საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი: პირველი წრე "ლელომ" მოიგო

AutoSharing Option
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი IX ტურის შეხვედრები გაიმართა.

ლელო-ხარები 27:0
ლელო (15-9) ყიასაშვილი, გეგენავა, კოპაძე, ცერცვაძე, ნიჟარაძე, ხმალაძე, კაჭარავა. (1-8) გოგიშვილი (სუჯაშვილი 43), ბელქანია, ბარბაქაძე (სანიკიძე 43), ხორბალაძე (დარასელია 51), ჭეიშვილი, ქოიავა, კოლელიშვილი (ჭყოიძე 65), ნიკოლაიშვილი.
4ლ: ყიასაშვილი (2), გეგენავა, ნიკოლაიშვილი. 2გ: ყიასაშვილი, ხმალაძე. ს: ყიასაშვილი.

ხარები (15-9) თეგეთაშვილი, მელიქიშვილი, ღამბარაშვილი, კიკნაძე (ნათელაშვილი 57), მურადაშვილი, წიკლაური, ჯიმშელაძე. (1-8) მაჭარაშვილი (შაშიაშვილი 56), აღაშვილი, საბაშვილი, ივანაშვილი (ხარძიანი 67), ქარუხნიშვილი, ქვლივიძე, გოგიაშვილი, მარტიაშვილი (ხვიჩია 45).
სინბინი: გოგიაშვილი.

მსაჯი: ნოდარ რობიტაშვილი

საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე
თბილისის "ლელომ" მოიგო. ბოლო, მე-9 ტურის მატჩში ლელოელებმა "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" რუსთავის "ხარებს" უმასპინძლეს და მშრალი ანგარიშით დაამარცხეს - 27:0.

რუსთაველმა მორაგბეებმა გათამაშების ლიდერს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა მატჩის პირველ ნახევარში გაუწიეს.

თამაში "ლელომ" აქტიურად დაიწყო და თავიდანვე ათ წუთში ორი სალელოვე შეტევაც განახორციელა, თუმცა ყოველივე იმით დასრულდა, რომ მე-12 წუთზე ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა ანგარიში საჯარიმოთი გახსნა - 3:0.

ამის მერე თითქმის მთელი 15 წუთის განმავლობაში უპირატესობას "ხარები" დაეუფლნენ. სტუმრები საკმაოდ მწყობრად უტევდნენ, ეფექტურადაც ირჯებოდნენ, მაგრამ "ლელოს" დაცვა ვერ დაძლიეს.

ამის მიუხედავად, მათ მაინც შეეძლოთ ანგარიშში დაწინაურება, მაგრამ მგეზავმა მიხეილ წიკლაურმა ხელსაყრელი პოზიციიდან ორი საჯარიმო ვერ გამოიყენა.

სამაგიეროდ, "ლელომ" 32-ე წუთზე შედეგიანი იერიში განახორციელა. შეტევა მოედნის საკუთარი ნახევრიდან შერკინების კვაჭმა რეზო ბელქანიამ წამოიწყო. მან ცენტრამდე იარა, მერე მარჯვენა ფრთაზე გარემარბმა ირაკლი გეგენავამ გაინავარდა და მეტოქის 22-მეტრიან ზონაში შეაღწია. იქ წარმოქმნილი რაკიდან ცხრა ნომერმა გიორგი კაჭარავამ ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე მგეზავ ლაშა ხმალაძეს გაუტანა. ამან კიდესკენ ირაკლი ყიასაშვილს გადააწოდა, რომელმაც "ლელოში" უპრობლემოდ შეაღწია.

გარდასახვა მანვე დაარტყა და ვერ გაიტანა - 8:0. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ "ხარებმა" საწყის ათ წუთში კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც "ლელომ" შერკინების ბურჯები შეცვალა, მათი უპირატესობა კიდევ უფრო საგრძნობი გახდა და მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს.

51-ე წუთზე ლელოელთა კიდევ ერთი მრავალფაზიანი შეტევა, რომელიც იერიშის მიმართულების ხშირი ცვლით წარიმართა, მესამეხაზელმა ბექა ნიკოლაიშვილმა გარემარბის პოზიციიდან ლელოთი დაასრულა. ყიასაშვილმა გარდასახა - 15:0.

გათამაშების ლიდერის მანტიის შესანარჩუნებლად ლელოელებს მინიმუმ კიდევ ერთი ლელო სჭირდებოდათ. დიდი მცდელობის მიუხედავად, მათ ეს მხოლოდ მატჩის დასკვნით ხუთ წუთში მოახერხეს.

75-ე წუთზე მორიგი, ხელდახელ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ლელო ისევ ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა გაიტანა, თუმცა გარდასახვისას ამჯერადაც არაზუსტად გაისარჯა - 20:0.

"ლელო" ამას არ დაყაბულდა და შეხვედრის ბოლო წუთზე შეტევა, რომელშიც მთელმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, გარემარბმა ირაკლი გეგენავამ დაასრულა. გარდასახვა ამჯერად ხმალაძემ დაარტყა და გაიტანა - 27:0.

* * *
არმია-ბათუმი 31:16
არმია (15-9) ნინიძე, ტუჩაშვილი (გოგოლაშვილი 47), ჯიმშელაძე, თხილაიშვილი, გაბროშვილი, ბაირამაშვილი (კობახიძე 50), სამხარაძე (ჯინაშვილი 50). (1-8) კაკოვინი (ზაქაშვილი 47), მამუკაშვილი (მეკოკიშვილი 47), გურგენიძე (ხოსიტაშვილი 47), ჟღენტი (არჩუაშვილი 67), ცხადაძე, თხილაიშვილი, ბიწაძე, ბუჯიაშვილი.
4ლ: ჟღენტი, არჩუაშვილი, გოგოლაშვილი, ბუჯიაშვილი. 3ს: ბაირამაშვილი (2), კობახიძე. გ: ბაირამაშვილი.

ბათუმი (15-9) სვინტრაძე, ცისკარიშვილი, ევგენიძე, გოგიტიძე (მჭედლიშვილი 41), ოქროპირიძე (აშვეთია), მახარაშვილი, ქოპილაშვილი. (1-8) ხოჭოლავა (სულაბერიძე 46), კელენჯერიძე, მჭედლიძე (ბალიაშვილი 67), ჩირგაძე (ბერიძე 50), უჩავა (მეიშვილი 60), ნიბლაძე, კორტავა, დუმბაძე (გრძელიშვილი 41).
ლ: გრძელიშვილი. 3ს: მახარაშვილი (2), მჭედლიშვილი. გ: მახარაშვილი.

მსაჯი: თენგიზ ჩერგოლეიშვილი.

Sportall.Geსაქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი "არმია" გათამაშების ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება. არმიელებმა პირველი წრის ბოლო ტურში "ბათუმს" უმასპინძლეს და საკმაოდ საინტერესო ბრძოლაში 31:16 მოიგეს.

"არმიას" ტრავმების გამო ძირითადი შემადგენლობის თითქმის ნახევარი აკლია. სტუმრებს ამავე მიზეზით გიორგი ბეგაძე და ირაკლი გიორგაძე დააკლდათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, საწყისი 15 წუთის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ბათუმელი მორაგბეები ფლობდნენ.

დროის ამ მონაკვეთში მათმა მგეზავმა შავლეგ მახარაშვილმა ორი საჯარიმო გაიტანა, მანვე ერთი საჯარმო ვერ გამოიყენა და მეტოქის კარის დალაშქვრა არეკნით სამჯერ სცადა. სტუმართა გუნდის ქომაგთა სამწუხაროდ, სამივე დარტყმა არაზუსტი გამოდგა - 6:0.

"არმია" გონს მე-20 წუთიდან მოეგო. მგეზავმა ლაშა ბაირამაშვილმა ასევე ორი საჯარიმო გაიტანა და ანგარიში 25-ე წუთზე გაქვითა - 6:6.

დაწინაურება კი არმიელებმა ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მოახერხეს. ხუთმეტრიანი დერეფნიდან მათ მოლი ააგორეს, მერე შეტევა მარჯვნივ გრძელ ფრთაზე განაგრძეს. იქ წარმოქმნილ რაკში მეტოქე უხვად ჩაითრიეს და ცხრა ნომერმა ბიძინა სამხარაძემ შეტევის მიმართულება შეცვალა. მან მარჯვნივ თანაგუნდელების რიცხობრივი უპირატესობა შენიშნა და იქით ხვიჩა ბუჯიაშვილს გადააწოდა, რომელმაც ბურთი მეტოქესთან ბრძოლაში ლელოში გადადო.

გარდასახვა ბაირამაშვილმა ვერ გაიტანა - 11:6.

მეორე ნახევარში ბრძოლა იგივე სცენარით 25 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. "არმია", მართალია, გააქტიურდა, მაგრამ "ბათუმი" საგრძნობლად დაწინაურების საშუალებას არ აძლევდა.

47-ე წუთზე არმიელებმა მორიგი ლელო მიითვალეს. ისევ აუტი, ისევ მოლი და ამჯერად მეორეხაზელმა გიორგი ჟღენტმა იყოჩაღა. ბაირამაშვილმა გარდასახა - 18:6.

ბათუმელებმა ანგარიშში სხვაობის ხუთ ქულამდე შემცირება ათ წუთში შეძლეს. შეტევა მარჯვენა ფრთაზე განვითარდა. "არმია" იქ რამდენჯერმე დაჯარიმდა. სტუმრები მორკინალების მიძალებით ცდილობდნენ ფონს გასვლას. ბოლოს ბურთი შეცვლაზე შესულმა დავით გრძელიშვილმა აიტაცა და ლელოში შეაღწია. მახარაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 13:18.

ამის მერე გუნდებმა სამწუთიანი შუალედით თითო საჯარიმო გაიტანეს - 21:16.

დასკვნით ათ წუთში კი "არმიამ" მაინც მოახერხა მეტოქის საბოლოოდ გატეხვა და ორი ლელო მიითვალა, რის შედეგადაც ჩემპიონებმა ერთი პრემიალური ქულაც დაიმსახურეს.

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. IX ტური
აკადემია-ლოკომოტივი 19:10
აკადემია: 2ლ - მარგიანი, ბეგაშვილი. 3ს - წვერავა.
ლოკომოტივი: ლ - გასვიანი. ს,გ - კავთიძე.

ილიაუნი ჯიქი-არმაზი 19:20
ჯიქები: ლ - ოქრომელიძე. გ - კუპრეიშვილი. 4ს - კუპრეიშვილი (3), ხარაზიშვილი.
არმაზი: 2ლ - სოსელია, კიკნაძე. 2გს: კიკნაძე.

სატურნირო მდგომარეობა
გუნდი
1 ლელო 9 8 0 1 +146 38
2 არმია 9 8 0 1 +111 37
3 აია 9 6 1 2 +120 30
4 არმაზი 9 6 0 3 +21 25
5 ჯიქები 9 4 0 5 +12 21
6 ლოკომოტივი 9 3 1 5 +8 18
7 ბათუმი 8 3 0 5 -37 14
8 ხარები 8 2 0 6 -104 9
9 აკადემია 9 2 0 7 -185 9
10 ყოჩები 9 1 0 8 -92 7

X ტური
ილიაუნი ჯიქი-არმია, ბათუმი-აია, ყოჩები-ლოკომოტივი, აკადემია-ლელო, ხარები-არმაზი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული