ჭაბუკთა ლიგა: რვიდან შვიდი ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა B ლიგაში XI ტურის მატჩებით გათამაშების პირველი ეტაპი დასრულდა.

ჯერჯერობით გარკვეულია ოთხიდან მხოლოდ სამი გუნდის ვინაობა, რომლებიც შემოდგომის დადგომისთანავე დასავლეთ ზონაში გამარჯვებულებს შეუერთდებიან და პირველობისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

მეოთხე გუნდის ვინაობის გაურკვევლობა კი იმ ინციდენტმა გამოიწვია, რომელიც A ჯგუფში თბილისის "ლელოს" პირველ გუნდსა და "არმიას" შორის მატჩში მოხდა. თამაშის 56-ე წუთზე, როცა ლელოელები 9:0-ს იგებდნენ, მოედანზე ჩხუბი ატყდა.

მატჩის არბიტრმა კომისართან ერთად გადაწყვიტა, რომ თამაშის გაგრძელება შეუძლებელი იყო და შეხვედრა ჩაიშალა.

აღსანიშნავია, რომ "ლელო 1"-ს გამარჯვება სატურნირო თვალსაზრისით
არაფერს აძლევდა, "არმიას" კი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად აუცილებლად უნდა მოეგო.

თამაშის პერიპეტიებზე უახლოეს დღეებში საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს და ვერდიქტსაც გამოიტანს.

A ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო თბილისის "ჯიქებმა", რომელმაც ბოლო ტურში "ლელო 2" დაამარცხა - 129:3 და 44 ქულა დააგროვა. "ჯიქები" პლეი ოფში ითამაშებენ.

დღეისათვის სატურნირო ცხრილის მე-2 საფეხური უკავია რუსთავის "ხარებს", რომელმაც შინ სძლია პატარძეულის "ვეფხვებს" 62:0. რუსთაველებს 42 ქულა აქვთ. მათ ერთი ქულით ჩამორჩება "არმია", თუმცა თუ სადისციპლინო კომიტეტმა არმიელები დასაჯა, მაშინ შემდეგ ეტაპზე ასპარეზობას "ხარები" განაგრძობს.

ამავე ჯგუფში თბილისის "ტორნადო" მშრალი ანგარიშით დამარცხდა თბილისის "ყოჩებთან" - 0:28.

გათამაშების დებიუტანტმა თბილისის "ჯვაროსნებმა" შარშანდელი ტურნირის ფავორიტ თბილისის "ივერიას" მოუგო - 29:20.

B ლიგა. აღმოსავლეთი ზონა
A ჯგუფი
ჯვაროსნები-ივერია 29:20, ხარები-ვეფხვები 62:0, ტორნადო-ყოჩები 0:28, ჯიქები-ლელო 2 129:3, არმია-ლელო 1 (ჩაიშალა).

სატურნირო მდგომარეობა
1. ჯიქები - 44 ქულა, 2. ხარები - 42, 3. არმია - 41, 4. ყოჩები - 30, 5. ლელო 1 - 29, 6. ჯვაროსნები - 23, 7. ტორნადო - 21, 8. ივერია - 20, 9. ლელო 2 - 9, 10. ვეფხვები - 5, 11. მუტრუკები - 0.

* * *
B ჯგუფიდან მეორე ეტაპზე თბილისური გუნდები, "აკადემია" და "ხულიგანა" გავიდნენ. აკადემიელებმა ტურნირი მხოლოდ ერთი წაგებით დაასრულეს და 44 ქულა დააგროვეს.

ბოლო ტურში მათ შინ დიდი ანგარიშით, 101:0 მოუგეს კასპის "თსუ ლომებს". "ხულიგანამ" კი, რომელიც ჯგუფის გამარჯვებულს ქულით ჩამორჩა, კიდევ უფრო გამანადგურებელი ანგარიშით სძლია დებიუტანტ თბილისის "ჩოხოსნებს" - 156:0.

აღსანიშნავია, რომ "ხულიგანას" მსგავსად, 43 ქულა დააგროვა თბილისის "არმაზმაც", თუმცა ვინაიდან ურთიერთშეხვედრაში "ხულიგანამ" 35:11 აჯობა, უპირატესობაც მას მიენიჭა. არმაზელებმა ბოლო ტურში უშანსოდ დატოვეს გათამაშების დებიუტანტი "წიქარა" - 138:3.

ამავე ჯგუფში თბილისის "თიბისიმ" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა დედოფლისწყაროს "მიმინო" - 7:5.

გურჯაანის "კახები" კი შინ დამარცხდა თბილისის "ლოკომოტივის" მეორე გუნდთან - 14:20.

B ჯგუფი
აკადემია-თსუ ლომები 101:0, წიქარა-არმაზი 3:138, ჩოხოსნები-ხულიგანა 0:156, თიბისი-მიმინო 7:5, კახები-ლოკომოტივი 2 14:20.

სატურნირო მდგომარეობა
1. აკადემია - 44 ქულა, 2. ხულიგანა - 43, 3. არმაზი - 43, 4. ლოკომოტივი 1 - 37, 5. კახები - 25, 6. მიმინო - 19, 7. თიბისი - 16, 8. თსუ ლომები - 15, 9. ჩოხოსნები - 14, 10. ლოკომოტივი 2 - 9, 11. წიქარა - 0.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთ ზონიდან შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე ქუთაისის სამი გუნდი და ფოთის "რაინდები" გავიდნენ.

შეჯიბრება პირველ სექტემბერს დაიწყება. რვა გუნდი ორ ჯგუფად გაიყოფა და ორწრიანი დაპირისპირების შემდეგ ჩემპიონის ვინაობას ორ-ორ საუკეთესო პლეი ოფში გაარკვევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული