ჭაბუკთა ლიგა: "ლელომ", "აკადემიამ" და "ხარებმა" წაგება არ იციან

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა A ლიგაში მორიგი, მეექვსე ტურის მატჩები გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირში მონაწილე 16 გუნდი ორ, A და B ჯგუფშია განაწილებული. პლეი ოფში კი ორ-ორი საუკეთესო განაგრძობს პირველობისთვის ბრძოლას.

A ჯგუფში დამაჯერებლად ლიდერობს თბილისის "ლელო", რომელმაც ექვსი თამაშიდან ექვსივე მოიგო. ლელოელებმა მეექვსე ტურში საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს თბილისის "ივერია" - 22:10. "ლელოს" ახლა 26 ქულა აქვს. მას ექვსი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა თბილისის "ჯიქები", რომელმაც იოლად მოუგო თბილისის "ლოკომოტივს" - 41:8.

20 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა
ქუთაისის პირველი გუნდი, რომელმაც თანაქალაქელთა მეორე გუნდს სძლია დაძაბულ ბრძოლაში 24:17. "ქუთაისი 2" ლიდერებს ოდნავ ჩამორჩა და ახლა 14 ქულით მე-4 ადგილზეა.

აუტსაიდერების, "წიქარასა" და "ჯვაროსნების" დავაში გამარჯვება ამ უკანასკნელს დარჩა - 43:13. ეს "ჯვაროსნების" პირველი წარმატება იყო მიმდინარე სეზონში.

A ჯგუფი

წიქარა-ჯვაროსნები 13:43. ლოკომოტივი-ჯიქები 8:41, ქუთაისი 2-ქუთაისი 1 17:24, ივერია-ლელო 10:22.

სატურნირო მდგომარეობა
1. ლელო - 26 ქულა, 2. ჯიქები - 20, 3. ქუთაისი 1 - 20, 4. ქუთაისი 2 - 14, 5. ივერია - 14, 6. ლოკომოტივი - 11, 7. ჯვაროსნები - 5, 8. წიქარა - 0.

* * *

B ჯგუფში წაუგებლად ასპარეზობენ თბილისის "აკადემია" და რუსთავის "ხარები". ორივე გუნდმა ექვსი შეხვედრიდან ხუთი მოიგო და თითო-თითო ფრედ ითამაშა. სატურნირო ცხრილს კი სათავეში 25 ქულით რუსთაველები უდგანან, რადგან ერთი პრემიალური ქულით მეტი აქვთ მოპოვებული.

"ხარებმა" მეექვსე ტურში სტუმრად დაამარცხეს თბილისის "ყოჩები" - 45:5. "აკადემიამ" კი, რომელიც რუსთაველებს ერთი ქულით ჩამორჩება, ურთულეს ბრძოლაში სძლია თბილისის "ხულიგანას" - 16:12.

ხულიგანელებს 21 ქულა აქვთ და მესამე ადგილზე არიან. მათ პლეი ოფში გასვლის შანსი ჯერ ისევ არ დაუკარგავთ.

ნახევარფინალში გასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებს ოზურგეთის "არწივები", რომელმაც სტუმრად მშრალი ანგარიშით მოუგო თბილისის "ტორნადოს" - 15:0. ამავე ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში "არმიამ" ჭიათურის "იმერეთი" გააწბილა - 34:11.

B ჯგუფი
აკადემია-ხულიგანა 16:12, ტორნადო-არწივები 0:15, ყოჩები-ხარები 5:45, არმია-იმერეთი 34:11.

სატურნირო მდგომარეობა
1. ხარები - 25 ქულა, 2. აკადემია - 24, 3. ხულიგანა - 21, 4. არწივები - 18, 5. არმია - 17, 6. ყოჩები - 4, 7. იმერეთი - 4, 8. ტორნადო - 3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული