საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. X ტური: ლელოების წვიმა "შევარდენზე"

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე გათამაშების ლიდერის თბილისის "ლელოსა" და ერთ-ერთი აუტსაიდერის თბილისის "აკადემიას" დაპირისპირებით გაიხსნა.

აკადემიელებმა "შევარდენის სანაკებო ბაზაზე" ამჯერად სენსაცია ვერ გამოაცხვეს და 13:34 დამარცხდნენ.

"ლელომ" თამაში უცნაური შემადგენლობით დაიწყო. მგეზავად ლაშა ხმალაძის ნაცვლად გარემარბი ირაკლი გეგენავა იდგა, ფულბეკის პოზიციაზე კი ლევან მაისაშვილმა ირაკლი ყიასაშვილის მაგივრად კიდევ ერთი გარემარბი ლექსო გუგავა დააყენა. შესაბამისად, პირველ ტაიმში თამაში ლელოელებს დიდად არ გამოუვიდათ. მეტიც, რომ არა "აკადემიას" დამრტყმელთა უზუსტობა, "ლელო" პირველ ნახევარს ორი ქულის სხვაობით დათმობდა.

"აკადემიამ" ანგარიში მე-4 წუთზე შერკინების კვაჭის
გიგა წვერავას
საჯარიმოთი გახსნა - 3:0. მოგვიანებით წვერავამ კიდევ ორჯერ დაარტყა საჯარიმოდან ლელოელთა კარში და ორივეჯერ არაზუსტად. თანაგუნდელის დახმარება შალვა დავითაშვილმა სცადა, მაგრამ მისი საჯარიმოც მიზანს ასცდა.

"ლელომ" ანგარიში მალევე, ორ წუთში გაათანაბრა. საჯარიმო გეგენავამ გაიტანა - 3:3. რვა წუთში კი გათამაშების ლიდერის ერთ-ერთი იერიში ლელოთი დასრულდა.

დერეფანში ბურთი საკუთარი 22-მეტრიანი მოედნის ხაზთან "აკადემიამ" უხეიროდ ააგდო და ის ლელოელთა ნადავლი შეიქნა.

მორკინალებმა რამდენიმე მოკლე დარტყმა კარის მიმართულებით განახორციელეს. ცხრა ნომერმა გიორგი კაჭარავამ მარცხენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა შენიშნა და ბურთი რაკიდან ხაზზე ირაკლი გეგენავას გაუტანა, ამან მოსხეპით კიდესკენ გარემარბ ზურაბ ზაალიშვილს გადააწოდა, რომელმაც ლელოში შეაღწია. გარდასხვა გეგენავამ გაიტანა - 10:3.

პირევლი ტაიმის დარჩენილი დრო ორმხრივ შეტევებში, უფრო ზუსტად შეცდომების თანხლებით წარიმართა, თუმცა ამით ვერცერთმა გუნდმა იხეირა.

Sportall.Geშესვენების შემდეგ მოედანზე ნომინალური მგეზავი ლაშა ხმალაძე გამოჩნდა, ოდნავ მოგვიანებით თამაშში ძირითადი შემადგენლობის სამი მორკინალიც ჩაერთო.

მეორე ნახევარი ორი წუთის დაწყებული იყო, როცა "ლელოს" პირველხაზელმა გიორგი სანიკიძემ ხაზი გაჭრა და მეტოქემ ჩათვლის მოედნიდან რვა მეტრში შეაჩერა.

წარმოქმნილი რაკიდან ბურთი მარჯვნივ გრძელ ფრთაზე გაათამაშეს, სადაც ლელოელები რიცხობრივ უმრავლესობაში იყვნენ. შესაბამისად, მესამეხაზელ გიორგი ჭყოიძეს ლელოს გატანა არ გასჭირვებია. გარდასახვა ხმალაძემ დაარტყა და ააცილა - 15:3.

"აკადემიამ" საპასუხო ლელო 15 წუთში გაიტანა. მათ მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში დერეფანში ბურთი ისევ უხეიროდ მოაწოდეს, მაგრამ მეტოქემ მისი დაჭერა ვერ შეძლო.

ბურთი ჩათვლის მოედანში შეგორდა და მას ყველა ადრე "აკადემიას" მეორეხაზელმა გიორგი ნებულიშვილმა მიუსწრო. გარდასახვა წვერავამ ვერ გაიტანა - 8:15.

აკადემიელებს თითქოს მატჩის გადარჩენის შანსიო გაუჩნდათ, მაგრამ "ლელომ" იგრძნო რა საფრთხე, უფრო მძლავრად ამოქმედდა.

65-ე წუთზე ხუთმეტრიან შერკინებაში "აკადემიამ" გარადუვალი ლელო წესის დარღვევით აირიდა, რის გამოც მატჩის არბიტრმა სავსებით სამართლიანად საჯარიმო ლელო დააფისირა. გეგენავამ გარდასახა - 22:8.

Sportall.Geსამ წუთში კი გარემარბმა სანდრო ნიჟარაძემ გამოიჩინა თავი. მოედნის საკუთარი ნახევრიდან მგეზავმა ლაშა ხმალაძემ ბურთი ფეხით მეტოქის ზურგს უკან დაჰკიდა, ყველაზე უმალ მასთან ნიჟარაძე გაჩნდა, რომელმაც ბურთი წინ ფეხით შეიცურა, მიჰყვა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. გეგენავამ ესეც გარდასახა - 29:8.

ნთელი გახდა, რომ "ლელო" მორიგ გამარჯვებას ხელიდან აღარ გაუშვებდა. თუმცა თამაშის ბოლომდე გუნდებმა თითო ლელო გაცვალეს.

ჯერ "აკადემიას" მგეზავმა გიორგი მარგიანმა იყოჩაღა. მერე კი მატჩის ბოლო წუთზე შეცვლაზე შესულმა "ლელოს" მესამეხაზელმა ლევან დარასელიამ მიითვლა მორიგი ლელო.

აკადემია-ლელო 13:34
აკადემია (15-9) დავითაშვილი, მაკაროვი (ვაშაკიძე 67), წასიძე, მოლოდინაშვილი, სუთიძე, მარგიანი, ჯ. ღამბაშიძე. (1-8) მაჩიტიძე, წვერავა, გ. ღამბაშიძე, ნებულიშვილი, ლურსმანაშვილი, გოგოლაძე (მაღლაკელიძე 46, ჭუაძე 67), თოდაძე, ჩხიკვაძე (გოგოლაშვილი 60).
2ლ: ნებულიშვილი, მარგიანი. ს: წვერავა.

ლელო (15-9) გუგავა, ზაალიშვილი (ხმალაძე 41), კოპაძე, ცერცვაძე, ნიჟარაძე (ყიასაშვილი 72), გეგენავა, კაჭარავა. (1-8) კვერნაძე (სუჯაშვილი 58), ბელქანია, სანიკიძე, ხორბალაძე (ჭეიშვილი 55), ქოიავა, კოლელიშვილი (დარასელია 77), წყოიძე, ნიკოლაიშვილი (სურგულაძე 62).
5ლ: ზაალიშვილი, ჭყოიძე, ნიჟარაძე, დარასელია, საჯარიმო. 3გ.ს: გეგენავა.
სინბინი: ქოიავა

მსაჯი: ნოდარ რობიტაშვილი

მეორე წრის გზაგასაყარზე
მეორე წრის პირველი ტურის სხვა მატჩებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს გათამაშების მეორეადგილოსანის, ქვეყნის ჩემპიონის "არმიას" დაპირისპირება დებიუტანტ თბილისის "ილიაუნი ჯიქთან".

არმიელებმა პირველი წრე, როგორც უკვე ვთქვით, მეორე ადგილზე დაასრულეს, რაც გუნდის ხელმძღვანელობისგან წარმატებად სულაც არ აღიქმება. ამ გუნდს ბევრად მეტი ამბიციები აქვს და, რომ არა მეორე ტურში ქუთაისის "აიასთან" განცდილი მარცხი, სატურნირო ცხრილის სათავეში იქნებდობდნენ.

სეზონის მიმდინარეობისას "არმიას" ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდა, ფრანგულ "მონ დე მარსანში" გადაბარგდა პერსპექტიული ახალგაზრდა შუამარბი თამაზ მჭედლიძე. ყოველივე ეს, ცხადია, გუნდის თამაშს დაეტყო კიდეც.

ტაიმნახევარს არმიელებს თითქმის ყველა გუნდი ტოლ-სწორად ეპაექრება, მაგრამ დასკვნით ფაზაში ჩემპიონები უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე გადიან ფონს.

"არმიასგან" განსხვავებით ახალგაზრდული გუნდია "ილიაუნი ჯიქი". მის შემადგენლობაში საქართველოს A და, მით უმეტეს ეროვნული ნაკრების მორაგბეები არ თამაშობენ. მიუხედავად ამისა, "ჯიქები" შესანიშნავად ასპარეზობენ და პლეი ოფში გასვლის ძალზედ კარგი შანსი აქვთ.

ტრავმებისა და სხვა გაუთვალისწინებელი პრობლემების გამო "ჯიქებმა" პირველ წრის ბოლოს ზედიზედ სამი თამაში წააგეს და სწოედ ამის გამო დაკარგეს ადგილი ოთხეულში.

პირველ წრეში ამ გუნდებს შორის შეხვედრა პირველივე ტურში გაიმართა და "არმიას" გამარჯვებით 35:19 დასრულდა.

საინტერესო ბრძოლა გაიმართება ბათუმში, სადაც შავიზღვისპირელები ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, მესამეადგილოსან ქუთაისის "აიას" მასპინძლობენ.

უცნაურია, მაგრამ "ბათუმი" შემადგენლობის მხრივ ჩემპიონატში არცერთ გუნდს არ ჩამოუვარდება, თუმცა 14 ქულით მეშვიდე ადგილზეა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმელებს ერთი მატჩი თადარიგში აქვთ, შინ რუსთვის "ხარებთან".

ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა "ბათუმი" არსებული პოტენციალის გამოყენებას, თუმცა ის კი ნამდვილად სავარაუდოა, რომ საკუთარ მოედანზე ნებისმიერ გუნდს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, მათ შორის "აიასაც".

"აიამ" სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ მეორე ტურის შემდეგ, რომელშიც ჩემპიონი "არმია" დაამარცხა, გუნდში რაღაც მოიშალა და ქუთათურები სამი ტურის განმავლობაში თამაშს ვერ იგებდნენ. როგორც ჩანს, გუნდის მწვრთნელებმა დროულად მოძებნეს ამის მიზეზი და პირველი წრის მეორე ნახევარში "აია" ყველსათვის ისევ მრისხანე მეტოქე გახდა.

პირველ წრეში "აიამ" შინ "ბათუმს" მძიმე ბრძოლაში მოუგო - 13:3.

წლევანდელი სეზონის აღმოჩენა თბილისის "არმაზი", რომელიც 25 ქულით მე-4 ადგილზეა, სტუმრად ითამაშებს რუსთავის "ხარებთან".

არმაზელები თავისი გამორჩეული თამაშის ხელწერით გამოირჩევიან, რომელშიც "პირველი ვიოლინოს" როლს გუნდის მგეზავი დავით კიკნაძე ასრულებს. მის გარეშე "არმაზი" მრისხანე ძალას სულაც არ წარმაოდგენს, რაც ლიდერთან, "ლელოსთან" მე-8 ტურის მატჩში და "ჯიქებთან" ბოლო ტურშიც კარგად გამოჩნდა.

ძნელი სათქმელია შეძლებენ თუ არა რუსთაველები კიკნაძის განეიტრალებას, მაგრამ იმის მტკიცება კი გადაჭრით შეიძლება, რომ "ხარები" მეტოქეს უშეღავათო ბრძოლას გაუმართავენ და, შესაძლებელია, "არმაზი" დამწუხრებულიც კი გამოისტუმრონ. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსთავული გუნდის ისედაც რთული სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

თბილისური გუნდები "ლოკომოტივი" და "ყოჩები" არცთუ დიდი ხნის წინათ ერთმანეთს ჩემპიონობისთვის ებრძოდნენ. ახლა რკინიგზელთა გუნდი პლეი ოფში, ანუ საუკეთესო ექვსეულში მოხვედრისთვის იბრძვის, "ყოჩები" კი ჩემპიონატის აუტსაიდერია.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, მათ შორის ბრძოლა ძველებურად უშეღავათო და საინტერესო იქნება.

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. X ტური
ილიაუნი ჯიქი-არმია, ბათუმი-აია, ყოჩები-ლოკომოტივი, ხარები-არმაზი.

სატურნირო მდგომარეობა
გუნდი
1 ლელო 10
9 0 1 +167 43
2 არმია 9 8 0 1 +111 37
3 აია 9 6 1 2 +120 30
4 არმაზი 9 6 0 3 +21 25
5 ჯიქები 9 4 0 5 +12 21
6 ლოკომოტივი 9 3 1 5 +8 18
7 ბათუმი 8 3 0 5 -37 14
8 ხარები 8 2 0 6 -104 9
9 აკადემია 10 2 0 8 -206 9
10 ყოჩები 9 1 0 8 -92 7

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული