გაზაფხულის ტურნირი: "ლოკომოტივს" მეტმა ლელომ უშველა

AutoSharing Option
ლელო-ლოკომოტივი 18:28
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ზაალიშვილი, თოდუა, ხუციშვილი, ცერცვაძე (გეგენავა 55), ხმალაძე, კაჭარავა. (1-8) გოგიშვილი (სანიკიძე 41), ორეგველიძე (ხიდეშელი 20), სუჯაშვილი, ჭეიშვილი, აზალაძე, კვერნაძე, კოლელიშვილი, ჭყოიძე.
6ს: ყიასაშვილი.
ლოკომოტივი (15-9) წიკლაური, ბიწაძე, ჭურღულია, გოგიშვილი (კობერიძე 35), ქავთარაძე, კავთაძე, ღვინჯილია. (1-8) გასვიანი, ზარიძე (მენაბდიშვილი 34), ვეფხვიძე, ნიშნიანიძე (გუნიავა 65), გუჯარაიძე, ბერიშვილი, ნადირაძე, ზ. მაისურაძე.
3ლ: ზ. მაისურაძე, ზარიძე, ღვინჯილია. 2გ,3ს: კავთიძე.
მსაჯი: დ. ჩორგოლეიშვილი

გაზაფხულის ტურნირის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონმა თბილისის "ლოკომოტივმა" "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" თბილისის "ლელოს" ათი ქულის
სხვაობით, 28:18 მოუგო.

რკინიგზელებს პირველი შეხვედრა ამდენივე ქულით ჰქონდათ წაგებული. დებულების თანახმად, ამ შემთხვევაში უპირატესობა იმ გუნდს ენიჭება, ვინც მეტი ლელო გაიტანა. ამ მაჩვენებლით ლოკომოტივმა 4:2 მოიგო და ფინალში გავიდა.

პირველ მატჩში ათი ქულის სხვაობით მოგების შემდეგ "ლელოს" ასეთი სუსტი თამაში ყველასთვის მოულოდნელი იყო. ლელოელებმა მთელი მატჩის განმავლობაში ერთი სალელოვე შეტევაც კი ვერ განახორციელეს და 18 ქულას მხოლოდ საჯარიმოების წყალობით მოუყარეს თავი.

რკინიგზელებმა პირველ მატჩთან შედარებით ორი ცვლილება განახორციელეს. ძირითად შემადგენლობაში არ იყვნენ გუნდის გამოცდილი მორაგბეები, ბობა კვინიხიძე და გიორგი კობერიძე.

სამაგიეროდ, "ლელოს" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ხუთი მოთამაშე შეცვალა. ტრავმის მოშუშების შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ მგეზავი ლაშა ხმალაძე და გარემარბი თორნიკე ცერცვაძე. თუმცა მათი გამოჩენა გუნდს თითქმის არაფერში დატყობია.

ლელოელებმა არამარტო ანგარიშში, არამედ თამაშის თითქმის ყველა კომპონენტში წააგეს. მათ ვერაფრით შეძლეს მოედნის ცენტრიდან პირველი დარტყმის შემდეგ ბურთის აღება. დათმეს, როგორც მეტოქის, ისე საკუთარი დერეფანი.

პირველ ნახევარში ვერაფერი მოუხერხეს რკინიგზელთა შერკინებას. შესვენების შემდეგ მდგომარეობა ოდნავ კი გამოასწორეს, მაგრამ შერკინებიდან ბურთი თავისუფლად ვერ გამოჰქონდათ. მეტიც, მეორე ტაიმის დასაწყისში საკუთარ ხუთმეტრიან ზონასთან დანიშნული შერკინებიდან ისეთი ლელო მიიღეს, რაც ასეთი დონის გუნდს, "ლელო" რომ არის, არაფრით ეპატიება.

ყოველივე ეს, ანუ ის, რომ "ლელომ" თამაში ვერაფრით ააწყო, ცხადია, "ლოკომოტივის" დამსახურებაა.

რკინიგზელები სათამაშოდ ბევრად უფრო მობილიზებულნი და მოგების წყურვილით შეპყრობილები გამოვიდნენ.

ანგარიში თამაშის მე-5 წუთზე "ლელოს" ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა გახსნა - 3:3. "ლოკომოტივმა" ხუთ წუთში მგეზავის, ვახტანგ კავთიძის საჯარიმოთი გაათანაბრა. აშკარად ჩანდა, რომ მატჩის დებიუტში გუნდები ფრთხილობდნენ.

თამაშის მკვეთრად გამწვავებას არ ცდილობდნენ და ერთმანეთის მიერ დაშვებულ შეცდომებს ელოდებოდნენ. მე-14 წუთზე ყიასაშვილმა "ლელო" ისევ საჯარიმოთი დააწინაურა.

"ლოკომოტივმა" პირველი ლელო 26-ე წუთზე გაიტანა, რასაც წინ "ლელოს" მიერ დაშვებული შეცდომების მთელი კალეიდოსკოპი უძღოდა.

ლელოელებმა ორი წუთის განმავლობაში ზედიზედ სამი საკუთარი დერეფანი წააგეს - ჯერ მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში, მერე ოდნავ მოშორებით, დაახლოებით 25 მეტრში. ბოლოს კი საკუთარი ჩათვლის მოედნიდან 20 მეტრში ააგდეს ბურთი უხეიროდ.

იმდენი მოახერხეს, რომ ბოლოს აუტი მეტოქის ნახევარზე "ლოკომოტივმა" მოაწოდა. მორკინალებმა რამდენიმე მოკლე დარტყმა განახორციელეს.

აიღე-მიეძალეს მეთოდით თამაში რკინიგზელებს შესანიშნავად გამოსდით. ბოლო მიძალება მესამეხაზელმა ზვიად მაისურაძემ განახორციელა და ლელო ალამთან ახლოს გაიტანა. კავთიძემ ვერ გარდასახა - 8:6.

"ლელო" ოთხ წუთში ისევ ყიასაშვილმა დააწინაურა - 9:8, თუმცა ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე "ლოკომოტივმა" მორიგი ლელო მიითვალა.

დერეფანი რკინიგზელებმა მარცხენა ფრთაზე, მეტოქის ლელოდან 22 მეტრში მოიგეს და იქვე შეუტიეს.

მორკინალების ორი მოკლე დარტყმის შემდეგ ბურთი მარცხნივ გრძელ ფრთაზე ჩაათამაშეს. "ლელომ" იერიშის შეყოვნება შეძლო, მაგრამ რაკიდან ბურთი მაისურაძემ აიტაცა და თანაგუნდელებთან ერთად მოლის ფორმირება მოახერხა.

რამდენიმე ბიძგის შემდეგ მოლს შერკინების კვაჭი ლევან ზარიძე მოწყდა და ლელოში შეაღწია. კავთიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 15:9.

ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ყიასაშვილმა კიდევ ერთხელ დაარტყა ზუსტად საჯარიმოდან და ანგარიშში სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა - 12:15. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

ეს ანგარიში, მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, "ლოკომოტივს" ხელს არაფრით აძლევდა. მით უფრო, რომ შესვენების შემდეგ "ლელომ" ორ წუთში ყიასაშვილის საჯარიმოთი ანგარიშის გათანაბრება შეძლო - 15:15.

სწორედ ამის შემდეგ, 49-ე წუთზე, ლელოელებმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს. შერკინება მათ სასარგებლოდ საკუთარი ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში დაინიშნა. ბურთი შერკინებიდან გამოუვარდათ და ლელოში შეგორდა, რომელთანაც ყველაზე სწრაფად რკინიგზელთა ცხრა ნომერი ირაკლი ღვინჯილია გაჩნდა. გარდასახვა კავთიძემ გაიტანა - 22:15.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს შეცდომა საბედისწერო გამოდგა. თამაშის დამთავრებამდე 30 წუთი იყო დარჩენილი, მაგრამ "ლელომ" თამაშში გარდატეხის შეტანა ვარაფრით შეძლო.

კავთიძის ორ საჯარიმოს ყიასაშვილმა ერთით უპასუხა და ფინალის საგზური "ლოკომოტივმა" დამსახურებულად მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
და სურათები,რომ მეტი დადოთ,დანაშაულია?!! ამიტომაცააა.. მომხარებელი,რომ შეგიმცირდათ~!
Qartveli
12:04 23-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული