საქართველოს ჩემპიონატი: ჯიქურად მებრძოლი ბიჭების ზეობა

AutoSharing Option
მესამე ტურში სენსაციური ანგარიში დაფიქსირდა გათამაშების დებიუტანტ თბილისის "ილიაუნი ჯიქსა" და ვიცე-ჩემპიონ ქუთაისის "აიას" დაპირისპირებაში. "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" არმაზი-ყოჩების მატჩის დასრულებისთანავე მაყურებელმა კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი იხილა.

უფრო სწორად, რაგბის ქომაგმა შესანიშნავად მოთამაშე ახალგაზრდული გუნდის, "ილიაუნი ჯიქის" გმირობა ნახა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ოთხმოცი წუთიდან 55 წუთის განმავლობაში თბილისური გუნდი დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და დამსახურებულად გაიმარჯვა კიდეც - 12:6.

"აიას" შემადგენლობაში არ იყო მოთამაშე-მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე, რომლის არყოფნაც გუნდს საგრძნობლად დაეტყო. თავად განსაჯეთ, პირველ ოც წუთში "ჯიქებმა" საჯარიმო ხუთჯერ
დაარტყეს "აიას" კარში და აქედან მგეზავმა ნუგზარ გიორგაძემ მხოლოდ ერთი გაიტანა. ქუთათურები კი მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში მეტოქის 22-მეტრიან ზონაში არ შესულან და შესაბამისად, საჯარიმოს დარტყმის უფლებაც ვერ მოიპოვეს.

მატჩის პირველი ტაიმი "ჯიქებმა" მშრალი ანგარიშით, 6:0 მოიგო. მეორე საჯარიმო გიორგაძემ 36-ე წუთზე გაიტანა. მასთან ერთად აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ცხრა ნომრის - ალეკო ზაბახიძის, მეორეხაზელების - გიორგი მჭედლიშვილის, ვლადიმერ გოგოლაძის, მესამეხაზელების - ბექა მამრიკიშვილისა და ჯაბა კიკვიძის კარგი თამაში. თუმცა თავს "ჯიქების" არც სხვა მოთამაშეები ზოგავდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ გამარჯვების მისაღწევად.

რასაც ვერაფრით ვიტყვით "აიაზე". ამ გუნდში მოედანზე ერთი კაცი, მესამეხაზელი გელა შალამბერიძე იბრძოდა. თბილისური გუნდი მარტო ბრძოლის ჟინით როდი გამოირჩეოდა. გიორგი ამირხანაშვილის სამწყსო გამართულ რაგბის თამაშობდა და მორკინალების მიძალებას უკანახაზელების სახიფათო ჩხვლეტები ცვლიდა.

შესვენების შემდეგ "აიამ" თამაში გამოასწორა. გუნდმა თითქოს საკუთარი თამაში იპოვა, თუმცა ამან მხოლოდ 25 წუთს გასტანა. საწყის ათ წუთში ქუთაისელმა მორაგბეებმა ორჯერ სცადეს ხუთმეტრიანი დერეფნიდან მოლით ლელოში შეღწევა, თუმცა მაქსიმუმს, რასაც გამორჩნენ, შუამარბად მოთამაშე მგეზავის, გაგა სინაურიძის მიერ გატანილი საჯარიმო იყო - 3:6. ეს 48-ე წუთზე მოხდა.

"აია" შეტევას განაგრძობდა, თუმცა "ჯიქები" დაცვაში თავდადებით ირჯებოდნენ და მეტოქეს ჩათვლის მოედანში შეღწევის საშუალებას არ აძლევდნენ. სინაურიძემ საჯარიმოთი ანგარიშის გათანაბრება 64-ე წუთზე მაინც შეძლო. ამის გაკეთება სამი წუთით ადრეც შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.

ანგარიშის გათანაბრებიდან ორ წუთში მანვე კიდევ უფრო უკეთესი პოზიციიდან ააცილა კარს. ეს სტუმართა გუნდისთვის საბედისწერო გამოდგა.

დასკვნით 15 წუთში "ჯიქებს" თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნათ, ისევ სწრაფად და სახიფათოდ ათამაშდნენ.

75-ე წუთზე მასპინძლების იერიშისას "აიას" მორაგბეებმა რაკში თამაშისას წესი დაარღვიეს. მატჩის არბიტრმა "ჯიქებს" უპირატესობა ათამაშა. მგეზავმა ნუგზარ გიორგაძემ 38 მეტრიდან არეკნი დაჰკრა და გაიტანა - 9:6. სამ წუთში თბილისელების აქტიურობას კიდევ ერთი საჯარიმო მოჰყვა, რაც გიორგაძემ ისევ გამოიყენა და თავისიანებს დამსახურებული გამარჯვება მოუტანა. "აიამ" კი მიმდინარე ჩემპიონატში პირველად წააგო.

ილიაუნი ჯიქი-აია 12:6
ილიაუნი ჯიქები (15-9) კიკნაძე, ტარაზაშვილი, ბერძული, კუპრეიშვილი, ნოზაძე, ნ. გიორგაძე, ზაბახიძე. (1-8) ოქრიაშვილი (გაგნიძე 57), ოქრომელიძე, ყაულაშვილი (სვანიძე 68), მჭედლიშვილი, გოგოლაძე, მამრიკიშვილი, ტურაშვილი.
3ს,ა: ნ. გიორგაძე.
აია (15-9) ძნელაძე, აბრამიძე, ფრუიძე, სინაურიძე, გოშაძე (ზიბზიბაძე 58), შარვაშიძე (კოკნაძე 68), გოგია. (1-8) არაბიძე, თხელიძე, წაქაძე, ჯიმშიტაშვილი, ხელაძე, რევიშვილი, შალამბერიძე (დგებუაძე 77), ყურაშვილი.
2ს: სინაურიძე
მსაჯი: ნოდარ რობიტაშვილი

III ტური
ხარები-აკადემია 17:11
ლოკომოტივი-არმია 12:18
ლელო-ბათუმი 37:10

სატურნირო მდგომარეობა

გუნდი სხ
1. ლელო 3 3 0 0 +77 15
2. არმაზი 3 3 0 0 +35 12
3. არმია 3 2 0 1 +21 10
4. აია 3 2 0 1 +5 9
5. ჯიქები 3 2 0 1 0 8
6. ლოკომოტივი 3 1 0 2 +7 6
7. ხარები 3 1 0 2 -14 5
8. ბათუმი 3 1 0 2 -34 2
9. ყოჩები 3 0 0 3 -45 1
10. აკადემია 3 0 0 3 -49 1

IV ტური
აკადემია-ილიაუნი ჯიქი, აია-ლოკომოტივი, არმია-ლელო, ბათუმი-არმაზი, ყოჩები-ხარები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული