საქართველოს ჩემპიონატი: "ლელომ" "ჯიქები" გაიარა, "არმაზი"?

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში შვიდი ტურის შემდეგ ორი გუნდი, "ლელო" და "არმია" საგრძნობლად დაწინაურდა.

ქვეყნის შარშანდელი ჩემპიონი 27 ქულით მეორე ადგილზეა და მას "ლელო" ერთი ქულით უსწრებს. ლელოელებსა და მესამეადგილოსან "არმაზს" შორის კი სხვაობა შვიდი ქულაა, რომელიც შესაძლოა მომდევნო, მერვე ტურის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდოს.

საამისოდ კი, ცხადია, "ლელომ" "არმაზი" უნდა დაამარცხოს, რომელიც წლეულს შესანიშნავ გუნდად ჩამოყალიბდა და შვიდი მატჩიდან ხუთი მოიგო. არმაზელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ განვლილ მე-7 ტურში მათ სეზონის საუკეთესო შეხვედრა გამართეს. უფრო სწორად - ერთი, პირველი ტაიმი.

ქვეყნის
მრავალგზის ჩემპიონსა და თასის მფლობელს, თბილისის "ლოკომოტივს" 31 წუთში 25:0-ს უგებდე, ხუმრობა საქმე როდია.

"არმაზის" მორაგბეები ამ შეხვედრას კარგად მომზადებულნი, მაქსიმალურად მობილიზებულნი შეხვდნენ. შეუიარაღებელი თვალითაც შესანიშნავად ჩანდა, რომ მეტოქის თამაში დეტალურად ჰქონდათ შესწავლილი და თითქმის ყველაფერზე კონტრარგუმენტი გააჩნდათ.

რკინიგზელთა ძლიერი მხარე მუდამ იყო მძლავრი და მობილური შერკინება. აშკარად ჩანს, რომ წლეულს გუნდი უწინდელისგან განსხვავებული რაგბის თამაშს ცდილობს. თუ აქამდე ლოკომოტიველები მორკინალთა აიღე-მიეძალეს ხერხით ცდილობდნენ ფონს გასვლას, ახლა უკვე თამაშის მწყობრი სისტემის აწყობას ცდილობენ და ხელდახელ სულ უფრო მეტად ბურთაობენ.

"არმაზმა", ანგარიშიდანაც კარგად სჩანს, რომ მეტოქეს პირველ ნახევარში ყველა კომპონენტში აჯობა, რასაც ვერაფრით ვიტყვით მეორე ნახევარზე. შესვენების შემდეგ "ლოკომოტივი" საგრძნობლად გააქტიურდა და, როგორც სჩვევია, აგრესიულად ამოქმედდა. არმაზელებმა მათ ვეღარაფერი დაუპირისპირეს და მეორე ტაიმი 6:21 წააგეს. როგორც ჩანს, მათ ორი ტაიმის ერთ, მაღალ ტემპში თამაში ჯერ არ ძალუძთ.

მეტოქის ამ ნაკლის გამოყენებას, ცხადია, "ლელო" ეცდება, რომელმაც განვლილ ტურში მძიმე ბრძოლაში დაამარცხა გათამაშების დებიუტანტი "ილიაუნი ჯიქი". ამ ახალგაზრდულ გუნდთან თამაში ყველას უჭირს და შემთხვევითი სულაც არ არის, სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე რომ არის.

გამარჯვების მიუხედავად, "ლელოს" ხელმძღვანელები თამაშის ხარისხით უკმაყოფილონი იყვნენ. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ "არმაზთან" დაპირისპირებამდე დარჩენილ დროში ხარვეზების აღმოფხვრა შესაძლებელია და გამორიცხული არ არის, გუნდმა უფრო მობილიზებულმა ითამაშოს. ერთი სიტყვით, მე-8 ტურში "ლელო"-"არმაზის" დაპირისპირება საინტერესო სანახავი იქნება.

მეორეადგილოსან "არმიას" კი "ლელოზე" ბევრად უფრო იოლი პრობლემა ექნება გადასაჭრელი. ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი რუსთავის "ხარებს" ეთამაშება, რომელმაც განვლილ ტურში შინ დიდი ანგარიშით წააგო ქუთაისის "აიასთან" - 13:50. ძნელი სათქმელია, რა პრობლემები აწუხებს რუსთავურ გუნდს.

ასეთი დიდი სხვაობით მარცხს ნამდვილად არავინ ელოდა. მით უფრო, რომ ქუთათურებთან ტრადიციულად უშეღავათო ბრძოლას მართავდნენ.

"აია" კი, როგორც ჩანს, სათამაშო ფორმის პიკს უახლოვდება. მომდევნო ტურში ქუთაისელი მორაგბეები შინ აუტსაიდერ "აკადემიას" უმასპინძლებენ, რომელთანაც სავარაუდოდ, გამარჯვების მიღწევა არ უნდა გაუჭირდეთ.

პირველი წრის ბოლო ტურში კი "აიას" მეტოქე ბოლოსწინა ადგილზე მყოფი თბილისის "ყოჩები" იქნება. ქუთათურებს შანსი აქვთ, ორივე თამაში მოიგონ და პირველი წრის შედეგებით საპლეიოფო ოთხეულში დაიმკვიდრონ ადგილი.

სატურნირო მდგომარეობა

გუნდი
1 ლელო 7 6 0 1 +103 28
2 არმია 7 6 0 1 +81 27
3 არმაზი 7 5 0 2 +36 21
4 აია 7 4 1 2 +35 20
5 ჯიქები 7 4 0 3 +19 19
6 ლოკომოტივი 7 2 1 4 -2 14
7 ბათუმი 6 2 0 4 -28 10
8 ხარები 6 2 0 4 -58 9
9 ყოჩები 7 1 0 6 -58 7
10 აკადემია 7 1 0 6 -126 5

VIII ტური
ბათუმი-ილიაუნი ჯიქი, არმაზი-ლელო, ლოკომოტივი-ხარები, აია-აკადემია, არმია-ყოჩები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული