საქართველოს ჩემპიონატი: "აიამ" "არმიას" ერთით აჯობა

AutoSharing Option
ფოტო
უაღრესად დაძაბული, საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა ჩემპიონატის ფავორიტების, "არმიასა" და ქუთაისის "აიას" დაპირისპირება. შეხვედრა, რომლის გამარჯვებულის ვინაობაც ბოლო წამებამდე უცნობი იყო, ქუთათურებმა მინიმალური სხვაობით, 16:15 მოიგეს.

სეზონის დაწყების წინ "აიამ" თითქმის მთელი პირველი ხაზი დაკარგა. ქუთაისელმა შერკინების ბურჯებმა საფრანგეთს მიაშურეს და იქაურ წამყვან კლუბებში ჩაირიცხნენ. ასე ხდება თითქმის ყოველ წელიწადს. თუმცა "აია" მუდმივად ახერხებს წასულთა ნაცვლად შესაბამისი დონის ახალგაზრდა პირველხაზელების საკუთარ სკოლაში მოძიებას და მიუხედავად მუდმივი გადინებისა, ამ გუნდის პირველ ხაზს პრობლემა არასდროს შექმნია.

ცალკე სალაპარაკო თემაა უკანა ხაზი. წლეულს
ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრეს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეებმა: გიორგი ფრუიძემ, გიორგი აბრამიძემ და ზურაბ ძნელაძემ. გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების სინთეზი კი შესანიშნავ შედეგს იძლევა.

"არმიას", რომელიც ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელია, დაკომპლექტების პრობლემა არასდროს ჰქონია. ამ კლუბის ფინანსური შესაძლებლობები გაცილებით აღემატება სხვებისას. აგერ, მოინდომეს და ესპანეთიდან შერკინების ბურჯი დავით გურგენიძე ჩამოიყვანეს, რომელიც ამ ქვეყნის ნაკრების წევრია.

"ლელოდან" დაიმატეს მეორეხაზელი ლაშა აზალაძე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა პოზიციაზე ორი თანაბრად ძლიერი მოთამაშე ჰყავთ, რაც საჭიროების შემთხვევაში შემადგენლობის როტაციის საშუალებასაც იძლევა. ეს კი ქართული გუნდებისთვის ფუფუნებაა. "არმია" და "აია" შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტები არიან.

მაშინ ამ გუნდების ჭიდილში არმიელებმა იმარჯვეს. ახლა, მართალია, რეგულარული გათამაშების მორიგი ტურია, მაგრამ, როგორც ჩანს, "აიას" ჯერიც დადგა. ქუთაისელმა მორაგბეებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. მათი მწყობრი შეტევა მეტოქემ წესის დარღვევით შეაჩერა და მე-5 წუთზე მგეზავმა გაგა სინაურიძემ ანგარიში საჯარიმოთი გახსნა - 3:0.

"არმიას" ანგარიშის გასათანაბრებლად დიდი დრო არ დასჭირვებია. სამ წუთში ბახვა კობახიძემ ასევე საჯარიმოთი გასცა პასუხი. მანვე მე-16 წუთზე კიდევ ერთხელ გაიტანა და თავისიანები დააწინაურა - 6:3.

პირველი ტაიმის დარჩენილ 24 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა. ორივე გუნდი დაცვაში შესანიშნავად ირჯებოდა და მეტოქეს მონაგრის გაზრდის საშუალებას არ აძლევდა.

მოვლენები დრამატულად მეორე ნახევარში განვითარდა. 46-ე წუთზე არმიელები ექვსი ქულით დაწინაურდნენ. კობახიძემ საჯარიმო გაიტანა, თუმცა "აიამ" შვიდ წუთში ისევ სამ ქულამდე შეამცირა სხვაობა. ცხადია, საჯარიმო ისევ სინაურიძემ დაარტყა ზუსტად - 6:9.

გარდამტეხი მომენტი 58-ე წუთზე დადგა, როცა ქუთაისელმა მორაგბეებმა მატჩის ერთადერთი ლელო გაიტანეს. შერკინება "არმიას" სასარგებლოდ მისივე ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში დაინიშნა. "აიამ" მძლავრი მიწოლით მეტოქეს შერკინება დაუტრიალა და არბიტრმა ხელახალი რკენა დანიშნა, ამჯერად ქუთათურთა სასარგებლოდ. შერკინებიდან ბურთი "აიას" შემკვრელმა ბექა ყურაშვილმა გაიტანა. ის იქვე შებოჭეს.

წარმოქმნილი რაკიდან ახლა ბურთი მესამეხაზელმა გელა შალამბერიძემ აიტაცა. მისი შეჩერება არმიელებმა ვერ შეძლეს. გარდასახვა სინაურიძემ ზუსტად დაარტყა - 13:9.

თამაშის დასრულებამდე 22 წუთი რჩებოდა. აქედან 15 წუთის განმავლობაში "არმიას" კაცნაკლულმა მოუწია თამაში. მატჩის არბიტრმა გვიანი ბოჭვისთვის ჯერ გარემარბი რატი ნუცუბიძე გაასინბინა, მერე რაკში ბინძური თამაშისთვის ათი წუთით შერკინების კვაჭი ბექა მეკოკიშვილი დაასვენა.

მიუხედავად ამისა, "არმიამ" 75-ე წუთისთვის მაინც მოახერხა ანგარიშში დაწინაურება. ორი საჯარიმო ბახვა კობახიძემ გაიტანა - 15:13. მანამდე კი სინაურიძეს შეეძლო "აიას" მონაგრის გაზრდა, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. ეს ეპიზოდი შესაძლოა გადამწყვეტი გამხდარიყო, თუმცა სინაურიძეს აშკარად გაუმართლა.

მას 77-ე წუთზე კიდევ ერთხელ მიეცა შანსი, რომელიც გამოიყენა კიდეც და თავისი გუნდი ქულით დააწინაურა - 16:15.

ერთი წუთიც არ იყო გასული, როცა უკვე საჯარიმოს დარტყმის უფლება "არმიამ" მოიპოვა. აქ კი არმიელთა ფულბეკ კობახიძეს ნერვებმა უმტყუნა და საჯარიმოდან ბურთი კარს ააცილა. შედეგად გამარჯვება "აიას" დარჩა.

ქუთათურთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მით უფრო, რომ თავდადებული ბრძოლის გამო "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" შეკრებილი მაყურებელი, თითქმის ყველა, ქუთაისურ გუნდს ქომაგობდა.

არმია-აია 15:16 (ფოტორეპორტაჟი)
არმია (15-9 კობახიძე, ნუცუბიძე, გაბროშვილი (გაგოშვილი 68), ჩხიკვაძე, ტუჩაშვილი, ნინიძე (ჯიმშელაძე 58). სამხარაძე. (1-8) ზაქაშვილი (კაკოვინი 41), მეკოკიშვილი, გურგენიძე (დონაძე 41), ცხადაძე (აზალაძე 41), ჩიტიძე, თხილაიშვილი, თავართქილაძე, ბუჯიაშვილი.
5ს: კობახიძე.
სინბინი: ნუცუბიძე, მეკოკიშვილი.
აია (15-9) ხამაშურიძე, აბრამიძე, ფრუიძე, ძნელაძე (კუხიანიძე 67), გოშაძე, სინაურიძე, გოგია. (1-8) არაბიძე (ულუმბელაშვილი 67), თხელიძე (მატკავა 53), ულუმბელაშვილი (წაქაძე 53), ჯიმშიტაშვილი, ჩიტეიშვილი, რევიშვილი, შალამბერიძე, ყურაშვილი.
ლ: შალამბერიძე. 3ს,გ: სინაურიძე.
მსაჯი: მიხეილ ჩაჩუა

II ტური
ილიაუნი ჯიქი-ხარები 13:6
ბათუმი XV-ლოკომოტივი 13:3
აკადემია-არმაზი 6:24

გუნდი წ 
სხ
1. ლელო 2 2 0 0 +50 10
2. არმაზი 2 2 0 0 +31 8
3. აია 2 2 0 0 +11 8
4. არმია 2 1 0 1 +15 4
5. ლოკომოტივი 2 1 0 1 +6 4
6. ბათუმი 2 1 0 1 0 4
7. ჯიქები 2 1 0 1 -9 4
8. ხარები 2 0 0 2 -20 0
9. ყოჩები 2 0 0 2 -41 0
10. აკადემია 2 0 0 2 -43 0

III ტური
ილიაუნი ჯიქი-აია, ლოკომოტივი-არმია, ლელო-ბათუმი XV, არმაზი-ყოჩები, ხარები-აკადემია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი: "ლელოს" კვაჭების ბენეფისი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული