საქართველოს ჩემპიონატი: "ლელომ" ლიდერობა შეინარჩუნა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშების ლიდერის, თბილისის "ლელოსა" და შარშანდელი ვიცე-ჩემპიონის, ქუთაისის "აიას" შორის დაპირისპირებაში ყველა უშეღავათო, თავდაუზოგავ ბრძოლას ელოდა.

ბრძოლა არ გამოვიდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქუთათურებმა მიმდინარე სეზონში ყველაზე ცუდი თამაში აჩვენეს და 14:29 დამარცხდნენ.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ "აიას" ასეთი წარუმატებლობის მიზეზი "ლელოს" შესანიშნავი გარჯის შედეგი იყო. თბილისელმა მორაგბეებმა 60 წუთის განმავლობაში მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და ამ დროისთვის 29:0-ს უგებდნენ.

"აიამ" ხელი მას შემდეგ გამოიღო, რაც მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა სამივე პირველხაზელი ერთდროულად გამოცვალა. იქამდე კი, როგორც
უკვე აღვნიშნეთ, "ლელო" დომინირებდა.

თბილისელმა მორაგბეებმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნეს. ეს "აიას" ჩათვლის მოედნის მისადგომებთან შვიდწუთიან შტურმს მოჰყვა. მარჯვენა ფრთაზე ლელოელი მორკინალები ხან მიძალებით, ხან ლელოთი, ხანაც შერკინების მძლავრი მიწოლით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას, მაგრამ არაფერი გამოდიოდა.

ბოლოს ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გაიტანეს. ცხრა ნომერმა გიორგი კაჭარავამ შეტევაში მგეზავი ლაშა ხმალაძე ჩართო, ამან კიდევ უფრო მარცხნივ ფულბეკ ირაკლი ყიასაშვილს გადააწოდა, რომელმაც ერთ მეტოქეს გვერდი სწრაფად აუარა და ჩათვლის მოედანში შევიდა.

გარდასახვა თვითონვე დაარტყა, თუმცა არაზუსტად - 5:0.

"აია", ცხადია, გულხელდაკრეფილი როდი იჯდა, თუმცა დაცვაში შესანიშნავად მოთამაშე მეტოქეს ვერაფერს უხერხებდა. "ლელო" კი ზეწოლას სულ უფრო აძლიერებდა.

30-ე წუთზე მასპინძელთა მიერ განხორციელებული შეტევა კი დიდი რაგბის ნიმუში იყო. ლელოელების მრავალფაზიან შეტევაში გუნდის ყველა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. მიმართულების ხშირი ცვლის შედეგად, "ლელომ" მარჯვენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა მიიღო და ყიასაშვილმა მეორე ლელო მიითვალა. ამჯერად გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 12:0.

არანაკლებ ლამაზი გამოდგა მესამე ლელოც, რომელიც თბილისელმა მორაგბეებმა ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გაიტანეს. შეტევა თავდაპირველად ისევ მარჯვენა ფრთაზე განვითარდა. მეტოქის 22-მეტრიან ზონაში მასპინძლების სასარგებლოდ შერკინება დაინიშნა. იქიდან გამოტანილი ბურთი კაჭარავამ მარცხენა, გრძელ ფრთაზე ხმალაძეს გადააწოდა, ამან შუამარბი ნონო ანდღულაძე მოძებნა, მას გარემარბი ირაკლი გეგენავა წამოეშველა, რომელმაც კიდევ უფრო მარცხნივ, კიდესკენ გარემარბი ალექსანდრე ნიჟარაძე ჩართო შეტევაში. მისი შეჩერება ქუთათურებმა ვერ შეძლეს. ყიასაშვილმა გარდასახა - 19:0.

პირველ ტაიმში მოპოვებულ ასეთ დიდ უპირატესობას "ლელო" ქარს არასდროს ატანს. გამარჯვებულის ვინაობა უკვე ცხადი იყო. გასარკვევი ისღა რჩებოდა, შეძლებდნენ თუ არა ლელოელები პრემიალური ქულის აღებას.

მეორე ტაიმი შედარებით მძიმედ დაიწყო. ანგარიშის გაზრდა "ლელომ" 57-ე წუთზე საჯარიმოთი შეძლო. ცხადია, მიზანს ყიასაშვილმა უწია - 22:0. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მას სამი საჯარიმო დარტყმა გაუცუდდა.

სამ წუთში კი თბილისელებმა მეოთხე ლელოც მიითვალეს. მარჯვენა ფრთაზე უკანახაზელებმა: ხმალაძემ, ანდღულაძემ და შეცვლაზე შესულმა ლექსო გუგავამ ხელდახელ თამაშით მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი გაჭრეს და 22-მეტრიან ზონაში შეაღწიეს. იქ წარმოქმნილი რაკიდან კაჭარავამ ბურთი მარცხნივ გამოათამაშა. მორკინალები ორი მოკლე დარტყმით ჩათვლის მოედანს მიუახლოვდნენ. ბოლოს ბურთი შეცვლაზე შესულმა პირველხაზელმა ბაჩანა გოგიშვილმა აიტაცა და ლელოში გადადო. ყიასაშვილმა გარდასახა - 29:0.

ამის შემდეგ "ლელომ" აქტიურობას უკლო. სტუართა გუნდი ამან საგრძნობლად გამოაცოცხლა. 70-ე წუთზე მათი საკმაოდ აგრესიული იერიში შედეგიანი გამოდგა. შერკინების მოთამაშეებმა მეტოქის ხაზი გაჭრეს და 22-მეტრიან ზონაში შეაღწიეს. მერე შეცვლაზე შესულმა ცხრა ნომერმა ლევან გოგიამ იერიში მარცხენა მოკლე ფრთაზე განაგრძო, სადაც შუამარბმა სერგო კვერნაძემ იყოჩაღა. მგეზავმა გაგა სინაურიძემ გარდასახა - 7:29.

მიღწეულმა წარმატებამ "აია" კიდევ უფრო გამოაცოცხლა. მათი შეტევები უფრო სწრაფი და სახიფათო გახდა. სამ წუთში ქუთათურთა კიდევ ერთი იერიში ლელოთი დასრულდა. ამჯერადაც მთავარი დამრტყმელი ძალა "აიას" მორკინალები იყვნენ. მასპინძელთა ჩათვლის მოედანში კი ბურთი შეცვლაზე შესულმა პირველხაზელმა დავით თხელიძემ დაამიწა. სინაურიძემ ესეც გარდასახა - 14:29.

თამაშის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა. "ლელომ" ამ გამარჯვებით პირველი ადგილი შეინარჩუნა, თუმცა პრემიალური ქულის აღება ვერ შეძლო.

ლელო-აია 29:14
ლელო (15-9) ყიასაშვილი (ზაალიშვილი 68), გეგენავა (გიგავა 55), ანდღულაძე, კოპაძე, ნიჟარაძე, ხმალაძე, კაჭარავა. (1-8) სანიკიძე (გოგიშვილი 61), ბელქანია (ხიდეშელი 61), სუჯაშვილი (ბარბაქაძე 61), ნიკოლაიშვილი, ქოიავა, დარასელია, მძინარიშვილი, ჭყოიძე.
4ლ: ყიასაშვილი (2), ნიჟარაძე, გოგიშვილი. 3გ,ს: ყიასაშვილი

აია (15-9) კვერნაძე, აბრამიძე (ზიბზიბაძე 57), ხამაშურიძე (ძნელაძე 66), კუხიანიძე, ფრუიძე, სინაურიძე, როხვაძე (გოგია 60), (1-8) რატიაშვილი (თხელიძე 35), მატკავა (არაბიძე 56), ულუმბეგაშვილი (წაქაძე 35), ჯიმშელეიშვილი (ჩიტეიშვილი 54), შალამბერიძე, რევიშვილი, შაშიაშვილი, ყურაშვილი.
2ლ: თხელიძე, კვერნაძე.

მსაჯი: თენგიზ ჩერგოლეიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული