დავით კაკაბაძე: "ხარებს" კარგი მომავალი თაობა ეზრდება

AutoSharing Option
სარაგბო კლუბი რუსთავის "ხარები" ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ტრადიციების მქონეა საქართველოში. მას შემდეგ, რაც ეროვნული ჩემპიონატი ტარდება, რუსთაველებმა ყველა სინჯის მედლები თითოჯერ მოიპოვეს.

ამასთან ერთად, რუსთავურმა სარაგბო სკოლამ ეროვნული ნაკრების არაერთი წამყვანი მოთამაშე აღზარდა.

ტრადიცია გრძელდება, ამჟამად "ხარების" ახალგაზრდა მორაგბეები საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების ღირსებას წარმატებით იცავენ.

ბოლო წლებია, რუსთაველთა კლუბი პროგრესს განიცდის და, სავარაუდოდ, მომავალ გათამაშებაში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

გუნდის მზადებისა და მომავალი მიზნების შესახებ კლუბის აღმასრულებელ დირექტორ დავით კაკაბაძეს ვესაუბრეთ.

- გაზაფხულის ტურნირის დასრულების შემდეგ გუნდი მხოლოდ ორი კვირით
დავასვენეთ და მთელი ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად ვემზადებით. ვარჯიშებს ჯერ რუსთავში ვატარებდით, მერე საწვრთნელი შეკრება დაბა ცემში მოვაწყვეთ.

ამ პერიოდში, ძირითადად, ყურადღებას ფიზიკური კონდიციების ამაღლებას ვუთმობდით. ბოლო რამდენიმე კვირაა, ძალოსნობის დარბაზი მოედანზე ვარჯიშით ჩავანაცვლეთ. მზადება გეგმის მიხედვით, მიზანმიმართულად მიმდინარეობს.

- გაზაფხულის ტურნირის შემდეგ გუნდის შემადგენლობაში რა ცვლილებები განხორციელდა?
- "ხარები" მხოლოდ კახაბერ კობერიძემ დატოვა, რომელიც საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ალბიში" გადავიდა. შევსება კი ჩვენი სარაგბო სკოლიდან მივიღეთ, რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბე დავიმატეთ, მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები.

ვფიქრობ, რომ ვაჟა ხუციშვილი, თორნიკე თეგეთაშვილი, რატი ხარძიანი, გიორგი მარტიაშვილი და ლევან შაშიაშვილი კონკურენციას გაზრდიან და გუნდის თამაშს საგრძნობლად გააძლიერებენ.

- წინა წლებში "ხარებს" კომპანია "ჰაიდელბერგცემენტი" პატრონობდა. ახლა ვინ არის კლუბის სპონსორი?
- სპონსორი არ გვყავს. ყველაფერს, რაც გვჭირდება, ქალაქის მერია გვიკეთებს. დაბა ცემში ძირითად გუნდთან ერთად შეკრება ჩვენი კლუბის ჭაბუკთა A და B ლიგის გუნდებმაც გაიარეს. ყველა ხარჯი რუსთავის მერიამ დაფარა და სხვა საჭირბოროტო საკითხების გადაჭრაშიც გვეხმარება.

- შარშანდელ ჩემპიონატში თქვენი გუნდი პლეი ოფში ვერ მოხვდა, თუმცა ამის კარგი შანსი ჰქონდა. ამჯერად რა მიზანს ისახავთ გათამაშებაში, რომელიც სრულიად ახლებური ფორმატით უნდა ჩატარდეს?
- ჩვენი მთავარი მიზანია კარგი, ხარისხიანი რაგბი ვითამაშოთ. სამწუხაროდ, გუნდის რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ტრავმირებულია, რაც სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის.

მაგალითად, ბექა ბებიაშვილი და უჩა აღაშვილი თამაშს მინიმუმ ორ თვეს ვერ შეძლებენ, რამდენიმეს კი მიკროტრავმები აწუხებთ.

გუნდის მწვრთნელები ზაზა ხუციშვილი და პალიკო ჯიმშელაძე ყველაფერს აკეთებენ, რათა ჩემპიონატის დაწყებას მორაგბეები ოპტიმალურ ფორმაში შეხვდნენ. იმედი გვაქვს, რომ შარშან ნაჩვენებ შედეგს წლეულს გავაუმჯობესებთ.

- როგორ ფიქრობთ, რომელი გუნდები იბრძოლებენ ჩემპიონობისთვის?
- გადაჭრით თქმა გამიძნელდება. ტრადიციულად ძლიერი გუნდები არიან თბილისის "ლოკომოტივი" და "ლელო"; საკმაოდ მოღონიერდა ქუთაისის "აია", აღარაფერს ვამბობ ქვეყნის ჩემპიონსა და თასის მფლობელ '"არმიაზე". ესენი ფავორიტები არიან, თუმცა გამორიცხული არ არის, მათ დავაში სხვა გუნდებიც ჩაერიონ.

- ძირითადის გარდა, კლუბს ასაკობრივ ტურნირებშიც ჰყავს გუნდები...
- ჭაბუკთა A და B ლიგებში "ხარები" წარმატებით ასპარეზობს. B ლიგებში უკვე პლეი ოფში ვართ და კარგი შანსი გვაქვს, რომელიმე სინჯის მედალი მოვიპოვოთ. A ლიგაში კი გუნდი ჯგუფის ლიდერია და გათამაშების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია. წლეულს მონაწილეობას მივიღებთ ასევე ესპუართა, ანუ სათადარიგო გუნდების გათამაშებაშიც.

ერთი სიტყვით, "ხარებს" ძალიან კარგი მომავალი თაობა ეზრდება. ახლა დრო და მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო, რათა ისინი კიდევ უფრო დაოსტატდნენ, კლუბსაც გამოადგნენ და ქვეყნის ნაკრებსაც.

- რუსთავში საკმაოდ სერიოზული სარაგბო ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს. რა ეტაპზეა ახლა სამუშაოები?
- ბაზა მართლაც დიდებული იქნება. ორი სტანდარტული ზომის სათამაშო და სავარჯიშო მოედანთან ერთად, ქვიშის რაგბის მოედანიც გაკეთდება. სამწუხაროდ, მშენებლობის ტემპი შენელებულია. სავარაუდოდ, წლევანდელ ჩემპიონატს ისევ ძველ მოედანზე ჩავამთავრებთ.

ხარები (რუსთავი)
პირველი ხაზი: მიხეილ წიკლაური, ლაშა კაკაბაძე, უჩა აღაშვილი, გიგა ქვლივიძე, დავით სიხარულიძე, გიორგი ხაბაშვილი, დავით ხვიჩია.
მეორე ხაზი: სოლომონ ქარუხნიშვილი, თომა ბალიაშვილი, რატი ხარძიანი.
მესამე ხაზი: ლაშა გოგიშვილი, დათო ყოჩიაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, ზურა გაბრიჩიძე, ირაკლი ზავრადაშვილი, გიორგი მარტიაშვილი, ლევან შაშიაშვილი.
#9: ლექსო მელიქუიშვილი, გიორგი გულბათაშვილი, ვაჟა ხუციშვილი.
#10: მანუჩარ ჭაავა, გიორგი ბასილაია.
#12-13: პალიკო ჯიმშელაძე, რატი ღამბაშიძე, ზვიად ღარიბაშვილი, თორნიკე კიკნაძე.
#11-14: მიხეილ წიკლაური, გიორგი ბებიაშვილი, ბექა ბებიაშვილი, ირაკლი მურადაშვილი.
#15: ლაშა შუბითიძე, თორნიკე თეგეთაშვილი.

I ტური
არმაზი-ხარები, აია-ბათუმი XV, ლოკომოტივი-ყოჩები, არმია-ჯიქები, ლელო-აკადემია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული