"არმაზმა" "ლოკომოტივი" დაამუხრუჭა

AutoSharing Option
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა, თბილისის "ლოკომოტივმა" მატჩის პირველ ნახევარში "არმაზს" წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მშრალი ანგარიშით, 25:0 დამარცხდა.

შესვენების შემდეგ რკინიგზელები საგრძნობლად გააქტიურდნენ და სამი ლელოს გატანა მოახერხეს, თუმცა მატჩის გადარჩენა ვერაფრით შეძლეს. საბოლოოდ არმაზელებმა 31:21 მოიგეს.

მატჩის წინ ყველა დაძაბული, უშეღავათო ბრძოლის მოლოდინში იყო. ორივე გუნდი სატურნირო ცხრილის ზედა ნახევარშია და საპლეიოფო ოთხეულში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძვის. როგორც თამაშის პირველმა ნახევარმა აჩვენა, "არმაზი" უფრო მობილიზებული, საბრძოლველად მეტად შემართული იყო.

ისიც კარგად გამოჩნდა, რომ ამ გუნდს ვარჯიშებზე როგორც შეტევითი, ისე დაცვის სისტემები
კარგად დაუმუშავებია და მოედანზეც შესანიშნავად გამოიყენა.

მატჩის პირველ ნახევარში რკინიგზელები თითქოს უმოტივაციოდ გამოიყურებოდნენ. ცხადია, მცდელობას არ აკლებდნენ, მეტოქის წინააღმდეგობა გადაელახათ, მაგრამ თამაში ვერაფრით დაალაგეს.

ანგარიში მატჩის მე-5 წუთზე "არმაზმა" გახსნა. საჯარიმო ზუსტად დაარტყა მგეზავმა დავით კიკნაძემ - 3:0. ამას ოთხ წუთში არმაზელთა მორიგი იერიში მოჰყვა, რომელიც ლელოთი დასრულდა.

მათ "ლოკომოტივის" ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში დერეფანი სუფთად მოიგეს. მოლი შეკრეს, რომელსაც შერკინების კვაჭი გიორგი სოსელია დროულად მოსწყდა და ლელოში შეიჭრა. კიკნაძემ ვერ გარდასახა - 8:0.

რკინიგზელებმა ჩამორჩენის აღმოფხვრა სცადეს. მეტოქის 22-მეტრიან ზონაშიც შეაღწიეს, თუმცა ჩვეული მიძალებითა და მორკინალების აქტიურობით ფონს ვერ გავიდნენ. "არმაზმა" კი ანგარიშის გაზრდა მე-18 წუთზე შეძლო. საჯარიმო კიკნაძემ გაიტანა - 11:0.

ცხრა წუთის შემდეგ არმაზელებმა მეორე ლელოც მიითვალეს. შერკინება რკინიგზელთა ლელოდან რვა მეტრში დაინიშნა. ბურთი "არმაზის" შერკინების მესამეხაზელმა ოთარ მინაშვილმა აიტაცა და ჩათვლის მოედანში ისე შეაღწია, წინააღმდეგობა არ შეხვედრია. კიკნაძემ გარდასახა - 18:0.

მესამე ლელო, რომელიც "არმაზმა" ოთხი წუთის შემდეგ გაიტანა, ქრესტომათიული გამოდგა. ყველაფერი კი ასე მოხდა: დერეფანი არმაზელებმა მეტოქის 22-მეტიან ხაზთან მოიგეს.

მესამეხაზელმა ვალიკო თიგიშვილმა ხაზი გაჭრა და თხუთმეტიოდე მეტრი გაიარა. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი იქვე მიმყოლმა პირველხაზელმა არჩილ ბეჟიაშვილმა აიტაცა და ლელოში შეაღწია. კიკნაძემ ესეც გარდასახა - 25:0. ასე დასრულდა მატჩის პირველი ნახევარი.

"ლოკომოტივი" ასეთი დიდი სხვაობით როდის აგებდა, ძნელად გასახსენებელია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სენსაცია იყო. არადა, "არმაზი" მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში მართლაც შესანიშნავად გაისარჯა.

თითქმის უიმედო ვითარების მიუხედავად, "ლოკომოტივმა" მაინც სცადა მატჩის გადარჩენა. თამაშის დასრულებას აღარაფერი აკლდა, როცა რკინიგზელებმა ანგარიშში სხვაობა შვიდ ქულამდე შეამცირეს - 21:28.

პირველი ლელო "ლოკომოტივმა" 50-ე წუთზე გაიტანა. რკინიგზელებმა დერეფანი მარცხენა ფრთაზე, მეტოქის 22-მეტრიან ზონაში მოიგეს, მოლი შეკრეს, ათი მეტრი გაიარეს. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი ცხრა ნომერმა ირაკლი ღვინჯილიამ მარჯვნივ გაიტანა, ისევ რაკი და ღვინჯილიამ შეტევის მიმართულება არ შეცვალა.

მარჯვნივ კიდესთან რკინიგზელები რიცხობრივ უმრავლესობაში იყვნენ და ლელო მესამეხაზელმა თემურ ჩიტიძემ მიითვალა. მგეზავმა ვახტანგ კავთიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 7:25.

"არმაზმა" ცხრა წუთში ამაზე საჯარიმოთი უპასუხა, კიკნაძემ თავისიანებს მორიგი სამი ქულა შესძინა - 28:7. მატჩის კულმინაცია ბოლო ათი წუთი იყო. 70-ე წუთზე "ლოკომოტივის" მორკინალების მიძალება პირველხაზელმა დავით გასვიანმა ლელოთი დაასრულა, კავთიძემ გარდასახა - 14:28.

მატჩის დამთავრებამდე ერთი წუთით ადრე კი ზვიად მაისურაძემ საჯარიმო "არმაზელთა" კარის წინ ათ მეტრში სწრაფად გაათამაშა და ლელოში უპრობლემოდ შევიდა. კავთიძეს გარდასახვის გატანა არ გასჭირვებია - 21:28.

მოედანზე მდგომარეობა დაიძაბა, რომელიც "ლოკომოტივის" მესამეხაზელის, გიგა ნიშნიანიძის გაძევებით დასრულდა. არადა, ბურთი რკინიგზელების იყო. მათ შეეძლოთ ბოლო იერიში წამოეწყოთ და წარმატების შემთხვევაში მატჩი ფრემდე მიეყვანათ.

ნიშნიანიძემ მეტოქეს მუშტი უთავაზა, რის გამოც "ლოკომოტივს" ბურთი ჩამოერთვა და "არმაზის" სასარგებლოდ საჯარიმო დაინიშნა. კიკნაძემ ის სამ ქულად აქცია 31:21 და მატჩიც დასრულდა.

ლოკომოტივი-არმაზი 21:31

ლოკომოტივი (15-9) წიკლაური (კობერიძე 68), ჟამუტაშვილი, ჭურღულია, გოგეშვილი (რ. ხუციშვილი 62), ქავთარაძე, კავთიძე, ღვინჯილია. (1-8) გასვიანი, გენებაშვილი, გუნიავა, ნიშნიანიძე, ცუხიშვილი, ჩიტიძე, ხულელიშვილი (ახვლედიანი 65), ზ. მაისურაძე.
3ლ: გასვიანი, მაისურაძე, ჩიტიძე. 3გ: კავთიძე.
გაძევება: ნიშნიანიძე.
არმაზი (15-9) ჩხაიძე (პინაშვილი 59), ა. ხუციშვილი, მაჩხანელი, კაიფაჯიანი, სირაძე (პ. მაისურაძე 57), კიკნაძე, მისრიაშვილი. (1-8) ბეჟიაშვილი, სოსელია, შელია, ჯიშკარიანი (ლეკბერაშვილი 73), ჭელიძე (ესართია 64), კანდელაკი, მინაშვილი, თიგიშვილი.
3ლ: სოსელია, ბეჟიაშვილი, მინაშვილი. 4ს,2გ: კიკნაძე.
სინბინი: თიგიშვილი
მსაჯი: ნოდარ რობიტაშვილი

VII ტური
აკადემია-არმია 3:40
ხარები-აია 13:50
ყოჩები-ბათუმი 34:32

სატურნირო მდგომარეობა

გუნდი
1 ლელო 7 6 0 1 +103 28
2 არმია 7 6 0 1 +81 27
3 არმაზი 7 5 0 2 +36 21
4 აია 7 4 1 2 +35 20
5 ჯიქები 7 4 0 3 +19 19
6 ლოკომოტივი 7 2 1 4 -2 14
7 ბათუმი 6 2 0 4 -28 10
8 ხარები 6 2 0 4 -58 9
9 ყოჩები 7 1 0 6 -58 7
10 აკადემია 7 1 0 6 -126 5

VIII ტური
ბათუმი-ილიაუნი ჯიქი, არმაზი-ლელო, ლოკომოტივი-ხარები, აია-აკადემია, არმია-ყოჩები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული