რკინიგზელები ლიდერთა ოთხეულს მჭიდროდ მიუახლოვდნენ და მომდევნო ტურში წარმატების შემთხვევაში, ადვილი შესაძლებელია, გუნდმა საპლეიოფო ზონაში შეაღწიოს.
"ლოკომოტივი" დიდი ხნის ნაცნობი გუნდია, თავისი პლუს-მინუსებით. მათი მეტოქე კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დებიუტანტია, რომლის კვალობაზეც შესანიშნავად ასპარეზობს და თავიდანვე ლიდერებს შორის დაიკავა ადგილი. "ილიაუნი ჯიქმა", ცხადია, უკვე დამკვიდრებულ, მებრძოლი გუნდის რენომეს არ უღალატა და რკინიგზელებთან მატჩში კიდევ ერთი სენსაციის შემოთავაზებას ეცადა. ამჯერად არ გამოუვიდა.
ანგარიში მე-6 წუთზე "ჯიქების" მგეზავმა ნუგზარ გიორგაძემ საჯარიმოთი გახსნა. მართალია, მან საბოლოოდ, ჯამში ოთხი საჯარიმო გაიტანა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამდენივე ააცილა. ეს კი 12 ქულაა. ამასთან ერთად, "ჯიქები" ხშირად ცდებოდნენ დერეფანში თამაშისას, რაც მათ ძალისხმევას თითქმის მთლიანად აბათილებდა.
რკინიგზელებმა ექვს წუთში საჯარიმოთივე გაათანაბრეს. ეს მგეზავმა ვახტანგ კავთიძემ მოახერხა.
თოთხმეტი წუთის შემდეგ "ლოკომოტივმა" პირველი ლელო მიითვალა. ბურთი შუამარბმა დიტო ჭურღულიამ მოედნის საკუთარ ნახევარზე, 40-მეტრიან ხაზთან მიიღო და მეტოქის ზურგს უკან გადაკიდა. ყველაზე სწრაფად მასთან მესამეხაზელი თემურ ჩიტიძე გაჩნდა, რომელმაც ორ მეტოქეს გვერდი აუარა და ლელოში შეაღწია. კავთიძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა - 8:3.
"ჯიქებმა" მდგომარეობის გამოსწორება ტაიმის დასკვნით ხუთ წუთში შეძლეს, როცა გიორგაძემ სამჯერ აცილებული საჯარიმოს შემდეგ შეძლო და ორი გაიტანა - 9:8. ასე დასრულდა პირველი ნახევარი.
შესვენების შემდეგ "ჯიქებმა" კიდევ უფრო მეტად დაწინაურება შეძლეს. გიორგაძემ საჯარიმო ამჯერადაც ზუსტად დაარტყა - 12:8.
ამის შემდეგ მოედანზე ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. "ლოკომოტივი" უფრო სწრაფად და მძლავრად ამუშავდა. მორკინალებმა ჩვეული შეუპოვრობით შეუტიეს და 45-ე წუთზე მეორე ლელო გაიტანეს.
რკინიგზელებმა მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში მოგებული დერეფნის შემდეგ შეკრეს მოლი. "ჯიქებმა" თამაშის რაკში გადაყვანა შეძლეს, თუმცა იქ დაჯარიმდნენ. ლოკომოტიველებმა შერკინება მოითხოვეს. იქიდან ბურთი ზვიად მაისურაძემ აიტაცა და ლელოში გადადო. კავთიძემ გარდასახა - 15:12.
შვიდ წუთში "ლოკომოტივმა" საჯარიმოს დარტყმის უფლება ისევ მოიპოვა, თუმცა ამჯერადაც შერკინება მოითხოვა. იქიდან ისევ მაისურაძემ შეუტია, მაგრამ ახლა მისი შეჩერება შეძლეს. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი ხვთისო ელოშვილმა აიტაცა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. კავთიძემ ესეც გარდასახა - 22:12.
"ლოკომოტივთან" 10-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ნებისმიერი გუნდისთვის ურთულესი საქმეა, თუმცა "ჯიქებს" ყურები არ ჩამოუყრიათ და ბოლომდე იბრძოლეს. 62-ე წუთზე მათ დამრტყმელი გამოცვალეს. გიორგაძის ნაცვლად ამჯერად საჯარიმო შუამარბმა გიორგი კუპრეიშვილმა დაარტყა და გაიტანა - 15:22.
ანგარიშში შვიდქულიანი ჩამორჩენა 76-ე წუთამდე შენარჩუნდა. რკინიგზელებმა საკმაოდ ეფექტური, მრავალფაზიანი იერიში წამოიწყეს.
მორკინალებმა ჯერ კარის პირდაპირ შეუტიეს, მერე მარცხნივ ჩაათამაშეს, იქ რაკში მეტოქე უხვად ჩაითრიეს და მარჯვენა გრძელ ფრთაზე რიცხობრივ უპირატესობაში დარჩნენ. ცხრა ნომერმა ირაკლი ღვინჯილიამ ეს დროულად შენიშნა და ბურთი ახლა იქით გაიტანა, ბოლომდე ხელდახელ ჩაათამაშეს და ლელო გარემარბმა სანდრო ქავთარაძემ გაიტანა.
კავთიძემ საკმაოდ არახელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა ზუსტად გამოიყენა - 29:22.
"ჯიქები" ვალში არ დარჩნენ. ბოლო წუთზე მეტოქის 22-მეტრიან ზონაში საჯარიმო სწრაფად გაათამაშეს და მესამეხაზელმა ბექა მამრიკიშვილმა ლელოში შეაღწია. გარდასახვა კუპრეიშვილმა გაიტანა - 29:22. "ლოკომოტივმა" სამი ლელოს სხვაობით მოგების გამო პრემიალური ქულა მიითვალა. ერთი ქულა ერგო "ჯიქებსაც", რადგან შვიდი ქულის სხვაობით წააგო.
საქართველოს ჩემპიონატი. V ტური
ლოკომოტივი-ილიაუნი ჯიქი 29:22
ლოკომოტივი (15-9) წიკლაური, ქავთარაძე, ჭურღულია (ბიწაძე 72), ხუციშვილი, ჟამუტაშვილი, კავთიძე, ღვინჯილია. (1-8) ელოშვილი (ახვლედიანი 67), გენებაშვილი, გუნიავა, გეგია (ხოლუაშვილი 56), ცუხიშვილი (კორკოტაძე 58), ჩიტიძე, ბერიშვილი, მაისურაძე.
4ლ: ელოშვილი, მაისურაძე, ქავთარაძე, ჩიტიძე. 3გ,ს: კავთიძე
სინბინი: ღვინჯილია.
ილიაუნი ჯიქი (15-9) კიკნაძე (შერმაზანაშვილი 58), ხარაზაშვილი, ბერძული, კუპრეიშვილი, ნოზაძე (ტრაპაიძე 50), გიორგაძე, ზაბახიძე. (1-8) ოქრიაშვილი (გაგნიძე 42), ოქრომელიძე (სვანიძე 68), ყაულაშვილი, მჭედლიშვილი, გოგოლაძე, მამრიკიშვილი, გ. ტუჩაშვილი, კიკვიძე.
ლ: მამრიკიშვილი. 5ს: გიორგაძე (4), კუპრეიშვილი. გ: კუპრეიშვილი.
სინბინი: გაგნიძე.
მსაჯი: ნოდარ რობიტაშვილი
სხვა მატჩები
ლელო-აია 29:14 (იხილეთ ვრცლად)
არმაზი-არმია 17:23
ყოჩები-აკადემია 3:6
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 5 4 0 1 +85 20
2. არმია 5 4 0 1 +34 18
3. არმაზი 5 4 0 1 +34 17
4. ჯიქები 5 3 0 2 +20 14
5. ლოკომოტივი 5 2 1 2 +14 13
6. აია 5 2 1 2 -10 11
7. ხარები 4 2 0 2 -11 9
8. ბათუმი 4 1 0 3 -39 5
9. აკადემია 5 1 0 4 -76 5
10. ყოჩები 5 0 0 5 -51 3
VI ტური
ილიაუნი ჯიქი-ყოჩები, ლოკომოტივი-ლელო, აია-არმაზი, არმია-ხარები, ბათუმი-აკადემია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"