"ყოჩები" ისევ აგებს, "ხარები" გადარჩა

AutoSharing Option
აუტსაიდერების მატჩი ლიდერების დაპირისპირებაზე არანაკლებ საინტერესო გამოდგა. რუსთავის "ხარებმა", რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა, თბილისში "ყოჩებს" აჯობა - 27:24.

თბილისურმა გუნდმა გამარჯვების გემო ჯერ არ იცის. ახალგაზრდულმა და გამოუცდელმა "ყოჩებმა" ამჯერადაც არასტაბილური თამაშის გამო წააგო. პირველ ტაიმში მისგან შთამბეჭდავს ვერაფერს გავიხსენებთ. "ხარები" კი თამაშიდან თამაშამდე ძლიერდება, თუმცა ხარვეზი მასაც ბევრი აქვს. მაგალითისთვის თუნდაც თითქმის მთლიანად ჩაგდებული მეორე ტაიმიც გამოდგება.

საწყის ხუთ წუთში სტუმრებმა ორი საჯარიმო გაიტანეს, რაზეც "ხარების" ფულბეკს მიხეილ წიკლაურს მე-7 წუთზე "ყოჩების" მგეზავმა გიგი გაბუნიამ ერთი საჯარიმოთი
უპასუხა - 3:6. ამის შემდეგ 30-ე წუთამდე რაიმე აღნიშვნის ღირსი მოედანზე აღარაფერი მომხდარა.

პირველი ნახევრის ბოლო ათ წუთში "ხარები" საგრძნობლად გააქტიურდა და ორი ლელოს გატანა მოახერხა, რამაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მატჩის საბოლოო შედეგი მნიშვნელოვნად განსაზღვრა. 31-ე წუთზე რუსთაველებმა მეტოქის 22-მეტრიან ზონაში ბურთი ფეხით შეაცურეს. "ყოჩებმა" მისი გაკონტროლება ვერ შეძლო. ბურთს სტუმართა მესამეხაზელი ლაშა გოგიაშვილი დაეუფლა, რომელიც ლელოს მისადგომებთან შებოჭეს, თუმცა მოასწრო და იქვე მიმყოლ პირველხაზელს უჩა აღაშვილს გადააწოდა, რომელსაც ჩათვლის მოედანში შეღწევა არ გასჭირვებია. წიკლაურმა გარდასახა - 13:3.

"ყოჩებმა" ამაზე სამ წუთში გაბუნიას საჯარიმოთი გასცა პასუხი - 6:13. თუმცა ტაიმის მიწურულს "ხარებმა" კიდევ ერთი ლელოს გატანა მოახერხა. მარცხენა ფრთაზე მეტოქის ხაზი რუსთაველთა უკანახაზელებმა გაჭრეს. წარმოქმნილი რაკიდან ცხრა ნომერმა ვაჟა ხუციშვილმა ბურთი მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე გაიტანა. ისევ რაკი და ვაჟამ შეტევის მიმართულება არ შეცვალა. ბურთი შუამარბ გიორგი ბებიაშვილს მიუვიდა, რომელიც ორ მოწინააღმდეგეს ხელიდან დაუსხლტა და ლელოში შეაღწია. წიკლაურმა ესეც გარდასახა - 20:6.

შესვენების შემდეგ, სამ წუთში, "ყოჩების" მგეზავმა გიგი გაბუნიამ საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა 11 ქულამდე შეამცირა. თბილისელი მორაგბეები საგრძნობლად გააქტიურდნენ. მათი შეტევები უფრო მწვავე გახდა, თუმცა 47-ე წუთზე საბედისწერო შეცდომა დაუშვეს. მორიგი იერიშისას გაბუნიას გადაცემა გარემარბმა ლექსო მელიქიშვილმა საკუთარი 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან ჩაჭრა და მოწინააღმდეგის ლელოსკენ დაიძრა. ის ზედ ჩათვლის მოედნის ხაზთან შეაჩერეს, მაგრამ მოახერხა და იქვე მიმყოლ მგეზავს, მანუჩარ ჭაავას გადააწოდა. მის მიერ გატანილი ლელო წიკლაურმა გარდასახა და "ხარები" 18 ქულით დააწინაურა - 27:9.

თამაშის დასრულებამდე 33 წუთი რჩებოდა. "ყოჩებმა" კიდევ ერთხელ გამოავლინა მათთვის დამახასიათებელი უდრეკი სული, მეტოქეს ორი ლელო გაუტანა, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხა - 24:27.

ყოჩები-ხარები 24:27
ყოჩები (15-9) კვარაცხელია, მახარაშვილი (გარუჩავა 46), კობაური, ქუშაშვილი, აბრამალაძე, გაბუნია, ჯაფარიძე (სიორიძე 74) (1-8) ესაკია, ცუცქირიძე, შენგელია (ჯინჭარაძე 58), ბელაშვილი, ტვილდიანი, აფციაური (ხარშილაძე 59), ცაგარეიშვილი, მალაღურაძე.
2ლ: სიორიძე, აფციაური. 4ს,გ: გაბუნია.
ხარები (15-9) წიკლაური, მელიქიშვილი, მაღლაკელიძე, ღამბაშიძე, ბებიაშვილი (მურადაშვილი 49), ჭაავა, ხუციშვილი. (1-8) მაჭარაშვილი (გაბრიჭიძე 63), კაკაბაძე, აღაშვილი, ხელია, ქარუხნიშვილი, ქვლივიძე, გოგიაშვილი, მარტიშვილი (ტყეშელაშვილი 57).
3ლ: აღაშვილი, ბებიაშვილი, ჭაავა. 3გ,2ს: წიკლაური.
სინბინი: გოგიაშვილი
მსაჯი: ნოდარ რობიტაშვილი

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. IV ტური
აკადემია-ილიაუნი ჯიქი 9:39
ბათუმი-არმაზი 13:18
აია-ლოკომოტივი 23:23

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 4 3 0 1 +70 16
2. არმაზი 4 4 0 0 +40 16
3. არმია 4 3 0 1 +28 14
4. ჯიქები 4 3 0 1 +27 13
5. აია 4 2 1 1 +5 11
6. ხარები 4 2 0 2 -11 9
7. ლოკომოტივი 4 1 1 2 +7 8
8. ბათუმი 4 1 0 3 -39 5
9. ყოჩები 4 0 0 4 -48 2
10. აკადემია 4 0 0 4 -79 1

V ტური
ლოკომოტივი-ილიაუნი ჯიქი, ლელო-აია, არმაზი-არმია, ხარები-ბათუმი, ყოჩები-აკადემია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული