საქართველოს ჩემპიონატი პირველი სექტემბრიდან ახალი ფორმატით დაიწყება

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი წლეულს უჩვეულო დროს, 1 სექტემბერს დაიწყება.

რაგბის კავშირმა შარშან, წლის ბოლოს გადაწყვიტა, ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი შეცვალოს.

გათამაშება შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით გაიმართება და უმაღლეს ლიგაში, რვა გუნდის ნაცვლად, ათი იასპარეზებს.

ჩემპიონატს წინ უძღოდა გარდამავალი, გაზაფხულის ტურნირი, რომელიც ქვეყნის ჩემპიონის, "არმიას" გამარჯვებით დასრულდა. უმაღლესი ლიგის ათი გუნდიდან სამი რეგიონებიდანაა - რუსთავის "ხარები", ქუთაისის "აია" და "ბათუმი XV". მათგან, სავარაუდოდ, სამივეს პრეტენზია აქვს, პლეი ოფში გააღწიოს.

ტურნირის ფავორიტები, ზემოხსენებული გუნდების გარდა, იქნებიან: "არმია", "ლელო" და "ლოკომოტივი".

ცხადია, სტატისტის როლში ყოფნას არც "აკადემია",
"ყოჩები" და "ჯიქები" აპირებენ. ეს უკანასკნელი უმაღლესი ლიგის დებიუტანტია და გაზაფხულის ტურნირზე ასპარეზობისას აჩვენა, რომ იოლად არავის არაფერს დაუთმობს.

ქვეყნის ჩემპიონმა "არმიამ" სატრანსფერო პერიოდში ოთხი მორაგბე დაიმატა და ოთხივე მორკინალია. ქვეყნის საუკეთესო გუნდის ღირსებას მომავალ სეზონში შერკინების ბურჯები დავით გურგენიძე და გიორგი ზაქაშვილი დაიცავენ. შერკინების მეორე ხაზს კი ლაშა აზალაძე და ილია სურგულაძე გააძლიერებენ.

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა თბილისის "ლოკომოტივმა" კი შევსება საკუთარი სკოლიდან მიიღო. ერთადერთი სერიოზული დანამატი რკინიგზელთათვის "ლელოდან" უკან მიბრუნებული შუამარბი რატი ხუციშვილია.

თავად "ლელოს" კი საფრანგეთიდან დაუბრუნდა შერკინების კვაჭი რეზო ბელქანია. ჰართფურის სარაგბო აკადემიაში სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა გარემარბმა სანდრო ნიჟარაძემ მშობლიურ "ყოჩებს" უგანა და "ლელოში" ჩაირიცხა. ლელოელებს მეორე ხაზში ყოფილი არმიელი ლევან დარასელია გააძლიერებს.

სერიოზული შევსება აქვს ბოლო წლების უდავო ფავორიტს ქუთაისის "აიას". საფრანგეთიდან გუნდს დაუბრუნდა ცხრა ნომერი გიორგი როხვაძე, ხოლო პოლონეთიდან - ფულბეკი სერგო კვერნაძე.

უკანა ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ იოსებ კიკვაძე და ახალგაზრდული ნაკრების წევრი გიორგი ფრუიძე. შერკინებაში ქუთათურებს ირაკლი დგებუაძე და შაკო შანშიაშვილი დაეხმარებიან.

საკმაოდ მოღონიერდა და, სავარაუდოდ, ლიდერთა ბრძოლაში ჩაებმება თბილისის "არმაზი". ამ გუნდის ღირსებას მომავალ ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების გარემარბი ირაკლი მაჩხანელი დაიცავს, რომელმაც საფრანგეთში თამაშს ისევ სამშობლო არჩია.

არმაზელთა ახალწვეულები არიან მორკინალები არჩილ ბეჟიაშვილი და თორნიკე ჯიბლაძე. გუნდში მრავლად არიან "არმაზის" ბავშვთა გუნდებში აღზრდილებიც.

საგრძნობლად გაძლიერდა და ამბიციური გახდა "ბათუმი XV", რომელმაც ქუთაისის "აიადან" გამოცდილი შუამარბები - ირაკლი გიორგაძე და თორნიკე აშვეთია დაიმატა.

გუნდის წარმმართველი ძალა იქნება ცხრა ნომრისა და მგეზავის, შესაბამისად, გიორგი ბეგაძისა და შავლეგ მახარაშვილის დუეტი.

ბეგაძე ეროვნული ნაკრების, ხოლო მახარაშვილი საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების წევრია. მესამე ხაზში კი ბათუმელთა რიგებში გამოცდილი მორაგბეები - კახაბერ უჩავა, ზაზა ჩირგაძე და როლანდ ბერიძე გაირჯებიან.

დანარჩენი გუნდები, "აკადემია", "ჯიქები", "ხარები" და "ყოჩები" საკუთარი სარაგბო სკოლების აღზრდილებით გაძლიერდნენ. ერთი სიტყვით, ქართულ კლუბებში ტენდენცია შეიცვალა. აქამდე თუ მხოლოდ მორაგბეთა გადინება ჭარბობდა, ახლა გამოცდილი მოთამაშეები ნელ-ნელა უკან ბრუნდებიან.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩემპიონატი სტარტს 1 სექტემბერს აიღებს და 8 დეკემბერს, მე-12 ტურის მატჩების შემდეგ, ზამთრის შესვენება გამოცხადდება. გათამაშება, სავარაუდოდ, თებერვლიდან განახლდება.

უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის გუნდები იასპარეზებენ პირველ ლიგაში. აქ თექვსმეტი გუნდი ორ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონაში ითამაშებს. აღმოსავლეთში ათიდან ორი გუნდი რეგიონისაა: პატარძეულის "ვეფხვები" და გარდაბნის "მგლები". მათ გარდა, სხვა ყველა თბილისიდანაა: "ხულიგანა", "თიბისი", "დევები", "დინამო", "ივერია", "ტორნადო", "სტუ" და "ბარბაროსები".

საკმაოდ მრავალფეროვანია გეოგრაფია დასავლეთ ზონაში, სადაც პირველ ეტაპზე ექვსი გუნდი იასპარეზებს. ფავორიტს, ქუთაისის "ბაგრატს" პირველობას ფოთის "რაინდები", ოზურგეთის "არწივები", ბათუმის "დელფინები", საჩხერის "ჯრუჭი" და "მარტვილი" შეეცილებიან.

პირველ ლიგაში გათამაშება სტარტს 2 სექტემბერს აიღებს. ჭაბუკთა A და B ლიგებში კი შეჯიბრება 4 სექტემბრიდან განახლდება.

I წრე
1 სექტემბერი
არმია-ჯიქები, აია-ბათუმი XV, ლოკომოტივი-ყოჩები, ლელო-აკადემია, არმაზი-ხარები.

8 სექტემბერი
ხარები-ჯიქები, არმია-აია, ბათუმი XV-ლოკომოტივი, ყოჩები-ლელო, აკადემია-არმაზი.

15 სექტემბერი
ჯიქები-აია, ლოკომოტივი-არმია, ლელო-ბათუმი XV, არმაზი-ყოჩები, ხარები-აკადემია.

22 სექტემბერი
აკადემია-ჯიქები, აია-ლოკომოტივი, არმია-ლელო, ბათუმი XV-არმაზი, ყოჩები-ხარები.

29 სექტემბერი
ლოკომოტივი-ჯიქები, ლელო-აია, არმაზი-არმია, ხარები-ბათუმი XV, ყოჩები-აკადემია

6 ოქტომბერი
ჯიქები-ყოჩები, ლოკომოტივი-ლელო, აია-არმაზი, არმია-ხარები, ბათუმი XV-აკადემია.

13 ოქტომბერი
ლელო-ჯიქები, ლოკომოტივი-არმაზი, ხარები-აია, აკადემია-არმია, ყოჩები-ბათუმი XV.

20 ოქტომბერი
ბათუმი XV-ჯიქები, არმაზი-ლელო, ლოკომოტივი-ხარები, აია-აკადემია, არმია-ყოჩები.

27 ოქტომბერი
ჯიქები-არმაზი, არმია-ბათუმი XV, ყოჩები-აია, აკადემია-ლოკომოტივი, ხარები-ლელო.

II წრე
3 ნოემბერი
ჯიქები-არმია, ბათუმი XV-აია, ყოჩები-ლოკომოტივი, აკადემია-ლელო, ხარები-არმაზი.

1 დეკემბერი
ჯიქები-ხარები, აია-არმია, ლოკომოტივი-ბათუმი XV, ლელო-ყოჩები, არმაზი-აკადემია

8 დეკემბერი
აია-ჯიქები, არმია-ლოკომოტივი, ბათუმი XV-ლელო, ყოჩები-არმაზი, აკადემია-ხარები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული