საქართველოს ჩემპიონატი: "ლელომ" საჩემპიონო ამბიციის საფუძვლიანობა დაამტკიცა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ლიდერმა თბილისის "ლელომ" მიმდინარე გათამაშების აღმოჩენას, თბილისის "არმაზს" 27:11 მოუგო და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა.

არმაზელებმა კი მესამე საფეხურიდან მეოთხეზე გადაინაცვლეს და პოზიცია ქუთაისის "აიას" დაუთმეს.

მე-8 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ყველა უშეღავათო ბრძოლას ელოდა. იმთავითვე შეიძლება ითქვას, რომ ის ნაწილობრივ გამართლდა. მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა არმაზელებმა მეტოქეს მხოლოდ მატჩის პირველ ნახევარში გაუწიეს.

თუმცა აქაც "ლელო" საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. პრობლემა ის იყო, რომ შეტევის დასკვნით ფაზაში მორაგბეები არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და მთელი ნაშრომი წყალში იყრებოდა.

"ლელომ" სამი აშკარა სალელოვე შეტევა
საწყის 20 წუთში გაანიავა. დროის ამ მონაკვეთში ლელოელები დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. თუმცა, ერთადერთი, რაც მათ მოახერხეს, მე-15 წუთზე ანგარიშის საჯარიმოდან გახსნა იყო. "ლელოს" ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა ზუსტად 35 მეტრიდან დაარტყა - 3:0.

"არმაზი" თავს, როგორც შეეძლო, იცავდა და პირველად მეტოქის 22-მეტრიან ზონაში მე-19 წუთზე შეაღწია. სამ წუთში გარემარბმა ლაშა სირაძემ საჯარიმოთი ანგარიში გაქვითა - 3:3. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არმაზელებს ტრავმის გამო მგეზავი და ძირითადი დამრტყმელი დავით კიკნაძე აკლდათ.

მისი არყოფნა გუნდს ძალზედ დაეტყო, რადგან "არმაზი" ფეხით თამაშით მოედნის მოგებას ვერ ახერხებდა და შესაბამისად, ტაქტიკური უპირატესობის მოპოვებას ვერ უზრუნველყოფდა.

ანგარიშში დაწინაურება "ლელომ" 26-ე წუთზე შეძლო. მეტოქის მოედნის ნახევარზე დანიშნული საჯარიმო მგეზავმა ლაშა ხმალაძემ აუტში გადაიტანა.

"არმაზის" ლელოდან ხუთ მეტრში დერეფანი ლელოელებმა წააგეს. ბურთი მეტოქის შერკინების კვაჭის, გიორგი სოსელიას ნადავლი შეიქნა. მან ბრძოლაში უკან, თავისიანებისკენ მოისროლა ბურთი, რომელიც ჩათვლის მოედანში შეგორდა.

არმაზელებმა ფეხით გამოტანა სცადეს, მაგრამ "ლელოს" მესამეხაზელმა გიორგი ჭყოიძემ დააფარა და იქვე დაამიწა, ყიასაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 10:3.

ლელო საკმაოდ კურიოზული გამოდგა, რის შემდეგაც ლელოელებმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვეს.

შედეგად სათამაშო უპირატესობა მთელი ათი წუთის განმავლობაში "არმაზმა" იგდო ხელთ. მათ რამდენჯერმე სცადეს ხუთმეტრიანი დერეფნიდან მოლის მიძალებით ფონს გასვლა, მაგრამ "ლელოს" შერკინება და დაცვა შესანიშნავად გაისარჯა.

"არმაზმა" ანგარიშის შემცირება მაინც მოახერხა. 32-ე წუთზე სირაძემ საჯარიმო გაიტანა - 6:10. ორივე გუნდის დიდი მონდომების მიუხედავად, ანგარიში ტაიმის ბოლომდე უცვლელი დარჩა.

შესვენების შემდეგ "ლელოს" უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც ანგარიშშიც აისახა. მეორე ტაიმის საწყისი ათი წუთი თითქმის თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ მერე, 13 წუთის განმავლობაში ჩემპიონატის ლიდერებმა ზედიზედ სამი ლელო გაიტანეს და მატჩში გამარჯვებულის ვინაობა თამაშის დასრულებამდე 17 წუთით ადრე გაირკვა.

ლელოელებმა მეტოქის ჩათვლის მოედანში მეორედ 52-ე წუთზე შეაღწიეს. მათ მორიგი დერეფანი მარჯვენა ფრთაზე, "არმაზის" ლელოდან 20 მეტრში მოიგეს.

მეორეხაზელმა ბექა ნიკოლაიშვილმა შესანიშნავი რეიდი განახორციელა და ზედ ჩათვლის მოედანთან შეაჩერეს. ცხრა ნომერმა გიორგი კაჭარავამ ბურთი რაკიდან აიტაცა და მარცხნივ კიდევ ერთ მეორეხაზელს, სანდრო ქოიავას გადააწოდა, რომელმაც ლელო კარის ძელებს შორის გაიტანა. ყიასაშვილს გარდასახვა არ გასჭირვებია - 17:6.

ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო სოლიდური შვიდ წუთში გახდა. "ლელომ" საჯარიმოდან ბურთი აუტში ორჯერ ზედიზედ გადაიტანა.

მეორედ ბურთი ლელოელებმა დერეფანში მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში ააგდეს, მოლი შეკრეს, დაიძრნენ და მძლავრი ბიძგებით ლელოში შევიდნენ.

ბოლოს ბურთით ხელში შერკინების კვაჭი რეზო ბელქანია იყო. გარდასახვა მგეზავმა ლაშა ხმალაძემ დაარტყა და ვერ გაიტანა. მანვე სამიოდ წუთით ადრე საჯარიმოს წარმატებით რეალიზებაც სცადა, მაგრამ ისიც გაუცუდდა - 22:6.

"ლელოს" უპირატესობა არც ამის შემდეგ დაუთმია და ის, რაც 63-ე წუთზე გარემარბმა ირაკლი გეგენავამ ჩაიდინა, დიდი რაგბის მშვენიერი ნიმუშია.

ლელოელები მოედნის შუაგულში ცდილობდნენ მეტოქის დაცვის ხაზის გაჭრას. რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ კაჭარავამ მარჯვნივ კიდესკენ გრძელი გადაცემით შეტევაში გეგენავა ჩართო, რომელიც თავის ჩვეულ სტილში, მაღალი სიჩქარით, "არმაზის" რამდენიმე მორაგბეს ხელიდან გაუსხლტა და ლელოში შეაღწია. გარდასახვა ამჯერად ყიასაშვილმა ვერ გაიტანა - 27:6.

მართალია, თამაშის დამთავრებამდე დარჩენილ დროში ამ მატჩის გადარჩენა შეუძლებელი იყო, თუმცა "არმაზმა" მაინც ბოლომდე იბრძოლა, ტემპს უმატა და შვიდ წუთში პრესტიჟის ლელოც გაიტანა.

არმაზელებმა ხუთმეტრიანი დერეფანი სუფთად მოიგეს, მოლი შეკრეს და მიუხედავად იმისა, რომ ლელოელები მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ, ჩათვლის მოედანში მაინც შეაღწიეს. ბოლოს ბურთით ხელში შეცვლაზე შესული მეორეხაზელი გიორგი ჭელიძე იყო, გარდასახვა ნიკა პინაშვილს გაუცუდდა - 11:27.

"ლელომ" პრემიალური ქულის აღებაც შეძლო და უახლოეს მდევარ ჩემპიონს, "არმიას" ერთი ქულით უსწრებს.

არმაზი-ლელო 11:27
არმაზი (15-9) ჩხაიძე, ხელიაშვილი, მაჩხანელი, კაიფაჯიანი, სირაძე (პინაშვილი 46), პ. მაისურაძე, მჟავანაძე. (1-8) ბეჟიაშვილი, სოსელია, ბუკია, ჯიშკარიანი, ესართია (ჭელიძე 41), კანდელაკი, მინაშვილი, თიგიშვილი.
ლ: ჭელიძე. 2ს: სირაძე.
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ზაალიშვილი, ანდღულაძე, ცერცვაძე, გეგენავა, ხმალაძე, კაჭარავა. (1-8) გოგიშვილი (სანიკიძე 50), ბელქანია, სუჯაშვილი (კვერნაძე 75), ნიკოლაიშვილი (ხორბალაძე 75), ქოიავა, სურგულაძე, დარასელია, ჭყოიძე.
4ლ: ჭყოიძე, ბელქანია, ქოიავა, გეგენავა. 2გ,ს: ყიასაშვილი.
მსაჯი: ნოდარ რობიტაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული