საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. IV ტური: "არმაზის" ზეობა გრძელდება

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში ოთხი ტური მიიწურა. ყველასთვის მოულოდნელად, წლეულს შესანიშნავად ასპარეზობს თბილისის "არმაზი", რომელიც დაუმარცხებლად განაგრძობს თამაშს.

თუმცა სატურნირო ცხრილის სათავეში მაინც "ლელოა", რადგან ოთხიდან სამ მოგებულ მატჩში ლელოელებმა თითო პრემიალური ქულა ჩაიწერეს.

"არმაზი" ის გუნდია, რომელსაც ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში გართულებული პოლიტიკური ვითარება უშუალოდ შეეხო. თუმცა ამას არმაზელებისთვის ხელი არ შეუშლია, თამაში თამაშზე მოეგოთ.

მეტიც, თითქოს ხელოვნურად შექმნილმა პრობლემებმა ეს გუნდი კიდევ უფრო შეადუღაბა.

პირველი სამი ტურის მატჩები არმაზელებმა თბილისში გამართეს და სამივე მოიგეს. განვლილ მეოთხე ტურში უნდა გამოჩენილიყო, შემთხვევითია
თუ არა "არმაზის" ეს ზეობა, რადგან პირველად უწევდა გასვლითი მატჩის გამართვა.

მასპინძელი გუნდი "ბათუმი" კი წლეულს საგრძნობლად მოღონიერდა და ეროვნულ ჩემპიონატში ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. თუნდაც ის რად ღირს, რომ აქ საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერი გიორგი ბეგაძე და "ბორჯღალოსანთა" ყოფილი შუამარბი ირაკლი გიორგაძე თამაშობენ.

"არმაზმა" ეს მატჩიც მოიგო 18:13 და თავისი ამბიციების საფუძვლიანობა დაამტკიცა.

მომდევნო ტურში "არმაზს" კიდევ უფრო რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. მისი მეტოქე ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი "არმია" იქნება, რომელმაც მე-4 ტურში პირველი მარცხი აგემა გათამაშების ლიდერ თბილისის "ლელოს".

ეს შეხვედრა მიმდინარე გათამაშებაში საუკეთესო იყო, რაც გასაკვირი არაა, რადგან ორივე გუნდში უხვად არიან როგორც ეროვნულის, ისე საქართველოს A ნაკრების კანდიდატები.

თამაში საყურებლად კარგი კი იყო, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ მორაგბეები ხშირად ცდებოდნენ, რასაც მხოლოდ ერთი ახსნა აქვს: შეხვედრა ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იყო და ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლეს. ბოლოს "არმიამ" უკეთესი ფიზიკური მომზადების წყალობით მაინც მოიგო.

არმიელებმა, რომლებსაც სხვებთან შედარებით უკეთესი ფინანსური პირობები აქვთ, სეზონის წინ სრულფასოვანი საწვრთნელი შეკრება გაიარეს; "ლელომ" კი მზადება ჩემპიონატის დაწყებამდე სამი კვირით ადრე დაიწყო.

მე-4 ტურში ყურადღების ცენტრში იყო დაპირისპირება ქუთაისში, სადაც "აია" ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ თბილისის "ლოკომოტივს" მასპინძლობდა.

რკინიგზელებმა წლეულს უჩვეულოდ წარუმატებლად დაიწყეს სეზონი, თუმცა იოლად არავის არაფერს უთმობენ და ქუთათურებსაც მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. მეტიც, მატჩის ბოლო წუთებზე "აიას" დამარცხების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ...

ქუთათურებმა, "ლოკომოტივისგან" განსხვავებით, სტარტი შესანიშნავად აიღეს, მეორე ტურში სტუმრად ჩემპიონი "არმიაც" დაამარცხეს და ნათელი გახდა, რომ გუნდი ისევ რეალურად იბრძოლებდა ჩემპიონობისთვის. თუმცა მესამე ტურში "აია" სენსაციურად დამარცხდა გათამაშების დებიუტანტ თბილისის "ილიაუნი ჯიქთან". ამჯერად კი შინ რკინიგზელებთან ფრეს დასჯერდა.

"ჯიქებმა" კი დაამტკიცეს, რომ მათი ლიდერთა მარაქაში გარევა სრულიად კანონზომიერი მოვლენაა. გიორგი ამირხანაშვილის სამწყსომ მე-4 ტურში დამაჯერებლად სძლია "აკადემიას", რომელსაც მიმდინარე სეზონში საკადრო პობლემები შეექმნა და ახლა სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება (1 ქულა).

"ჯიქებს" მომდევნო ტურში მეტოქედ მრისხანე "ლოკომოტივი" ერგო და საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ამ გუნდის ახალგაზრდა მორაგბეები, კიდევ ერთხელ გამოიჩინონ გმირობა.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 4 3 0 1 +70 16
2. არმაზი 4 4 0 0 +40 16
3. არმია 4 3 0 1 +28 14
4. ჯიქები 4 3 0 1 +27 13
5. აია 4 2 1 1 +5 11
6. ხარები 4 2 0 2 -11 9
7. ლოკომოტივი 4 1 1 2 +7 8
8. ბათუმი 4 1 0 3 -39 5
9. ყოჩები 4 0 0 4 -48 2
10. აკადემია 4 0 0 4 -79 1

V ტური
ლოკომოტივი-ილიაუნი ჯიქი, ლელო-აია, არმაზი-არმია, ხარები-ბათუმი, ყოჩები-აკადემია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯიქები მართლაც აღმოჩენაა. ძალიან ახალგაზრდული გუნდია, 18-20 წლის ბიჭების ასეთი გამართული,თავდადებული თამაში, მისასალმებელია
zura
10:54 27-09-2012
0
რაც შეეხება გიორგი ამირხანაშვილს, მან მრავალჯერ დაამტკიცა თავის შესაძლებლობები. ბრავო
orange
15:56 26-09-2012
0

სიახლეები პოპულარული