საქართველოს ჩემპიონატი: პლეი ოფზე პრეტენზია შვიდს აქვს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში ორი ტურის მატჩები შედგა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბებს წინ საკმაოდ გრძელი მარათონი აქვთ გასავლელი, უკვე შესაძლებელია გამოვიტანოთ გარკვეული დასკვნები და ვილაპარაკოთ გუნდების სამომავლო პერსპექტივებზე.

როგორც მოსალოდნელი იყო, სატურნირო ცხრილს სათავეში ის გუნდები მოექცნენ, რომლებიც შარშანდელ გათამაშებაში პლეი ოფში გაისარჯნენ და წლეულსაც სამართლიანად მიიჩნევიან ფავორიტებად.

სიახლე კი ის არის, რომ მათ მარაქაში კიდევ ერთი გუნდი, თბილისის "არმაზი" გაერია, რომელმაც სტარტზე ორივე თამაში მოიგო. ამ გუნდის შესახებ ოდნავ ქვემოთ გეტყვით. ახლა კი ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერით დავიწყოთ.

ბოლო წლების მუდმივმა ფავორიტმა
თბილისის "ლელომ" პირველ ორ ტურში ორივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. ორივე თამაშში თითო პრემიალური ქულა მიითვალა და ახლა 10 ქულით პირველ ადგილზეა.

ლელოელთა უპირატესობა როგორც "აკადემიასთან", ისე "ყოჩებთან" დაპირისპირებაში იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ მათ გამარჯვებაში წამითაც კი არავის შეპარვია იოტისოდენა ეჭვი.

"ლელოს" ასეთი სიძლიერე დაბალანსებული შერკინებითა და უკანა ხაზით აიხსნება. მორკინალებმა, გასულ სეზონთან შედარებით, აშკარად გააუმჯობესეს თამაშის ხარისხი, თუმცა გარკვეული ხარვეზები მაინც შეინიშნება. განსაკუთრებით კი მოლში თამაშისას, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში.

გუნდი საგრძნობლად გააძლიერა გამოცდილი შერკინების კვაჭის, რეზო ბელქანიას დამატებამ, თუმცა შესანიშნავი მორაგბეა მის პოზიციაზე მოთამაშე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი დავით ხიდეშელი, რომელმაც "ყოჩებთან" მატჩში სამი ლელო მიითვალა და მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო. ის სხარტი, მოქნილი და საზრიანი მოთამაშეა.

ცალკე აღნიშვნის ღირსები არიან ახალგაზრდა მორკინალები სანდრო ქოიავა და ელგუჯა სურგულაძეც.

მიუხედავად იმისა, რომ უკანა ხაზში "ლელოს" ალექსანდრე თოდუა დააკლდა, ამ რგოლში ყველაზე ნაკლებად უჭირს. მით უფრო, რომ გუნდს ინგლისიდან სამშობლოში დაბრუნებული ალექსანდრე ნიჟარაძე დაემატა. ამასთან ერთად, ჯერ არ უთამაშია გარემარბ ირაკლი გეგენავას, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მეშვიდკაცეა.

ერთი სიტყვით, "ლელოს" საკმაოდ გრძელი სათადარიგო სკამი აქვს და სეზონის განმავლობაში რაიმე სერიოზული ჩავარდნა მოსალოდნელი არ არის. ის გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

უკვე ვთქვით, რომ თბილისის "არმაზის" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გამოჩენა ყველასთვის მოულოდნელი იყო. არმაზელებმა ორიდან ორივე შეხვედრა მოიგეს და რვა ქულა დაუგროვდათ. ეს შედეგი სავსებით ლოგიკურია, რადგან როგორც თბილისის "აკადემიის" პრეზიდენტმა გია ღლონტმა "არმაზთან" მატჩის შემდეგ მითხრა - ჯანზეც მაგრად არიან და თამაშიც უსწავლიათ.

არმაზელებს აგერ უკვე მეორე წელიწადია, სათავეში საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით ვართანიანი და მოთამაშე მწვრთნელი დავით კიკნაძე ჩაუდგნენ. როგორც ჩანს, მიზანმიმართულმა, დაუღალავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო.

მით უფრო, რომ გუნდს წლეულს საქართველოს ნაკრების გარემარბი ირაკლი მაჩხანელი დაემატა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ძალაა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია შერკინების კვაჭი გიორგი სოსელია. ეს მუდამ თავდადებით მებრძოლი მორაგბე გუნდის ერთგულია და საკმაოდ მაცდუნებელი წინადადებების მიუხედავად, "არმაზს" არ ტოვებს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ კლუბის პრეზიდენტი მისი მამა გია სოსელიაა.

"არმაზს" მესამე ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერ "ყოჩებთან" უწევს თამაში, მერე კი სტუმრად დაუპირისპირდება "ბათუმი XV"-ს, სადაც, ვფიქრობთ, კარგად გამოჩნდება ამ გუნდის რეალური ძალა.

ორი თამაშიდან ორი გამარჯვება მოიპოვა შარშანდელი ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონმა ქუთაისის "აიამ". ქუთათურებმა, "ლელოსა" და "არმაზისგან" განსხვავებით, ორივე შეხვედრაში ფავორიტები "ბათუმი XV" და "არმია" დაამარცხეს დაძაბულ ბრძოლაში.

შეხვედრა, რომელშიც "აიამ" სტუმრად ქვეყნის ჩემპიონსა და თასის მფლობელ "არმიას" სძლია, თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ორივე ტურის მშვენებად.

ქუთაისურმა გუნდმა სეზონის წინ სამი პირველხაზელი დაკარგა, რომლებიც საფრანგეთის ელიტური დივიზიონის კლუბებში გადაბარგდნენ. მიუხედავად ამისა, "აიას" პირველი ხაზი მაინც მძლავრი და მობილურია. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ გუნდის ყველა ახალწვეული, მათ შორის პირველხაზელებიც, ქუთაისური სკოლის აღზრდილები არიან.

შესანიშნავი მატება აქვს "აიას" უკანა ხაზში. ახალგაზრდული ნაკრების მორაგბეები: გიორგი ფრუიძე, ზურაბ ძნელაძე და გიორგი აბრამიძე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშეებად მიიჩნევიან. "აიაში" ბრწყინვალედაა შეხამებული გამოცდილებისა და ახალგაზრდობის სინთეზი, რაც ამ გუნდს კიდევ უფრო მძლავრს და მოტივირებულს ხდის.

საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი "არმია" სხვა გუნდებთან შდარებით ფინანსურად ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია. თავდაცვის სამინისტროს დახმარებით არმიელები სეზონისთვის შესანიშნავ პირობებში ემზადებოდნენ.

სტარტიც წარმატებული აიღეს - პირველ ტურში უმაღლესი ლიგის დებიუტანტი თბილისის "ილიაუნი ჯიქი" დაამარცხეს, მაგრამ მერე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "აიასთან" წაიფორხილეს.

ქუთათურებთან მარცხი სულაც არ ნიშნავს, რომ "არმია" სათვალავიდან უნდა ამოვიღოთ. პირიქით, გუნდის ხასიათიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ამ წარუმატებლობით გახელებულნი მომავალ შეხვედრებში გაათკეცებული ენერგიით იბრძოლებენ და თუ თამაშის დალაგებასაც შეძლებენ, ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგობის დაძლევა ძალუძთ.

წლეულს, შარშანდელისგან განსხვავებით, სერიოზული პრობლემები აქვს ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ თბილისის "ლოკომოტივს". რკინიგზელებმა ორიდან ერთი შეხვედრა მოიგეს, თუმცა ამან შეცდომაში არავინ უნდა შეიყვანოს. როგორც უნდა დასრულდეს პირველი წრე, გადამწყვეტი მაინც მეორე წრის მატჩები იქნება და "ლოკომოტივს" ყველა რესურსი გააჩნია საიმისოდ, რათა ისევ საუკეთესოთა შორის დაიკავოს ადგილი.

რკინიგზელებმა სტუმრად წააგეს "ბათუმი XV"-თან, რომელიც ბოლო ხანს საგრძნობლად მოღონიერდა და წლევანდელ გათამაშებაში მხოლოდ პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძოლებს.

შავიზღვისპირელებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს სტუმრად "აიას" და, მარცხის მიუხედავად, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს. მათი ამბიციების საფუძვლიანობა კი თბილისის "ლოკომოტივთან" მატჩში დამტკიცდა.

ორიდან ერთი გამარჯვება აქვს უმაღლესი ლიგის დებიუტანტ "ილიაუნი ჯიქს", რომელიც ძირითადად ახალგაზრდა მორაგბეებითაა დაკომპლექტებული და ასევე პრეტენზია აქვს, რომ საპლეიოფო ოთხეულში გააღწიოს. "ჯიქებმა" მეორე ტურში რუსთავის "ხარები" დაამარცხეს, რომელსაც თბილისის "აკადემიასთან" ერთად მოგებათა გრაფაში ჯერ ნული უწერია.

სატურნირო მდგომარეობა
გუნდი
1. ლელო 2 2 0 0 +50 10
2. არმაზი 2 2 0 0 +31 8
3. აია 2 2 0 0 +11 8
4. არმია 2 1 0 1 +15 6
5. ლოკომოტივი 2 1 0 1 +6 4
6. ბათუმი XV 2 1 0 1 0 4
7. ჯიქები 2 1 0 1 -9 4
8. ხარები 2 0 0 2 -20 1
9. ყოჩები 2 0 0 2 -41 0
10. აკადემია 2 0 0 2 -43 0

III ტური
ილიაუნი ჯიქი-აია, ლოკომოტივი-არმია, ლელო-ბათუმი XV, არმაზი-ყოჩები, ხარები-აკადემია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული