რკინიგზელთა მეტოქე მე-10 ტურში აუტსაიდერი თბილისის "ყოჩები" იყო, რომელსაც ოთხი ლელო გაუტანა და 34:14 დაამარცხა, თუმცა ლოკომოტიველებმა პრემიალური ქულის აღება მაინც ვერ მოახერხეს, რადგან მეტოქემ საპასუხოდ ორი ლელო მიითვალა.
"ყოჩებმა" მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა პირველი ტაიმის 25 წუთის განმავლობაში გაუწია და უგებდა კიდეც მინიმალური სხვაობით - 7:6. ანგარიში ლოკომოტიველებმა მატჩის მე-11 წუთზე ვახტანგ კავთიძის საჯარიმოთი გახსნეს. მანვე სამ წუთში ექვსი ქულით დააწინაურა თავისიანები - 6:0.
24-ე წუთზე კი ყოჩებმა პირველი
შეტევის მიმართულება რამდენჯერმე შეიცვალა, რკინიგზელები თავგანწირვით იბრძოდნენ დაცვაში, მაგრამ ერთ-ერთ ეპიზოდში შუამარბი მალხაზ ქუშაშვილი ვეღარ შეაჩერეს. გარდასახვა მგეზავმა გიგი გაბუნიამ გაიტანა - 7:6.
გაშვებულმა ლელომ ლოკომოტიველებზე კატალიზატორივით იმოქმედა და ტაიმის დასრულებამდე დარჩენილ 15 წუთში სამი ლელო გაიტანეს.
27-ე წუთზე რკინიგზელთა ფულბეკმა ბექა წიკლაურმა ბურთი მოედნის საკუთარი ნახევრიდან მეტოქის 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან გადაიტანა.
"ყოჩების" მცველები ვითარებაში ვერ გაერკვნენ - ბურთი საკუთარი ლელოსკენ მოისროლეს. წიკლაური მიჰყვა და ჩათვლის მოედანში უპრობლემოდ შეაღწია. საკმაოდ კურიოზული ლელო კავთიძემ გარდასახა - 13:7.
ექვს წუთში "ლოკომოტივმა" მორიგი იერიში მოედნის საკუთარი ნახევრიდან წამოიწყო. მარცხენა ფრთაზე გარემარბმა სანდრო ქავთარაძემ იაქტიურა. მას შერკინების პირველხაზელი ლადო გუნიავა წამოეშველა. მეტოქის 22-მეტრიან ზონაში წარმოქმნილი რაკიდან ბურთი მეორეხაზელმა ლაშა თავბერიძემ აიტაცა და ჩათვლის მოედანში შევიდა. კავთიძემ ამჯერადაც გარდასახა - 20:7.
ტაიმის დასრულებამდე ორი წუთი იყო დარჩენილი, როცა რკინიგზელთა მრავალფაზიანი შეტევა გარემარბმა გიორგი ბიწაძემ კიდევ ერთი ლელოთი დაასრულა. კავთიძემ ესეც გარდასახა - 27:20. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ "ყოჩებმა" უკეთ ითამაშეს, ვიდრე პირველ ტაიმში. საწყის ათ წუთში კი მათი უპირატესობა გამოიკვეთა. 46-ე წუთზე "ყოჩებმა" მორიგი მრავალფაზიანი იერიში წამოიწყეს. გადამწყვეტ მომენტში მეტოქის ხაზი გარემარბმა თორნიკე ხულელიძემ გაჭრა და ლელო გაიტანა. გაბუნიამ გარდასახა - 14:27.
ეს ანგარიში მატჩის 70-ე წუთამდე შენარჩუნდა. ცხადია, "ყოჩებს" მატჩის გადარჩენის შანსი აღარ ჰქონდათ, "ლოკომოტივი" კი ცდილობდა, პრემიალური ქულაც მოეპოვებინა. საამისოდ ორი ლელო სჭირდებოდა, თუმცა მხოლოდ ერთის გატანა მოახერხა.
რკინიგზელებმა ხუთმეტრიანი დერეფანი იოლად მოიგეს, მოლი შეკრეს, დაიძრნენ, მაგრამ თამაში რაკში გადავიდა. მორკინალებმა რამდენიმე მოკლე დარტყმა განახორციელეს და ბოლოს ბურთი ლელოში შეცვლაზე შესულმა ლაზარე მარსაგიშვილმა შეიტანა. გარდასახვა ამჯერად ზუსტად წიკლაურმა დაარტყა - 34:14.
ყოჩები-ლოკომოტივი 14:34
ყოჩები (15-9) კვარაცხელია (სიორიძე 57), აბრამალაძე, გარუჩავა, ქუშაშვილი, ხულელიძე (კობაური 60), გაბუნია, ჯაფარიძე (ხელაძე 62). (1-8) ესაკია (ჭიღლაძე 70), ცუცქირიძე, შენგელია, ბელაშვილი, ტვილდიანი, გუგეშაშვილი, წიკლაური (მახარაშვილი 59), მალაღურაძე.
2ლ: ქუშაშვილი, ხულელიშვილი. 2გ: გაბუნია.
ლოკომოტივი (15-9) წიკლაური, ბიწაძე, ჭურღულია, ხუციშვილი, ქავთარაძე, კავთიძე (კობერიძე 67), ღვინჯილია. (1-8) გასვიანი, გენებაშვილი, გუნიავა (მარსაგიშვილი 60), ცუხიშვილი (ღუდუშაური 58), თავბერიძე (ფოფხაძე 56), ხოლუაშვილი, ახვლედიანი, მაისურაძე.
4ლ: წიკლაური, ბიწაძე, მარსაგიშვილი, თავბერიძე. 4გ: კავთიძე (3), წიკლაური. 2ს: კავთიძე.
სინბინი: ხოლუაშვილი.
მსაჯი: პაატა ტყაბლაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"