რკინიგზელებმა, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს, პრემიალური ქულა მაინც ვერ ირგუნეს, რადგან "ყოჩებმა" მათ ორით უპასუხეს. პრემია კი იმ გუნდს ერგება, ვინც მეტოქეს სამი ლელოთი მეტს გაუტანს.
არადა, "ლოკომოტივი" ახლოს იყო მიზანთან - ჩემპიონატის სტარზე ხუთი ქულა მიეთვალა. თუმცა ეს მუდამ ბრძოლისუნარიანობით გამორჩეულმა მეტოქემ არ დაანება.
თამაშის დასაწყისი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. რკინიგზელებს მეტოქის წინააღმდეგობის დასაძლევად 15 წუთი
მოედნის ცენტრში მეტოქის დაცვის ხაზი მესამეხაზელმა გივი ბერიშვილმა გაჭრა, რამდენიმე მეტრი გაიარა და შებოჭეს; მერე რაკიდან ბურთი შუამარბ ილია გოგეშვილს გაუტანეს, რომელმაც რამდენიმე მეტოქეს სწრაფად აუარა გვერდი, ოციოდ მეტრი ირბინა და ლელოში შეაღწია. მგეზავმა ვახტანგ კავთიძემ გარდასახა - 7:0.
"ყოჩები", ცხადია, ამას ოდნავაც არ დაუთრგუნავს. ყველანაირად ცდილობდნენ მოწინააღმდეგის 22-მეტრიან ზონაში შეღწევას, მაგრამ ბურთი ხშირად უვარდებოდათ ხელიდან, რაც მათ იერიშებს აფერხებდა.
რკინიგზელებმა კი 25-ე წუთზე მორიგი ლელო მიითვალეს. მარცხენა ფრთაზე დანიშნული შერკინებიდან მათ ბურთი მარჯვნივ ხაზზე გამოათამაშეს და ამჯერად ჩათვლის მოედანში ფულბეკი ბექა წიკლაური შეიჭრა. კავთიძემ ესეც გარდასახა - 14:0. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ "ლოკომოტივმა" მალევე მოახერხა კიდევ ერთი ლელოს გატანა. მორკინალთა მოკლე დარტყმების შემდეგ რაკიდან ბურთი პირველხაზელმა ლადო გუნიავამ აიტაცა და ლელოში გადადო. კავთიძე გარდასახვისას ამჯერადაც ზუსტი იყო - 21:0.
ცხადი გახდა, რომ "ლოკომოტივი" ჩემპიონატს გამარჯვებით იწყებდა, თუმცა პრემიალური ქულის ასაღებად კიდევ ერთი ლელო სჭირდებოდა.
სწორედ ასეთ ვითარებაში "ყოჩებმა" კიდევ ერთხელ გამოამჟღავნეს დაუდგრომელი სულისკვეთება და მეტოქეს ორი ლელო გაუტანეს. ორივეჯერ თავი შერკინების მეორეხაზელმა დავით ბელაშვილმა გამოიჩინა. მგეზავმა გიგი გაბუნიამ ორიდან მხოლოდ ერთი გარდასახვა გამოიყენა - 12:21.
თამაშის დასრულებამდე 14 წუთი რჩებოდა. თითქოს მატჩის გადარჩენის შანსიც გაჩნდა, თუმცა "ლოკომოტივმა" ისევ იძალა და თამაშის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე გივი ბერიშვილმა კიდევ ერთხელ დაალელოვა "ყოჩები". კავთიძემ ესეც გარდასახა - 28:12.
ლოკომოტივი-ყოჩები 28:12
ლოკომოტივი (15-9) წიკლაური, ბიწაძე, ჭურღულია, გოგეშვილი, ქავთარაძე, კავთიძე, ღვინჯილია. (1-8) ელოშვილი (გასვიანი 41), გენებაშვილი, გუნიავა, ცუხიშვილი (მარსაგიშვილი 65), ხოლუაშვილი, ნიშნიანიძე, თ. ჩიტიძე, ბერიშვილი.
4ლ: წიკლაური, ბერიშვილი, გუნიავა, გოგეშვილი. 4გ: კავთიძე.
ყოჩები (15-9) კვარაცხელია, აბრამალაძე, მახარაძე (ხულელაძე 68), ქუშაშვილი (კობაური 48), ხარშილაძე, გაბუნია, ჯაფარიძე (ხელაძე 75). (1-8) ესაკია (ჯინჭარაძე 62), ცუცქირიძე, შენგელია, ბელაშვილი, ტვილდიანი, აფციაური, გუგეშაშვილი, მალაღურაძე.
2ლ: ბელაშვილი (2). გ: გაბუნია.
მსაჯი: ნოდარ რობიტაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"