ჩემპიონმა "არმიამ" ჩემპიონატის ლიდერ "ლელოს" პირველი მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ლიდერმა თბილისის "ლელომ" მეოთხე ტურში პირველი მარცხი განიცადა. ავჭალის პირთამდე შევსებულ სარაგბო სტადიონზე ლელოელებმა ქვეყნის ჩემპიონთან და თასის მფლობელთან, "არმიასთან" წააგეს - 23:30.

მატჩმა, ცხადია, დიდი ინტერესი გამოიწვია და უნდა ითქვას, რომ ქომაგთა მოლოდინი გაამართლა. არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ეს შეხვედრა მიმდინარე სეზონში საუკეთესო იყო. ორივე გუნდი მწყობრი, გააზრებული კომბინაციებით ცდილობდა საწადელის მიღწევას, თუმცა შეცდომებიც უხვად ჰქონდათ.

გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩში, უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე, საბოლოოდ მაინც "არმიამ" იმძლავრა.

საწყის 25 წუთში მეტოქის შეცდომებით "არმიამ" უფრო იხეირა
და 10 ქულით დაწინაურდა - 13:3. ანგარიში კი ლელოელებმა მე-9 წუთზე გახსნეს. ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა საჯარიმო გაიტანა, რასაც უმალვე "არმიას" საპასუხო იერიში მოჰყვა.

შეტევა მოედნის საკუთარი ნახევრიდან ხვიჩა ბუჯიაშვილმა წამოიწყო და მარცხენა ფრთიდან სცადა მეტოქის ხაზის გაჭრა. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი მარჯვნივ გრძელ ფრთაზე გამოათამაშეს, ცხრა ნომერმა ბიძინა სამხარაძემ ფეხით ლელოსკენ შეაცურა. ყველაზე უმალ ბურთთან "არმიას" შუამარბი ირაკლი ჩხიკვაძე გაჩნდა, რომელმაც კარგად ისარგებლა ლელოელთა დაბნეულობით და ჩათვლის მოედანში შეაღწია. ფულბეკმა ბახვა კობახიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 10:3.

"არმია" გააქტიურდა. შერკინებას სტატიკურ მდგომარეობაში თამაში ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ამას დინამიკაში უკეთესი გარჯით ინაზღაურებდა. მე-19 და 25-ე წუთებზე კობახიძემ ორი საჯარიმო გაიტანა - 13:3.

"ლელო" უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ალბათ, სწორედ ამიტომ იყო, რომ გუნდი უფრო მობილიზებული გახდა და ტაიმის ბოლომდე სათამაშო უპირატესობას დაეუფლა, რაც ანგარიშშიც აისახა.

35-ე წუთზე "ლელომ" მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 15 მეტრში დერეფანი მოიგო და მოლი შეკრა. მძლავრი მიწოლით ათიოდ მეტრი გაიარა. თამაში რაკში გადავიდა. რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ ბურთი მარცხნივ გამოათამაშეს. ისევ რაკი და გიორგი კაჭარავასგან რეზო ბელქანიამ ლელო კარის ძელებს შორის გაიტანა. ყიასაშვილმა გარდასახა - 10:13.

ორ წუთში არმიელმა კობახიძემ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ბურთი დაკარგა, რომელიც "ლელოს" გარემარბმა ლექსო გუგავამ აიტაცა და ორმოცი მეტრი ისე ირბინა, წინაააღმდეგობა ვერავინ გაუწია. ყიასაშვილმა ესეც გარდასახა - 17:13. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ ტაიმის საწყისი წუთები ისევ "ლელოსი" იყო. 52-ე წუთზე ყიასაშვილმა 48 მეტრიდან საჯარიმო გაიტანა და ანგარიშში სხვაობა შვიდამდე გაზარდა - 20:13. თუმცა ნელ-ნელა ლელოელებს დაღლა დაეტყოთ და უპირატესობას არმიელები ეუფლებოდნენ.

შერკინების თამაში კი "არმიამ" დროული ცვლილებებით გამოასწორა. მოედანზე პირველხაზელების, ბექა მეკოკიშვილისა და დავით გურგენიძის ნაცვლად, შალვა მამუკაშვილი და გიორგი ხოსიტაშვილი შევიდნენ. "ლელოს" უპირატესობა შერკინებაში მყისვე გაქრა.

"არმიას" ფულბეკმა კობახიძემ 63-ე წუთზე საჯარიმო გაიტანა, თუმცა ზუსტად ერთ წუთში ყიასაშვილისგან იგივე პასუხი მიიღო - 23:16. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ "ლელომ" მონაგარს ვეღარაფერი შესძინა. გადამწყვეტი კი ყისაშვილის მიერ გაცუდებული საჯარიმო გამოდგა, როცა ანგარიში საყაიმო, 23:23 იყო. არადა, შეიძლებოდა, მოვლენები სხვა სცენარით განვითარებულიყო.

მატჩის დასკვნით 15 წუთში "არმია" მთლიანად აკონტროლებდა თამაშს. 68-ე წუთზე კი ანგარიში გათანაბრდა - არმიელებმა აუტი ლელოელთა ჩათვლის მოედნიდან ათ მეტრში მოიგეს და მოლით რამდენიმე მეტრი გაიარეს. მერე ბურთი ცხრა ნომერმა ბიძინა სამხარაძემ მარჯვენა გრძელ ფრთაზე გაიტანა, სადაც უკვე უკანახაზელები ამოქმედდნენ.

მათი შეჩერება "ლელომ" მოახერხა. წარმოქმნილი რაკიდან "არმიას" მორკინალები მოკლე დარტყმებით ჩათვლის მოედანს მიუახლოვდნენ. ბოლოს ბურთი შერკინების ბურჯმა გოგა კაკოვინმა აიტაცა და ლელოში შეაღწია. კობახიძემ გარდასახა - 23:23.

თამაშის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე "არმიამ" გადამწყვეტი, გამარჯვების მომტანი ლელო მიითვალა. შეტევა არმიელებმა მოედნის საკუთარი ნახევრიდან ხელდახელ ბურთაობით დაიწყეს და იერიშის ხშირი მიმართულების ცვლით მეტოქის დაცვა იმდენად გაწელეს, რომ მარჯვენა ფრთაზე შეტევაში ჩართული ფულბეკი ბახვა კობახიძე უმეთვალყურეოდ დარჩა. თანაგუნდელებმა ის დროულად შენიშნეს და ლელო ალამთან ახლოს გაიტანა. გარდასახვაც თვითონ დაარტყა - 30:23.

"ლელომ", როგორც უკვე ვთქვით, პირველი მარცხი განიცადა, თუმცა რადგან შვიდი ქულით წააგო, ერთი პრემიალური ქულა ერგო, რამაც საშუალება მისცა, სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეენარჩუნებინა. ლელოელებს ჯერაც დაუმარცხებელ "არმაზთან" ერთად 16-16 ქულა დაუგროვდათ. არმაზელებმა სტუმრად შეძლეს "ბათუმის" ძლევა - 18:13.

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. IV ტური
არმია-ლელო 30:23
არმია (15-9) კობახიძე, ზაბახიძე, ჯიმშელაძე, ჩხიკვაძე, ნუცუბიძე (გოგოლაშვილი 41), ნინიძე, სამხარაძე. (1-8) კაკოვინი, მეკოკიშვილი (მამუკაშვილი 60), გურგენიძე (ხოსიტაშვილი 60), ბიწაძე, ჩიტიძე (აზალაძე 64), თხილაიშვილი, თავართქილაძე (ი. სურგულაძე 32), ბუჯიაშვილი.
3ლ: ჩხიკვაძე, კაკოვინი, კობახიძე. 3გ,3ს: კობახიძე.
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ზაალიშვილი, ანდღულაძე, კოპაძე, გუგავა, ხმალაძე, კაჭარავა. (1-8) სანიკიძე (ხიდეშელი 53), ბელქანია (კვერნაძე 68), სუჯაშვილი (ბარბაქაძე 71), ნიკოლაიშვილი (კოლელიშვილი 68), ქოიავა, დარასელია, ე. სურგულაძე, ჭყოიძე.

2ლ: ბელქანია, გუგავა. 3ს,2გ: ყიასაშვილი

მსაჯი: თენგიზ ჩორგოლეიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული