მოედანში. რკინიგზელთა 22-მეტრიანი ზონის ხაზთან ლელოელთა სასარგებლოდ შერკინება დაინიშნა.
იქიდან გამოსული ბურთი გიორგი კაჭარავამ აიტაცა, ოდნავ წინ წაიწია და მარჯვნივ, მგეზავ გოდერძი ჭინჭარაულს გადააწოდა, რომელიც მეტოქის დაცვის ხაზში წამოქმნილ დაუცველ ზონაში შეიჭრა და ლელო გაიტანა. ყიასაშვილმა გარდასახა - 20:3.
ამის შემდეგ "ლოკომოტივი" საგრძნობლად გააქტიურდა და თამაშის დასრულებამდე დარჩენილი დრო შეტევაში გაატარა, თუმცა მეტოქის ჩათვლის მოედანში შეღწევა მხოლოდ ერთხელ მოახერხა. 70-ე წუთზე "ლელოს" 22-მეტრიან ზონაში რკინიგზელებმა საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს, თუმცა მათ მსაჯს შერკინების დანიშვნა სთხოვეს.
"ლოკომოტივმა" მოწინააღმდეგის შერკინების ოდნავ დაძვრა შეძლო. მერე ბურთი მესამეხაზელმა ზვიად მაისურაძემ აიტაცა, რომლის შეჩერებაც ლელოელებმა ვერაფრით მოახერხეს. კავთიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 10:20.
რკინიგზელებმა მატჩის მიწურულს ანგარიშის კიდევ უფრო შემცირების კარგი შანსი გაუშვეს ხელიდან. ბოლო ორი წუთი "ლოკომოტივმა" მეტოქის ჩათვლის მოედნის მისადგომებთან გაატარა, თუმცა თავგანწირვით მოთამაშე ლელოელების დაცვის გარღვევა ვერაფრით შეძლო.
საბოლოოდ, გამარჯვება 10 ქულის სხვაობით "ლელოს" დარჩა და ახლა, განმეორებით მატჩში, 22 მაისს, "ლოკომოტივი" ამ ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად უნდა გაისარჯოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"