"ყოჩებს" უკვე მეორე სეზონია, ძნელბედობის ჟამი უდგას. გუნდი ბევრმა წამყვანმა მორაგბემ დატოვა. გამოცდილთაგან მხოლოდ სამი: ჯაბა მალაღურაძე, დავით ბელაშვილი და სანდრო ესაკია დარჩნენ. ისინი ახალგაზრდა მორაგბეებთან ერთად ცდილობენ ახალი გუნდის შენებას და მომავალში ოდინდელი დიდების დაბრუნებას.
აწმყოში კი "ყოჩები" მეტოქეებს ჯერჯერობით კონკურენციას ვერ უწევს. ასე იყო "ლელოსთან" მატჩშიც, რომლის ბედიც, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყდა. ლელოელებმა მატჩის პირველი ნახევარი 23-ქულიანი
ანგარიში "ლელომ" მატჩის დასაწყისშივე, მე-5 წუთზე გახსნა. "ყოჩებმა" საკუთარი ჩათვლის მოედნიდან ათ მეტრში დერეფანი წააგო.
"ლელოს" მორკინალებმა ორი მოკლე დარტყმა განახორციელეს. მერე ცხრა ნომერმა გიორგი კაჭარავამ შერკინების კვაჭ დავით ხიდეშელს გაატანა ბურთი, რომელმაც მეტოქის რიგებში სლალომისებური დრიბლინგით გაიარა და ლელოში შეიჭრა. ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახა - 7:0.
აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა "ლელოს" შერკინების კვაჭების ბენეფისად იქცა. ხიდეშელმა სულ სამი ლელოს გატანა შეძლო, რასაც მის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა რეზო ბელქანიამ კიდევ ერთი დაამატა.
"ყოჩებმა" საპასუხო შეტევისას ხუთ წუთში საჯარიმო გამოიმუშავეს, რომელიც მგეზავმა გიგი გაბუნიამ გაიტანა - 3:7. ამის შემდეგ თამაში ისე აეწყო, რამდენჯერაც "ლელო" მეტოქის ჩათვლის მოედანს დალაშქრავდა, იმდენჯერ "ყოჩები" საჯარიმოთი პასუხობდა.
მეორედ "ლელომ" მოწინააღმდეგის ლელოში მე-14 წუთზე შეაღწია. დერეფნიდან, რომელიც მარჯვენა ფრთაზე, ჩათვლის მოედნიდან 15 მეტრში გაათამაშეს, მაეორეხაზელმა ბექა ნიკოლაიშვილმა შეუტია. წარმოქმნილ რაკში თამაშისას "ყოჩები" დაჯარიმდნენ.
შერკინების შემკვრელმა (#8) გიორგი ჭყოიძემ დროულად შენიშნა მარჯვენა, მოკლე ფრთაზე დაუცველი სივრცე, რომლისკენაც სწრაფად გაიქცა. კაჭარავამ საჯარიმო უმალ გაათამაშა და ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ჭყოიძეს გადააწოდა, რომელსაც ლელოს გატანა არ გასჭირვებია. ყიასაშვილმა გარდასახა - 14:3.
ოთხ წუთში გაბუნიამ საჯარიმოთი უპასუხა - 6:14. მე-20 წუთზე კი "ლელოს" მიერ განხორციელებულ მორიგ იერიშზე ხელს მსოფლიოს ნებისმიერი დონის გუნდი მოაწერდა. ლელოელებმა შეტევა მარჯვენა ფრთაზე, მოედნის საკუთარი ნახევრიდან წამოიწყეს.
ხელდახელ ბურთაობით მეტოქის 22-მეტრიან ზონაში შეაღწიეს. მერე ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გამოათამაშეს და ხიდეშელმა მეორე ლელო მიითვალა. ყიასაშვილმა ესეც გარდასახა - 21:6.
"ლელოს" უპირატესობა ნელ-ნელა სულ უფრო მკვეთრი გახდა. "ყოჩებმა" საჯარიმოთი კიდევ ერთხელ შეძლეს ანგარიშში სხვაობის შემცირება, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე ლელოელებმა კიდევ ორჯერ შეაღწიეს მეტოქის ჩათვლის მოედანში.
26-ე წუთზე მოედნის ცენტრში დანიშნული შერკინებიდან ბურთი კაჭარავამ გამოიტანა, თავად შეუტია და ათიოდ მეტრი გაიარა. მერე იქვე მიმყოლ მგეზავ ლაშა ხმალაძეს გაატანა, რომელმაც მეტოქის ხაზი გაჭრა და ჩათვლის მოედანთან მისულმა ისევ კაჭარავას დაუბრუნა. "ლელოს" ცხრა ნომერმა ბურთი კარის ძელთან ახლოს დაამიწა. ყიასაშვილს გარდასახვა არ გასჭირვებია - 28:9.
პირველი ტაიმის დასრულებას ერთი წუთი აკლდა, როცა მორიგი მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ მოედნის ცენტრთან "ლელოს" მეორეხაზელმა სანდრო ქოიავამ "ყოჩების" ხაზი გაჭრა. ის 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან შეაჩერეს.
წარმოქმნილი რაკიდან ბურთი მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე ბოლომდე გაათამაშეს და იქ გარემარბის პოზიციაზე აღმოჩენილმა ხიდეშელმა თავისი მესამე ლელო მიითვალა. ყიასაშვილმა გარდასახვით მონაგარს კიდევ ორი ქულა შესძინა - 35:9. თუმცა "ყოჩები" შესვენებაზე ისე არ წავიდა, რომ კიდევ ერთი საჯარიმო არ გაეტანა.
გაბუნიამ ისევ ზუსტად დაარტყა და ანგარიშში სხვაობა 23 ქულამდე შეამცირა - 12:35.
შესვენების შემდეგ ვითარება დიდად არ შეცვლილა. მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში ლელოელებმა მეტოქეს კიდევ ორი ლელო გაუტანეს. ჯერ 44-ე წუთზე "ყოჩების" ჩათვლის მოედანში შეცვლაზე შესულმა შერკინების კვაჭმა რეზო ბელქანიამ შეაღწია.
მერე, 6 წუთის შემდეგ კი, მორიგი იერიში გარემარბმა ალექსანდრე ნიჟარაძემ დააგვირგვინა. ორი ლელოდან ყიასაშვილმა ერთი გარდასახა - 47:12.
ძნელი სათქმელია რატომ, მაგრამ ფაქტია, ანგარიშში საგრძნობლად დაწინაურების შემდეგ "ლელოს" თამაშში რაღაც აირია. არ ვიტყოდით, რომ მორაგბეები მოეშვნენ, პირიქით, ბოლომდე თავდადებით იბრძოდნენ, თუმცა ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხეს. ერთი სიტყვით, მატჩის დასრულებამდე დარჩენილ 30 წუთში მონაგარს ვერაფერი შემატეს.
"ყოჩებმა" კი მეტოქეს ორი ლელო მაინც გაუტანა. პირველ შემთხვევაში თავი შეცვლაზე შესულმა შერკინების ბურჯმა ჭაბუკა ჭიღლაძემ გამოიჩინა. მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე კი ჩათვლის მოედანში მესამეხაზელმა გიორგი წიკლაურმა შეაღწია.
გარდასახვა ორივეჯერ შეცვლაზე შესულ კახაბერ მახარაშვილს გაუცუდდა - 22:47. "ლელო" მეორე მატჩი მოიგო და ორივეში პრემიალური ქულა მიითვალა.
ყოჩები-ლელო 22:47 (ფოტორეპორტაჟი)
ყოჩები (15-9) კვარაცხელია, ხულელიძე, გარუჩავა (მახარაშვილი 28), ქუშაშვილი, აბრამალაძე (ხარშილაძე 60), გაბუნია (ხელაძე 60), ჯაფარიძე. (1-8) ესაკია (ჭიღლაძე 50), ცუცქირიძე, შენგელია, ბელაშვილი, ტვილდიანი, აფციაური, წიკლაური, მალაღურაძე.
2ლ: ჭიღლაძე, წიკლაური. 4ს: გაბუნია.
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ზაალიშვილი, ცერცვაძე, კოპაძე, ნიჟარაძე, ხმალაძე (ლოლუა 45), კაჭარავა. (1-8) სანიკიძე, ხიდეშელი (ბელქანია 41), ბარბაქაძე (სუჯაშვილი 45), ნიკოლაიშვილი, ქოიავა (ხორბალაძე 65), მძინარიშვილი, სურგულაძე (დარასელია 35), ჭყოიძე (ჟღენტი 41).
7ლ: ხიდეშელი (3), ბელქანია, ნიჟარაძე, ჭყოიძე, კაჭარავა. 6გ: ყიასაშვილი.
მსაჯი: დავით ჩერგოლეიშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"