"არმია" გაზაფხულის ტურნირშიც საუკეთესოა

AutoSharing Option
გაზაფხული ტურნირი. ფინალი. "ავჭალის სარაგბო სტადიონი"
ლოკომოტივი-არმია 12:13
ლოკომოტივი (15-9) წიკლაური, გ. ბიწაძე, ქავთარაძე, ჟამუტაშვილი, კავთიძე, ღვინჯილია. (1-8) გასვიანი, ზარიძე (გენებეაშვილი 70), ვეფხვაძე, გუჯარაიძე, გუნიავა (ნიშნიანიძე 51), ბერიშვილი (თავბერიძე 51), ნადირაძე, მაისურაძე.
3ს: კავთიძე. ა: წიკლაური
არმია (15-9) კობახიძე (ნიკოლავა 55), ტუჩაშვილი, მჭედლიძე, ჩხიკვაძე, გაბროშვილი, ნინიძე, სამხარაძე. (1-8) კაკოვინი (დონაძე 60), მეკოკიშვილი (მამუკაშვილი 59), ხოსიტაშვილი (კაკოვინი 68), ჩიტიძე, ცხადაძე (ბ. ბიწაძე 50), კალმახელიძე, თხილაიშვილი, ბუჯიაშვილი.
ლ: კაკოვინი. 2ს: კობახიძე. გ: ნიკოლავა.
მსაჯი: დ. ჩერგოლეიშვილი

გაზაფხულის ტურნირის ბოლო, ფინალურ მატჩში "ავჭალის
სარაგბო სტადიონზე" ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებულსა და თასის მფლობელს, "არმიას" დაუპირისპირდა.

თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, უაღრესად დაძაბული და უშეღავათო გამოდგა. არმიელებმა მეტოქეს გამარჯვება მატჩის ბოლო წამებზე გამოსტაცეს ხელიდან - 13:12.

საგულისხმოა, რომ ფინალში ერთმანეთს ჯგუფურ ტურნირში მეორე ადგილზე გასული გუნდები შეხვდნენ.

ორივემ პლეი ოფში ბევრად უკეთ იასპარეზა, ვიდრე პირველ ეტაპზე და თამაშიდან თამაშამდე უმატებდნენ.

რკინიგზელები საასპარეზოდ საბრძოლო შემადგენლობით გამოვიდნენ. "არმიას" კი ძირითადის ორი ტრავმირებული მორაგბე, მგეზავი გიორგი ელიზბარაშვილი და გარემარბი გიორგი შკინინი აკლდა. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არმიელებს საკმაოდ გრძელი სათადარიგო სკამი აქვთ და წამყვანი მოთამაშეების არყოფნა, როგორც წესი, დიდად არ ეტყობათ.

"ლოკომოტივმა" თამაში უფრო აქტიურად დაიწყო და დაახლოებით რვა წუთი მეტოქის ნახევარზე გაატარა.

მორკინალები ჩვეულად, მოკლე დარტყმებითა და წყვილ-წყვილად მიძალებით ცდილობდნენ მეტოქის დაცვის წინააღმდეგობის დაძლევას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, შერკინებაში რომელი გუნდი მოიპოვებდა უპირატესობას. პირველი რკენა "ლოკომოტივმა" მოიგო და მეტოქის შერკინება წამოიღო. მეორე ცდაზე არმიელები უფრო მწყობრად მიაწვნენ და ახლა ბურთი მათ დარჩათ. ერთი სიტყვით, გადამწყვეტ უპირატესობას ვერცერთმა მიაღწია.

"არმიას" პირველივე გადასვლა მეტოქის სათამაშო მოედნის ნახევარზე შედეგიანი გამოდგა. მე-10 წუთზე, რაკში თამაშისას, ლოკომოტიველებმა წესი დაარღვიეს და არმიელთა შტატიანმა დამრტყმელმა, ფულბეკმა ბახვა კობახიძემ საჯარიმოთი ანგარიში გახსნა - 3:0.

"ლოკომოტივს" ტემპი არ შეუნელებია. ისინი ჩვეული შემართებით ცდილობდნენ მეტოქის შევიწროებას, თუმცა ამას მხოლოდ მორკინალები აკეთებდნენ. ვერ ვიტყვით უკანახაზელები პასიურობდნენო, მაგრამ ჩანდა, რომ ძირითადი აქცენტი რკინიგზელებს შერკინების მძიმე და მობილური ფორვარდების ძალისხმევაზე ჰქონდათ გადატანილი.

მალე, ხუთ წუთში "ლოკომოტივმა" ანგარიშის გათანაბრება შეძლო. საჯარიმო რკინიგზელთა მგეზავმა ვახტანგ კავთიძემ გაიტანა - 3:3.

ეს ანგარიში ტაიმის მიწურულამდე შენარჩუნდა. გუნდები ჯიუტად ცდილობდნენ თავიანთი ტაქტიკური მონახაზების შესრულებას, თუმცა თავდადებით მოთამაშე ურთიერთის დაცვას ვერაფერს უხერხებდნენ. ანგარიშის გაზრდა კობახიძეს ისევ საჯარიმოთი შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა.

პირველი ნახევრის დასრულებას სამი წუთი აკლდა, როცა იმავე კობახიძემ საჯარიმო ზუსტად დაარტყა და "არმია" დააწინაურა - 6:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ "ლოკომოტივი" უპირატესობას დაეუფლა და თითქმის 30 წუთის განმავლობაში მეტოქე საკუთარ ნახევარზე ჰყავდა გამოკეტილი. რკინიგზელები "არმიას" მორაგბეების შეცდომების მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობდნენ. 49-ე წუთზე კავთიძემ ანგარიში საჯარიმოდან გაათანაბრა - 3:3.

სამ წუთში კი ანგარიშში რკინიგზელები დაწინაურდნენ - მორკინალებმა მეტოქის დაცვის ხაზის გარღვევა შეძლეს, თუმცა არმიელებმა დროულად მოახერხეს გადაწყობა. შეტევის ლოგიკურად გაგრძელების არცერთი ვარიანტი არ ჩანდა. სწორედ ამ სიტუაციაში ფულბეკმა ბექა წიკლაურმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო და 35 მეტრიდან არეკნით ბურთი კარის ძელებს შორის გაატარა.

მომდევნო 10-15 წუთის განმავლობაში წიკლაური ყველაზე გამორჩეული და აქტიური ფიგურა იყო მოედანზე. მან ორჯერ არეკნით და ამდენჯერვე საჯარიმოდან სცადა ცენტრიდან გატანა, მაგრამ მიზანში ვერ გაარტყა.

ბოლო არეკნის შემდეგ ბურთი "არმიას" კარის წინ დაეშვა, მაგრამ შეცვლაზე შესულ ფულბეკ საბა ნიკოლავას ის ხელიდან გაუვარდა. შერკინება არმიელთა ლელოდან ხუთ მეტრში დაინიშნა.

რკინიგზელებმა ჩვეული ხერხით სცადეს მიზნის მიღწევა, მაგრამ მეტოქემ თავის დაცვა შეძლო. ბურთი მოედნის ცენტრისკენ გაიტანეს. სიტუაცია თითქოს განიმუხტა და იქვე "არმიას" მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი არბიტრმა ბინძური თამაშისთვის დააჯარიმა. კავთიძემ საკმაოდ რთული პოზიციიდან გაიტანა - 12:6. ეს თამაშის 63-ე წუთზე მოხდა.

"არმიამ" მარცხის საშიშროება იგრძნო და ბოლო ათ წუთში მობილიზება მოახერხა. მათ ეს დასკვნითი პერიოდი მთლიანად შეტევაში გაატარეს.

თამაშის დასრულებას ოთხი წუთი აკლდა, როცა "არმიამ" მრავალფაზიანი შეტევა განახორციელა - ჯერ მარჯვნივ ჩაათამაშეს ბურთი. იქ ლოკომოტიველები მაგრად დადგნენ; მერე მარცხნივ გრძელ ფთაზე გამოიტანეს, სადაც რიცხობრივ უპირატესობაში აღმოჩნდნენ. შუამარბი ირაკლი ჩხიკვაძე ჩათვლის მოედანში შეიჭრა, მაგრამ დამიწებისას ბურთი ხელიდან გაუვარდა.

ასეთი დასანანი შეცდომის მიუხედავად, არმიელებმა გამარჯვების ლელოს გატანა მაინც მოახერხეს. მათ ოთხი საჯარიმო არ დაარტყეს კარში, ჯიუტად ცდილობდნენ, იერიში დერეფნიდან წამოეწყოთ.

მატჩისთვის განკუთვნილი დრო ამოწურული იყო, როცა "არმიას" მორკინალები მოკლე დარტყმებით მიუახლოვდნენ ჩათვლის მოედანს. ბოლოს რაკიდან ბურთი შერკინების ბურჯმა გოგა კაკოვინმა აიტაცა და ლელო კარის ძელთან ახლოს გაიტანა. გარდასახვა ნიკოლავამ ზუსტად დაარტყა და მატჩიც დასრულდა - 13:12.

"არმია" გაზაფხულზეც საუკეთესოა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უნდა აღინიშნოს რომ, მსაჯმა თამაში არ დაამთავრა სანამ არმიას ლელო არ დაადებინა.
qetato
23:52 28-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული