საქართველოს ჩემპიონატი: პირველი ლიგა რეკორდს ამყარებს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშების პარალელურად დაიწყო შეჯიბრება პირველ ლიგაშიც.

აქ წლეულს მოასპარეზე გუნდების რაოდენობა სარეკორდოა. რაგბის კავშირში სეზონის დაწყების წინ განაცხადი 16-მა გუნდმა შეიტანა, თუმცა ტურნირის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ფინანსური პრობლემების გამო თბილისის "ბარბაროსებმა" ასპარეზობაზე უარი განაცხადეს.

ამრიგად, უმაღლესი ლიგის საგზურისთვის დავაში 15 გუნდი რჩება, რომლებიც ორ ჯგუფად გაყვეს. აღმოსავლეთ ზონაში ცხრა გუნდი ითამაშებს, დასავლეთ ზონაში - ექვსი. აქ შეჯიბრება მოგვიანებით, 20 სექტემბრიდან დაიწყება. საინტერესოა, რომ გუნდების გეოგრაფია გაზრდილია. დასავლეთ ზონაში პლეი ოფში გასასვლელად ქუთაისის, საჩხერის, მარტვილის, ბათუმის,
ფოთისა და ოზურგეთის სარაგბო კლუბები იბრძოლებენ.

აღმოსავლეთ ზონაში კი უკვე პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. ვინაიდან მოასპარეზე გუნდების რაოდენობა კენტია, დასვენება თბილისის "თიბისის" მოუწია. სხვა ოთხ მატჩში კი სავარაუდო ფავორიტებმა დამაჯერებლად მოიგეს და ყველა მათგანმა თითო პრემიალური ქულაც მიითვალა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია პატარძეულის "ვეფხვების" გამარჯვება სტუმრად თბილისის "დინამოსთან" - 41:17. დიდი ანგარიშით მოიგო თბილისის "ხულიგანამ" გარდაბნის "მგლებთან" - 57:3. ხულიგანელები კარგა ხანია უმაღლეს ლიგაში აღზევებისთვის იბრძვიან და მუდამ გადამწყვეტ ეტაპზე წაიფორხილებენ ხოლმე.

საინტერესო გუნდია თბილისის "ივერიაც", რომელმაც მშრალი ანგარიშით დაამარცხა თანაქალაქელი "ტორნადო" - 38:0. ნახევრად სამოყვარულო გუნდმა "დევებმა" კი "უნივერსიტეტს" სძლია 40:20, რითაც თავისი ამბიციების საფუძვლიანობა დაადასტურა.

I ლიგა
I ტური
A ჯგუფი
დინამო-ვეფხვები 17:41, ხულიგანა-მგლები 57:3, დევები-უნივერსიტეტი 40:20, ივერია-ტორნადო 38:0.
სატურნირო მდგომარეობა
1. ხულიგანა - 5 ქულა, 2. ივერია - 5, 3. ვეფხვები - 5, 4. დევები - 5, 5. თიბისი - 0, 6. უნივერსიტეტი - 0, 7. დინამო - 0, 8. ტორნადო - 0, 9. მგლები - 0.

II ტური
მგლები-ტორნადო, ხულიგანა-თიბისი, უნივერსიტეტი-დინამო, ვეფხვები-ივერია.

B ჯგუფი
I ტური
30 სექტემბერი
ბაგრატი-მარტვილი, რაინდები-დელფინები, არწივები-ჯრუჭი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული