საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. VI ტურის წინ: ლიდერი შესაძლოა შეიცვალოს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მე-6 ტურის წინ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დიდი სიმჭიდროვეა. ლიდერსა და მეშვიდეადგილოსანს შორის, რომელსაც ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული, სხვაობა 11 ქულაა.

აღსანიშნავია, რომ დაუმარცხებელი აღარავინ დარჩა, თუმცა ისეთი გუნდი, რომელსაც ჯერ არ მოუგია, ერთია - ოდესღაც ქართული რაგბის ერთ-ერთი მოწინავე თბილისის "ყოჩები".

გათამაშებას კი 20 ქულით თბილისის "ლელო" ლიდერობს, რომელიც მე-6 ტურში "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ თბილისის "ლოკომოტივს" ეთამაშება.

რკინიგზელებმა სეზონი უჩვეულოდ მძიმედ დაიწყეს. ხუთი შეხვედრიდან თემურ ბენდიაშვილის სამწყსომ მხოლოდ ორი მოიგო და
ერთშიც ფრეს მიაღწია.

განვლილ, მე-5 ტურში "ლოკომოტივმა" წლევანდელი სეზონის აღმოჩენას, თბილისის "ილიაუნი ჯიქს" მოუგო. ამ შეხევდრაში გამოჩნდა, რომ რკინიგზელებმა მათთვის ჩვეული სტილის, მორკინალების მიძალების გარდა ხელდახელ ბურთაობაც კარგად აითვისეს. ალბათ, სწორედ ამიტომ იყო, რომ ასევე მძლავრი შერკინების მქონე "ჯიქებს" ბევრი პრობლემა შეუქმნეს.

"ლელოსთან" მატჩში "ლოკომოტივს" ხელდახელ ბურთაობა არ გამოადგებათ, რადგან ეს სწორედ ლელოელთა ძლიერი მხარეა. ამიტომ გამარჯვების მისაღწევად, რკინიგზელებმა თამაში უნდა "ჩაკეტონ". მორკინალებმა კი ტემპს და ფიზიკურ ზეწოლას გაუძლონ.

"ლელოზე" აღარაფერს ვიტყვით. მის უკანახაზელებს ნამდვილად ძალუძთ მორკინალების გარჯით მოპოვებული უპირატესობა ლელოდ აქციონ.

არანაკლებ საინტერესო იქნება დაპირისპირება ქუთაისში, სადაც "აია" ამჟამად მესამე ადგილზე მყოფ თბილისის "არმაზს" უმასპინძლებს.

აქამდე წლევანდელ ჩემპიონატში ყველაზე დიდი იმედგაცრუება სწორედ ქუთაისური გუნდია. მართალია, "აიამ" სეზონის დაწყების წინ რამდენიმე წამყვანი პირველხაზელი დაკარგა, მაგრამ მათ ნაცვალად საკმაოდ ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეები დაიმატა, თუმცა ვინაიდან გამოცდილება აკლიათ, სრულფასოვანი შეცვლა არ გამოვიდა.

ძნელი სათქმელია, რატომ, მაგრამ მეორე ტურის შემდეგ, როცა ქუთათურებმა "არმიას" სტუმრად სძლიეს, "აიას" თამაში საგრძნობლად გაუფერულდა. სადღაც გაქრა ამ გუნდისთვის ჩვეული ჟინიც. ერთი სიტყვით, ქუთაისური გუნდის მოთამაშეებს ფსიქოლოგიური პრობლემები უნდა ჰქონდეთ.

"არმაზმა" პირველი მარცხი წინა, მე-5 ტურში განიცადა. მისი მძლეველი სწორედ "არმია" იყო. არმაზელები დიდი ხანია ერთი და იმავე შემადგენლობით თამაშობენ და წლების განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას ახლა იყენებენ. თანაც გუნდი წლეულს საფრანგეთიდან მობრუნებულმა საქართველოს ნაკრების გარემარბმა ირაკლი მაჩხანელმა გააძლიერა.

არმიელები კი, რომლებიც 18 ქულით მეორე ადგილზე არიან, რუსთავის "ხარებს" უმასპინძლებენ. მეორე ტურში "აიასთან" წაფორხილების შემდეგ "არმიამ", ძნელად, მაგრამ ყველა თამაში მოიგო და გამორიცხული არ არის, რომ "ლელოსთან" "ლოკომოტივის" გამარჯვების შემთხვევაში, სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცნენ.

"ხარებს", ცხადია, გაუჭირდება, ისევე, როგორც "ყოჩებს" თბილისის "ილიაუნი ჯიქთან". ეს გუნდი 14 ქულით ახლა IV ადგილზეა და პლეი ოფში გასვლაზე რეალურად აცხადებს პრეტენზიას.

ძნელი სათქმელია, "ჯიქებს" დენთი სადამდე ეყოფათ. თუმცა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ახალგაზრდა მორაგბეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ჩემპიონატი ბევრად უფრო საინტერესო გახადა და სულ სხვა ელფერი შესძინა.

ძალიან სამწუხაროა, "ყოჩების" ასეთი დასუსტება. ერთ დროს ამ საკამოდ ძლიერმა კლუბმა წლეულს ხუთიდან ხუთივე შეხვედრა წააგო, მათ შორის უშუალო კონკურენტ თბილისის "აკადემიასთან", რომელიც მე-6 ტურში სტუმრად ითამაშებს "ბათუმთან".

ამ ორ გუნდს თანაბარი, ხუთ-ხუთი ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მეზობლები არიან. მათ უშუალო დაპირისპირებაში გაირკვევა, ვინ იქნება "ყოჩების" კონკურენტი უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში.

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა
VI ტური

ილიაუნი ჯიქი-ყოჩები, ლოკომოტივი-ლელო, აია-არმაზი, არმია-ხარები, ბათუმი-აკადემია.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 5 4 0 1 +85 20
2. არმია 5 4 0 1 +34 18
3. არმაზი 5 4 0 1 +34 17
4. ჯიქები 5 3 0 2 +20 14
5. ლოკომოტივი 5 2 1 2 +14 13
6. აია 5 2 1 2 -10 11
7. ხარები 4 2 0 2 -11 9
8. ბათუმი 4 1 0 3 -39 5
9. აკადემია 5 1 0 4 -76 5
10. ყოჩები 5 0 0 5 -51 3

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული