საქართველოს ჩემპიონატი: ორი ფავორიტი მკვეთრად გამოიკვეთა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის გათამაშების პირველი წრის დასრულებამდე სამი ტური დარჩა. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლთა ჯგუფი მკვეთრად გამოიკვეთა. სასიხარულოა, რომ ასეთი მიმდინარე შეჯიბრებაში ექვსი გუნდია.

სატურნირო ცხრილს სათავეში 24 ქულით თბილისის "ლელო" უდგას, რომელმაც ექვსი შეხვედრიდან ხუთი მოიგო.

ასეთივე წარმატებით ასპარეზობს მეორეადგილოსანი "არმია", ოღონდ მას აქტივში 22 ქულა აქვს. ლელოელებმა უახლოეს მდევარზე ორით მეტი პრემიალური ქულის მოპოვება შეძლეს.

ცხადია, ახლა ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ეს გუნდები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შემადგენლობას შეინარჩუნებენ, პლეი ოფში
გასვლას შეძლებენ.

რჩება ორი ადგილი, რომლისთვისაც დღევანდელი მდგომარეობით პრეტენზიას ერთბაშად ოთხი გუნდი აცხადებს. ესენია: "ილიაუნი ჯიქი", "არმაზი", "აია" და "ლოკომოტივი".

გამორიცხული არ არის, სამომავლოდ ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალოს. ამ გუნდებს შესაძლოა რუსთავის "ხარებიც" დაემატოს, რომელსაც ამჟამად ერთი თამაში თადარიგში აქვს.

მომდევნო, მე-7 ტურში ჩემპიონატის ლიდერი "ლელო" გათამაშების დებიუტანტს და მესამეადგილოსან თბილისის "ილიაუნი ჯიქს" დაუპირისპირდება.

არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ "ჯიქები" ახალგაზრდული გუნდია და თუ ძალების ბოლომდე შემონახვას შეძლებს, ნებისმიერი მეტოქის გამწარება ძალუძს.

განვლილ ექვს ტურში გიორგი ამირხანაშვილს გუნდის რამდენიმე მოთამაშე დაუშავდა. ამიტომ გამორიცხული არ არის, ლიდერთან "ჯიქები" ოდნავ შესუსტებული შემადგენლობით გავიდეს საასპარეზოდ.

თუმცა, ვინც გავა, როგორც ამ გუნდის მორაგბეებს სჩვევიათ, ბოლომდე თავდადებით იბრძოლებს. სხვა საქმეა, ეყოფათ თუ არა სათამაშო კლასი, წლეულს შესანიშნავად მოასპარეზე ლელოელებთან.

ტრავმებმა, ცხადია, "ლელოც" შეაწუხა. ვერაფრით გამოჯანმრთელდა გარემარბი ირაკლი გეგენავა; ისევ მკურნალობენ მგეზავი გოდერძი ჭინჭარაული, მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი და მესამეხაზელი ელგუჯა სურგულაძე. ეს მორაგბეები, სავარაუდოდ, არც "ჯიქებთან" ითამაშებენ.

"არმიას", ლიდერისგან განსხვავებით, ოდნავ განსხვავებული ამოცანის გადაჭრა მოუწევს. მისი მეტოქე თბილისის "აკადემიაა", რომელიც ხუთი ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.

ეს გუნდი სეზონის წინ რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა და ახლა თავისი აღზრდილი ახალგაზრდა მორაგბეებით ცდილობს, უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. შესაბამისად, "არმიასთან" გამარჯვება და სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესება, ვფიქრობთ, ძალიან გაუჭირდება.

გაცილებით საინტერესო უნდა იყოს მეოთხეადგილოსანი "არმაზისა" და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, "ლოკომოტივის" დაპირისპირება.

არმაზელები მეტოქეს სატურნირო ცხრილში სამი ქულით უსწრებენ და მარცხის შემთხვევაში, მოწინავე ოთხეულში ადგილს რკინიგზელებს დაუთმობენ.

"არმაზი" აქამდე მეტოქესთან შედარებით უკეთ გამოიყურებოდა. ამ გუნდმა ექვსი თამაშიდან ოთხი მოიგო და ორში დამარცხდა.

რკინიგზელებს უარესი მაჩვენებელი აქვთ, მათ აქტივში მხოლოდ ორი მოგება და ერთი ფრეა. სამი წაგება ჩემპიონატის სტარტზე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა.

"ლოკომოტივს" მდგომარეობის გამოსწორება რეალურად ხელეწიფება და საამისოდ "არმაზის" დამარცხება აუცილებლად მართებს.

ცხადია, მედლებისთვის ბრძოლაში ჩაბმის პრეტენზია ქუთაისის "აიასაც" აქვს, რომელსაც მეორე ტურის შემდეგ არ მოეგო.

ქუთათურებმა გასულ უქმეებზე ისევ გაუსინჯეს გამარჯვებას გემო და საკმაოდ მოღონიერებული "არმაზი" დაამარცხეს. მომდევნო ტურში "აიას" არანაკლებ რთული ბრძოლა ექნება გადასატანი რუსთავის "ხარებთან", რომელიც ნელ-ნელა ფორმაში შედის და თამაშის ხარისხს აუმჯობესებს.

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1. ლელო 6 5 0 1 +91 24
2. არმია 6 5 0 1 +44 22
3. ჯიქები 6 4 0 2 +31 19
4. არმაზი 6 4 0 2 +26 17
5. აია 6 3 1 2 -2 15
6. ლოკომოტივი 6 2 1 3 +8 14
7. ხარები 5 2 0 3 -21 9
8. ბათუმი 5 2 0 3 -26 5
9. აკადემია 6 1 0 5 -89 5
10. ყოჩები 6 0 0 6 -62 3

VII ტური
ლელო-ილიაუნი ჯიქი, ლოკომოტივი-არმაზი, ხარები-აია, აკადემია-არმია, ყოჩები-ბათუმი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორც მახსოვს არმიას უნდა მიეგო მონაწილეობა,ევრო ტამაშებზე
guga
19:41 10-10-2012
0
მიხარია ჩემპიონატის დონემ რომ მოიმატა,ცოტა ფინანსებიც რომ იყოს რაგბიში და ევრო სარბიელზე გავიდეთ ისე როგორც რუმინეთის კლუბებია ნაკრების დონე საგრძნობლათ მოიმატებს
zaxo
19:38 10-10-2012
0

სიახლეები პოპულარული